დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩთან ორმხრივი ქართულ-ლატვიური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018 12:30

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. 
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩს დანიშვნა მიულოცა და უსურვა წარმატებული საქმიანობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოსა და ლატვიის სამომავლო ურთიერთობებზე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო - ლატვიის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის განვითარებაზე ელექტრონული სერვისების, სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭრისა და „მწვანე“ - ტექნოლოგიების მიმართულებით. 

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული კავშირები გაღრმავდება, ხოლო თანამშრომლობის მიმართულებები მრავალფეროვანი და უფრო ნაყოფიერი გახდება.  

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 

წაკითხულია 38 ჯერ

Related items

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - მაისში ექსპორტის ზრდამ ბოლო წლების რეკორდს მიაღწია

    „2018 წლის მაისში ექსპორტის რეკორდული - 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული - პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა გეოგრაფია იმ ქვეყნებისა, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს და ეს სია მალე ჰონგ კონგით და სხვა სტრატეგიული ბაზრებით გაიზრდება. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას უწყობს ხელს. ამასთან, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ გასაღების ახალი ბაზრების ათვისება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას.

    პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტი 2016 წლიდან ზრდის დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ექსპორტი 29.3%-ით გაიზარდა და 2,731 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე. 

    2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28.0%-ით გაიზარდა და 1 284.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  4 894.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, კერძოდ: 2018 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  1.7 პროცენტული პუნქტითაა გაუმჯობესებული.

    „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

  • დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. 

    აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო და რიგით მეორე ინვესტორი ქვეყანაა. ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქვეყნების ბიზნეს წრეებს შორის კავშირები ვითარდება, ხოლო საქართველოში თურქული კაპიტალის მოცულობა იზრდება. 

    შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. 

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს მთავრობის ხედვაა, ქვეყანა საინფორმაციო ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად აქციოს

    საქართველოს მთავრობის ხედვაა, ქვეყანა საინფორმაციო ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად აქციოს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა EuroDIG 2018 ფორუმის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

    მან ისაუბრა იმ ძირითად ხედვებზე და ინიციატივებზე, რომელიც მთავრობას საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით აქვს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა როგორც სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, მომხმარებელთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ცენზურის, საავტორო უფლებების დაცვის და მავნე ზემოქმედებისაგან ბავშვთა დაცვის საკითხებს, ასევე, სასწავლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 

    პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „ფორუმზე განიხილება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც არის ინტერნეტთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, ინტერნეტის ცოდნის გაღრმავება, ბავშვების უფლებების დაცვა ინტერნეტში, კიბერ უსაფრთხოების საკითხები“. ფორუმზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ის კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა, რომლებიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მიმდინარეობს. 

    „ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს ამ მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას და პროექტი ყველასთვის ძალიან აქტიურ ფაზაშია. ჩვენ შერჩეული გვაქვს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ეს არის რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მიმართულება, სადაც ამ წუთში არის ღია ტენდერები გამოცხადებული და რეალურად მათი დასრულების შემდეგ დაიწყება მშენებლობის პროცესი“, - აღნიშნა მინისტრმა.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ისაუბრა ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესზე და ელექტრონული მმართველობის პლატფორმების შექმნის მნიშვნელობაზე საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 
    „სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ საქართველო სრულად ჰარმონიზებულია ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრის სტანდარტებთან. ელექტრონული მმართველობის პლატფორმები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, ხელს შეუწყობს სახელმწიფო სამსახურების ერთმანეთთან ინფორმაციის უსაფრთხო და დაჩქარებული გზით გაცვლას და როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების რაოდენობის ზრდას. ჩვენი ამოცანა მარტივია - ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მოქალაქეებს უკეთესი მომსახურება შევთავაზოთ და ყველას მივცეთ შესაძლებლობა ამ ქვეყანაში ისარგებლოს ინტერნეტის საშუალებით მომსახურების უპირატესობით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

    საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიზნებიდან გამოდინარე, მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის ინიციატივით შემუშავებულ სასწავლო პროგრამებზე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით IT სპეციალისტებისთვის ტარდება სასწავლო პროგრამები ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ციფრულ წიგნიერებაში. 

    „ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით. ტარდება საქართველოს ეროვნული დიალოგი ინტერნეტ მმართველობაზე - GeoIGF, რომელიც თავს უყრის საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში არსებულ ყველა მონაწილეს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა გახსნილია სხვადასხვა ფორმატში ყველა დაინტერსებული მხარის მონაწილეობით დისკუსიისთვის. GeoIGF-მა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და ჩემი აზრით, სწორედ ამ წარმატებამ განაპირობა ის, რომ დღეს EuroDIG 2018-ს თბილისი მასპინძლობს.“- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

  • ნავთობისა და გაზის კორპორაცია ჩინელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლის

    “ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ჩინური კორპორაცია „China Tianchen Engineering Corporation” საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლიან. შესწავლის ბოლოს, ჩვენ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, რაც მოგვცემს ახალი საწარმოო მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მემორანდუმი, რომელსაც დღეს, 30 მაისს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და CHINA TIANCHEN ENGINEERING CORPORATION (CNCEC)-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაი ჰეგენმა მოაწერეს ხელი. 

    მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ქიმიური საწარმოს მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მხარეები განაგრძობენ საქართველოში სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ქარხნის პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას. ჩინურმა კორპორაციამ მზადყოფნა გამოთქვა, დეტალურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს ამგვარ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ იგეგმება.

  • დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

    საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგითაც გათვალისწინებულია საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიღება. დელეგაციას უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობს. 

    „ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უზბეკეთში როგორც ექსპორტი, აგრეთვე ის ტრანზიტული შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია უზბეკურ მხარეს შევთავაზოთ საკუთარი პროდუქციის მესამე ქვეყნებში გადასატანად. უზბეკეთთან ჩვენ გვაქვს პოზიტიური სავაჭრო ბალანსი შარშანდელი წლის მდგომარეობით და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. თუმცა მოცულობები, რომელიც უზბეკეთთან გვაქვს, არ შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია. ამდენად, ჩვენი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი დოვლათი,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

    მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული პოტენციალის განვითარება, ასევე პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა თბილისსა და ტაშკენტს შორის.

    სამინისტროს ინფრომაციით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის მიმართულებები ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად განიხილავს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირებას, რაც აღნიშნულ დერეფანში საერთაშორისო ტვირთ და მგზავრთ ნაკადების ზრდაში უნდა აისახოს. 

    შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. 

    დღესვე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ერთობლივად წარუძღვებიან მთავრობაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომას. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური