საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს და დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 21:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს და დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს სერ საიმონ მაკდონალდს შეხვდა. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც დინამიკურად ვითარდება „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში. ამასთან, პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად მიმდინარე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ყურადღება დაეთმო ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადებას, ქართული მხარის მოლოდინებს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს. ასევე ხაზი გაესვა ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით ალიანსის წევრი ქვეყნების, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს შემდგომი, აქტიური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მძიმე მდგომარეობა. მან კონკრეტულად ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“, რომელიც არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო დამძიმების პრევენციას ემსახურება, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებსა და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.
სერ საიმონ მაკდონალდმა, თავის მხრივ, დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

წაკითხულია 277 ჯერ

Related items

  • დიასპორა - 2019 - ის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ENIGMMA 2-ის („მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“) ფარგლებში, აგრძელებს მუშაობას დიასპორის ჩართულობის საკითხებზე. პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2019 წლის გაზაფხულზე მართავს რიგით მეორე  ღონისძიებას სახელწოდებით „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის მიზანია ქვეყნისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების აღიარება.

    ღონისძიების პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების ნომინირება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:

    • მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
    • ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
    • ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის
    • საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
    • სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისათვის
    • საქართველოს უცხოელი მეგობარი

    კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 1 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით.

  • რეკომენდაცია ლიბიაში გამგზავრების სურვილის მქონე საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

    ლიბიაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის  გამო,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბიაში გამგზავრებისა და მის ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო გზით, ვინაიდან ადგილზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედითი დახმარება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს ლიბიის ტერიტორიაზე.

  • მინისტრის მოადგილემ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კიმ სე-ვუნგთან.

    კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კიმ სე-ვუნგმა მადლობა გადაუხადა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს 2018 წლის 16 დეკემბერს გამართულ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვევისათვის და წარმატება უსურვა საქართველოს ახალ პრეზიდენტს სამომავლო საქმიანობაში.

    შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები.
    მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში კორეელი ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა, რასაც ქვეყნებს შორის 2018 წლის მაისში განხორციელებულმა პირველმა პირდაპირმა ჩარტერულმა რეისებმა შეუწყო ხელი. კიმ სე- ვუნგმა აღნიშნა, რომ მომატებული ვიზიტორების შედეგად, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცნობადობა ამაღლებულია, რაც პერსპექტიულს ხდის კორეაში ქართული ღვინის ექსპორტს.

    შეხვედრის დასასრულს, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და მას დაკავებულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2019 წელს განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.

  • დავით ზალკალიანი: სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია

    საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთსაქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებსა დაღონისძიების სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნამათი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში.

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს პრმიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებში ასახვის გამო და აღნიშნა პრემიერის პირადი ჩართულობა იმ მრავალ წარმატებაში, რაც საგარეო ურთიერთობის კუთხით ქვეყანას გააჩნია.

    „მადლიერი ვართ, რომ თქვენს მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებში, პირველ ადგილზე დააყენეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაცია. სწორედ თქვენმა ჩართულობამ და მნიშვნელოვანმა აქტიურობამ მიმდინარე წელს საქართველოს მოუტანა ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ამაზე მეტყველებს მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები, გადაწყვეტილებები, თანამშრომლობის ახალი ფორმატები და სხვა”- განაცხადა მინისტრმა.

    მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პარლამენტის ჩართულობა საგარეო პოლიტიკური ამოცანების რეალიზებაში და ამ მხრივ ყურადღება გაამხივა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდგომ პარლამენტის როლზე. „მადლობა, რომ ზედიზედ მესამე წელია გვმასპინძლობთ პარლამენტის შენობაში ქართველ დიპლომატებს.  საკანონდმებლო ორგანოსთან მჭიდრო კოორდინაციით ჩვენ მნიშვნელოვნად განვავითარეთ პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ახალი კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში და რომელიც ასრულებს ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესს, ზრდის  პარლამენტის როლს, რაც ჩვენი შემდგომი, უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველი გახდება”-განაცხადა მინისტრმა.

    დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ტრადიციად დამკვიდრებისათვის. „რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია,  დარწმუნებული ვარ, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ერთად ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს სწორედ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია და გვახსოვს მის მიერ ჩატარებული ამბასადორიალი ბათუმში.“-აღნიშნა ზალკალიანმა.
     
    მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ღონისძიების უცხოელ სტუმრებზე. წელს ელჩების კონფერენციაში მონაწილებას მიიღებენ მოლდოვის ვიცე-პრემიერი და  უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი.  სპეციალურ სესიაზე მონაწილეები იმსჯელებენ რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე,  კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. „ჩვენ ბუნებრივია შევეხებით ბოლო სამწუხარო განვითარებებს აზოვის ზღვაში, ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული უგულვებელყოფით საფრთხეს უქმნის რეგიონულ და ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას.“-განაცხადა მინისტრმა.

    დავით ზალკალიამა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს  იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმინობისთვის, რასაც ისინი ეწევიან.  „თქვენ დგახართ საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გატარების წინა ხაზზე და მრავალი წელია ერთგულად ემსახურებით თქვენს სამშობლოს“-აღნიშნა ზალკალიანმა.   

    ელჩების კონფერენციის მონაწილეები ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 18-21 დეკემბერამდე გასტანს, შეაჯამებენ  2018 წლის შედეგებს, ისაუბრებენ  სამინისტროს მიღწევებსა და ახალ ინიციატივებზე,  გამართავენ  თემატურ შეხვედრებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში დიპლომატების, მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ასევე განიხილავენ 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

    მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ისაუბრა ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე.
     
    „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან ჩვენს ბავშვეს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკვირაო სკოლებში იხელმძღვანელონ უცხო ქვეყნისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოთი, რომელიც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას იყვნენ ჩართული ყველა იმ საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც  საქართველოში ხორციელდება. მსგავსი სახის პროექტები და ახალი ინიციატივები ჩვენ მომავალშიც გვექნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი დიასპორა იყოს უფრო აქტიურად ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
     
    ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე  და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე. ღონისძიების დასასრულს განხორციელდა  ტელე-ხიდი ქ.ბარსელონაში არსებულ საკვირაო სკოლასთან.
     
    სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების  პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი , რომელშიც 3000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს.
     
    აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ   დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში  სწორედ საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გაერთიანებული სწავლების პრინციპით.  საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.
     
    2017 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი  „ერთიანი ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომლის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური