ქეთევან ციხელაშვილი - ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს იმას, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018 11:02

ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზს დაადგენს.

„ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მის სხეულზე იყო 100-ზე მეტი დაზიანება. ეს ცხადყოფს იმას, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად იყო ძალა გამოყენებული, არაადამიანურ მოპყრობას და ფაქტობრივად წამებას ჰქონდა ადგილი. არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ამას გამოძიება შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს. გამოძიებისთვის საექსპერტო შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ასევე, რომ საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც უშუალოდ სიკვდილის მიზეზებს დაადგენს. 
ის, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფნისას მისი სიცოცხლის ძალისმიერი ხელყოფა მოხდა, თავიდანვე ცალსახა იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზამ აბსოლუტურად ყველა დაზიანება ძალიან დეტალურად აღწერა. ამ დაზიანებების მრავლობითობა უკვე, რა თქმა უნდა, ცალსახა სურათს იძლევა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

წაკითხულია 396 ჯერ

Related items

  • საქართველოს მთავრობა ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს

    იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს.

    "ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარზე გვიწევდა და მის გადმოცემაზე მუშაობა ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადის საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა, ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არამხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ სხვა მრავალ ჭრილში, მათ შორის სამართლებრივ ჭრილში იმისთვის, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული და ჩვენს მხარეზე" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

  • "ჩემი შვილი სასტიკად ნაწამებია, ნატყვიარი ეტყობა"- ტატუნაშვილის მამა ექსპერტიზის შედეგების გაცნობას ითხოვს

    საოკუპაციო რეჟიმის მიერ სასტიკად მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ხელისუფლებას საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

    მათი შეფასებით, საქართველომ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტების გადმოცემის საკითხი ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს.

    როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელის გაგზავნა ჭიანურდება.

    არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე უცნობია.

    გიორგი ტატუნაშვილი მოითხოვს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დროულად დადოს შუალედური დასკვნა. ტატუნაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ნაწამებია და ეს ორგანოების გადმოცემის გარეშეც ცხადია. 

    "ჩემი შვილი იყო სასტიკად ნაწამები და ექსპერტიზის შუალედური დასკვნა რატომ არ დადეს, არ ვიცი. შუბლზე ნატყვიარი ეტყობა, ცხვირი აღდგენილია, ხელები დამტვრეული ჰქონდა და თითებიც ხელმეორედ აქვს აწყობილი. ორგანოების გარეშეც თვალნათლივ ჩანს, რომ ჩემი შვილი ნაწამებია და ამის ამსახველი ფოტოებიც მაქვს ტელეფონში რატომ არ დადო შუალედური ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ, საინტერესოა ჩემთვის“- აცხადებს არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი.

    ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

    „სამხარაულის ეროვნული ბიურო ორ თვეზე მეტია აწარმოებს ექსპერტიზას და ოჯახს არ აქვს ინფორმაცია მის შედეგებთან დაკავშირებით. გამოძიების მასალებს როცა გავეცანით იქ იყო სამხარაულის ექსპერტიზის წერილი, რომელიც გამოძიებას სთხოვს, რომ გადასცეს ბიუროს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები. როგორც მოგეხსენებათ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა.

    ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ხელისუფლების არის ის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა და მეც როგორც მისი ოჯახის დამცველმა მედიისგან შევიტყვეთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ ჰქონდა შინაგანი ორგანოები“- აცხადებს ავალიანი.

    საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში 22 თებერვალს დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

    26 დღის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს წამების კვალი აღენიშნებოდა.

  • ჩეხეთის ელჩმა ,,ლიდიცეს’’ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

    ჩეხეთის საელჩოში საქართველოში დღეს გაიმართა ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენაში ,,ლიდიცე’’ გამარჯვებული ქართველი ბავშვების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიჩკიმ, ჩეხეთის განათლების მინისტრის მოადგილემ დანა პრუდიკოვამ და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

    როგორც ტომაშ პერნიჩკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, ვინაიდან მასში 25 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „კიდევ უფრო სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკურსში ქართველი ბავშვები იმარჯვებენ“, - აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა.

    ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენა ,,ლიდიცე’’ დაფუძნდა 1967 წელს, ჩეხურ ლიდიცეში გერმანელი ნაცისტების მიერ დახოცილი ბავშვებისა და ზოგადად, საომარი კონფლიქტების მსხვერპლი ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად.

    კონკურსი საერთაშორისოდ 1973 წლიდან იქცა და მალევე გახდა პოპულარული არა მხოლოდ ჩეხეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

    ყოველწლიურად ლიდიცეს კონკურსზე 25 ათასზე მეტი მოსწავლის ნამუშევრები იგზავნება მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან.

    კონკურსის ნამუშევრების მთავარი ექსპოზიციის დათვალიერება მნახველს ლიდიცეს გალერეაში წლის განმავლობაში ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

  • ქეთევან ციხელაშვილი - 27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რაც უკავშირდება დიდ ტკივილს და დანაკარგს

    ეს არის უმძიმესი დღე, რაც უკავშირდება ძალიან დიდ ტკივილს და დანაკარგს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა. ციხელაშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

    "ჩვენ გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და არ უნდა დავუშვათ დაპირისპირება, კონფლიქტი და ომი. ეს არის სრულიად დაუშვებელი, ამიტომ ჩვენი ამოცანაა მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მეორე დასკვნა, რაც 24 წლის თავზე შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ დღეს არსებული ვითარება, რომელიც შექმნილია განგრძობითი ოკუპაციის და მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში, ნამდვილად არ ემსახურება არც ქართველების, არც აფხაზების ინტერესებს. დღეს ვითარება ძალიან მძიმეა. მიმდინარეობს ე.წ რუსიფიკაციის პროცესი, განგრძობითი ოკუპაცია, რაც არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რეალობის გაცნობიერებით, გადავდგათ ნაბიჯი. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომ ჩვენი მომავალი იყოს უკეთესი და ეს არის მშვიდობის გზა, შერიგების გზა, იმიტომ რომ ამას არ გააჩნია ალტერნატივა”, -განაცხადა ციხელაშვილმა.

  • სახალხო დამცველი ალექსანდრე ჯეჯელავას და ქეთევან ციხელაშვილს მიმართავს

    საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეებისათვის აფხაზური ენის შენარჩუნებისა და მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.

    სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაახლოებით 1600 (საყოველთაო აღწერის მონაცემებით განსხვავებული შედეგია) ეთნიკურად აფხაზი მოქალაქე ცხოვრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ  ოჯახურ გარემოში შეენარჩუნებინათ მშობლიური ენა, მაგრამ, განსხვავებულ ლინგვისტურ გარემოში აფხაზური ენის შენარჩუნება ადვილი არ აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობებს.  

    აღსანიშნავია, რომ აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მეორე სახელმწიფო ენად. 2011 წლიდან ეს ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენათა რიცხვში იქნა შეტანილი. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი აუცილებლობად მიიჩნევს აჭარის აფხაზური თემის წარმომადგენლებისთვის შეიქმნას აფხაზური საკვირაო სკოლა ან  სასკოლო განათლების ფარგლებში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები, რათა შენარჩუნდეს და განვითარდეს აფხაზური ენა საქართველოში. 

    სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციებითა და წინადადებით, 2015 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების დასახლებათა სკოლებში შესაძლებელი გახდა ჩეჩნური, უდიური, ასურული, ოსური, ქურთული და ხუნძური  ენების სწავლება, რითაც უჩა ნანუაშვილის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა აღნიშნული ენების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშესაწყობად და ასევე ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების თვალსაზრისით. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური