ევროკომისრები ჰანი და გაბრიელი ბელარუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგში იღებენ მონაწილეობას
ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი 21-22 ივნისს მინსკში, ბელარუსში, მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში. ისინი განიხილავენ თანამშრომლობას ინიციატივის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ ფარგლებში გასული წლის ნოემბერში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ; გარდა ამისა, განხილული იქნება თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები ციფრული ეკონომიკის სფეროში ექვსი პარტნიორული ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ციფრულ საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრებთან ერთად. 21 ივნისს ევროკომისრები ხვდებიან ბელარუსის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის მინისტრს სერგეი პოპკოვს და იხილავენ ციფრულ სფეროში თანამშრომლობის გზებს, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მდგრადობის სფეროში, შემდეგ კი მონაწილეობას იღებენ პლენარულ სხდომაში ფართოზოლოვანი კავშირის ხელშეწყობის და რეგიონში როუმინგის ტარიფების მოგვარების საკითხებზე.
პარასკევს ევროკომისარი ჰანი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, რომელზეც განხილული იქნება საქმის ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საგარეო ინვესტირების გეგმა. ვიზიტის განმავლობაში მას ასევე ექნება ორმხრივი შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მინისტრებთან მაკეისა და პოპკოვთან; ევროკომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეკონომიკის და ციფრული ეკონომიკის სექტორებიდან. ვიზიტის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე EbS.