გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018 18:50

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

"ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

წაკითხულია 263 ჯერ

Related items

  • ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე

    მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო  ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

    ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშე მისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს ვითარების გარკვევას. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესს ესწრებოდნენ როგორც შესაბამისი პოლიტიკური  პარტიის წარმომადგენელი, ისე ცესკოს თანამშრომლები და წევრები.

    ამასთან, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა შეტყობინებები და ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის  მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს.  

    აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკოს მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში - პროკურატურაში რეაგირებისთვის.

    რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცესკოს მხრიდან  ჟურნალისტებისთვის არანაირი ინფორმაცია და მონაცემები არ გადაცემულა.

  • მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ წარმატებული ვიზიტი აზერბაიჯანში ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას

    საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული  პარტნიორები; ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი გლობალური მნიშვნელობის პროექტის რეალიზაცია შევძელით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის  რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

    "ვიმსჯელეთ იმ ახალ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც ერთობლივად შეგვიძლია და რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამასთან ერთად, ძალიან კონკრეტული  ამოცანები დავისახეთ. წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იქნება დაახლოებით 1 მილიარდის ფარგლებში და  ვფიქრობთ, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამ ციფრის 50-60%-ით გაუმჯობესება. ამასთან ერთად შევთანხმდით, რომ შევისწავლით ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობებს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან ასევე ჩინეთთან. აზერბაიჯანი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ განათლებისა და კულტურის სფეროში, თუმცა აქ არსებობს საკითხები, რომლებსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება. 

    "ჩვენ ამავე დროს შევთანხმდით, რომ რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, გვექნება დამატებითი კონსულტაციები. დღეს ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არ ეხება მომსახურების სფეროს. აქაც დამატებით კვლევებს ჩავატარებთ და ვფიქრობთ, ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაზრდას. იყო ძალიან კარგი, ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

    აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

    ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

    იხილეთ: http://info.police.ge/uploads/5b7bd0fd97ef4.pdf

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავზე

    2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. 
     
    სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და შექმნა სახიფათო პრეცენდენტი დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგზე იერიშის მიტანის თვალსაზრისით. რუსეთის ქმედებები 2008 წელს ნაკარნახევი იყო ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძირის გამოთხრის ამბიციით.
     
    ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
     
    რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
     
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს
     ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, მუდმივი გატაცებები და უკანონო დაკავებები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ახდენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას. ამ უკანონო პროცესების შედეგად, არაერთი ოჯახი გაიყო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებსა და სასაფლაოებზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები აერთიანებს ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები, აგრეთვე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, რაც გაუსაძლისს ხდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას.
     
    მაშინ, როცა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველობა რჩება ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნედ. სამი დევნილი პირის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს და ეთნიკურ ნიადაგზე წახალისებულ ძალადობას.
     
    მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯების პასუხად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგს. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოს რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა პრობლემებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.  სრულად იცავს რა ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, საქართველომ არაერთხელ ცალმხრივად დაადასტურა და  პირნათლად ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში.
     
    ამავდროულად, საქართველომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურა ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობამ წარადგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე გაყოფილ საზოგადოებებს შორის ხალხთაშორისი კონტაქტებისა  და ნდობის აღდგენის გაძლიერებას.
     
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს საერთაშორისოსაზოგადოების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ. ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით.
     
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, შეცვალოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ აღიარების გადაწყვეტილება და სრულად მოახდინოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია.
     
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

  • პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრეს

    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების პროცესში.

    ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და გერმანული ინვესტიციების ზრდაზე საქართველოში, ასევე - განათლების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში.

    შეხვედრისას, საუბარი შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარემოსდაცვითი ხედვა - „მწვანე ეკონომიკა".

    პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური