თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018 13:17

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ „თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდა. 18 ივნისს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 3 000-ამდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, ხოლო ხვალ საყოველთაო რეგისტრაციისთვის 11000-ზე მეტი ადგილია დარჩენილი.

„რეგისტრაციის მსურველები უნდა შევიდნენ kids.org.ge-ზე, სადაც გახსნიან აპლიკაციას და მისი შევსების შედეგად დაარეგისტრირებენ ბავშვს. რაც შეეხება ადგილებს, წელს საერთო ჯამში 15 000-მდე ადგილი გვაქვს. წინა წელთან შედარებით ადგილების რაოდენობა 3 000-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქმნება თუ არა საიტზე ტექნიკური პრობლემები, რის გამოც მშობლები რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს გარკვეულ უბნებში მდებარე ბაღებზე მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული. 

„არის ბაღები, სადაც მოთხოვნა მაღალია, თუმცა ბაღი ყველას ვერ დააკმაყოფილებს. ეს ბაღებია ძირითადად საბურთალოზე, ვაკის რაიონში, ჩუღურეთში და ა.შ. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება სწორედ ეს უკმაყოფილება. როცა არის 300 - ადგილიანი ბაღი, იქ 500 ბავშვს ვერ მივიღებთ. ასე რომ, ეს ტექნიკური პრობლემა არ არის“, - განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თითო ჯგუფში საშუალოდ 45 ბავშვია გათვალისწინებული.

ჯგუფში გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით გვანცელაძემ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელთა რაოდენობა ჯგუფში 45-ს გადააჭარბებს, მისი თქმით, გაიზრდება აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ვმუშაობთ გადატვირთულობის საკითხზე. ამისათვის ვაშენებთ ახალ კორპუსებსა და ახალ ბაღებს. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ბევრი ბავშვია ჯგუფში, იქ ჩვენ ამის საშუალებას აუცილებლად გვაძლევს სივრცე და ამასთანავე ვამატებთ აღმზრდელებს და აღმზრდელის თანაშემწეებს. ასეთ დროს მხოლოდ ორი აღმზრდელი არ არის ჩართული სააღმზრდელო პროცესში“, - განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისი ინფორმაციით, 9 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ორ ბაგა–ბაღს კი ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება. გვანცელაძის თქმით, მომავალ წელს კიდევ 10 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე, 18 ივნისს რეგისტრაცია გაიარეს სოციალურად დაუცველმა 100 000 -ზე დაბალი ქულის მქონე ოჯახების შვილებმა, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა იმ ოჯახის ბავშვებმა, რომელთა დედმამიშვილები სკოლამდელ დაწესებულებაში უკვე არიან დარეგისტირებული და ასევე 2015 წლის 13–14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა.

წაკითხულია 402 ჯერ

Related items

  • პოლიტიკური დებატები საბავშვო ბაღების საკითხზე

    საბავშვო ბაღებიდან დირექტორებისა და მათი მოადგილეების გათავისუფლების საკითხი დღეს განათლების კომიტეტში განიხილეს. სხდომას გათავისუფლებული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, თუმცა, საკითხის განხილვამდე დებატები გაიმართა იმის შესახებ, უნდა ემსჯელა თუ არა განათლების კომიტეტს ამ საკითხზე.

    როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ გიშინ სპეციალური წერილით მიმართა განათლების კომიტეტის ხელმძღვანელს და მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ გამართულიყო.

    საბოლოოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა მაინც მოხდა. სხდომას ესწრებოდნენ როგორც გათავისუფლებული დირექტორები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყოფილი ხელმძღვანელები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

     

  • საბავშვო ბაღების მოსწავლეების მშობელების პროტესტი მერიასთან

    საბავშვო ბაღების მოსწავლეების მშობელები მერიასთან შეიკრიბნენ და  იმ 9 საბავშვო ბაღის დირექტორთა თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ, რომლებიც, ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლდნენ. 

    მშობლებმა მოამზადეს წერილობითი განცხადება, რომელიც ჩააბარეს მუნიციპალიტეტში.

    მერიასთან შეკრებილები უკვე გადაინაცვლებენ საკრებულოში, სადაც ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენლები მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდებიან.

    თემურ თორდინავამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა დირექტორების გათავისუფლების მიზეზები. მისი განცხადებით ეს მოხდა შიდა მონიტორინგისა და აუდიტის დასკვნის და ასევე, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის საფუძველზე. 

     

  • დავით ნარმანია ბაღებში დირექტორების გათავისუფლებას ეხმაურება

    ბაღებში დირექტორების გათავისუფლების ფაქტს თბილისის მერი  ეხმაურება.

     დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ბაღების მართვის სააგენტომ აუდიტის დასკვნის წესდების საფუძველზე სამართლებრივად მოახდინა დირექტორების პოსტებიდან მოხსნა. 

    ნარმანია გათავისუფლებულ თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ თუ ისინი თავს უკანონოდ გათავისუფლებულად თვლიან, მიმართონ სასამართლოს. 

  • ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მასწავლებლებს ულტიმატუმს უყენებს

    თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მასწავლებლებს ულტიმატუმს უყენებს.

    თემურ თორდინავა ბაგა ბაღების ყველა თანამშრომელს მოუწოდებს, ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში და ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს.

    თორდინავა დარწმუნებულია, რომ ვითარების პოლიტიზების მცდელობა მიმდინარეობს, რაშიც რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საბავშვო ბაღებში ხვალიდან სასწავლო პროცესი არ განახლდება, თორდინავა მასწავლებლებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება. 

  • ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის და აღსაზრდელთა მშობლების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

    ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავასა და 83-ე და მე-2 ბაღების მშობელთა შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა . მშობლები ბაღების დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მათ შესაძლოა 25 მარტს 2 საათზე საპროტესტო აქცია გამართონ. თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღში დღეს დილიდან მუშაობა შეწყვეტილია.  მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, ბაღებში ბავშვების მიყვანაზე უარს ამბობენ მშობლებიც. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური