ავიაკომპანია „YANAIR“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 17:26

უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება  დაიწყო. ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ პირველ ივნისს მიენიჭა.

პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა.  ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • 4 ივნისიდან 23 ივნისამდე - კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ ორშაბათს);
  • 23 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე - კვირაში 2 სიხშირით (ყოველ ორშაბათსა და შაბათს)

უკრაინული „YANAIR“, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით და ოდესიდან  - ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ასრულებს. მიმდინარე წლის 8 ივნისიდან, „YANAIR“ აგრეთვე დაიწყებს სეზონურ ფრენებს ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით.

წაკითხულია 307 ჯერ

Related items

  • პოლონური Small Planet Airlines ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს

    მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია Small Planet Airlines საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს. 
    მათივე ინფორმაციით, ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. 
    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა.
    Small Planet Airlines-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო. ავიაკომპანია გასული წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვარშავასა და ბათუმს შორის ჩარტერულ მიმოსვლას ახორციელებდა.

  • სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

    კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტული სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ურთიერთობების ისტორიაში, 17 მაისს სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა. 

    აეროპორტში, კორეელი ტურისტების დახვედრის ცერემონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობდნენ. მათ კორეელ სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საბაჟო კონტროლის გავლისას სიმბოლური ღვინის ბოთლები გადასცეს.

    „საქართველო და კორეის რესპუბლიკა წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე. აღნიშნული რეისების განხორციელება გაზრდის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას“ განაცხადა გიორგი შარვაშიძემ დახვედრის ცერემონიის შემდეგ.

    კორეა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული ფრენები 24 და 31 მაისს განხორციელდება და ჯამში საქართველოს 600-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა.

    აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეისების განხორციელება საფუძველს ჩაუყრის კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს შორის სამომავლოდ პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდას და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნას, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასა და ბიზნეს წრეების დაახლოებასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

  • ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

    თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა – იუწყებიან ირანული სააგენტოები.

    ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

    როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

    ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენია გაგზავნილი.

  • ინტერნეტპორტალი „სოვა“ - თბილისი-სანკტ-პეტერბურგის რეისზე ბომბს ეძებენ

    ავიაკომპანია Georgian Airways-ის „თბილისი-სანკტ-პეტერბურგის“ რეისზე ბომბს ეძებენ. ამის შესახებ რუსული ინტერნეტპორტალი „სოვა“ მგზავრზე დაყრდნობით იუწყება. 

    მედიასაშუალების წყაროს ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტ „პულკოვოს“ ჩამოფრენის ტერმინალთან შორიახლოს დაჯდა. „შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ძველი, საავარიო ან სათადარიგო ბილიკია. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, ყველმ გასასვლელისკენ გავიწიეთ, მაგრამ ბორტგამცილებლებმა გაგვაჩერეს. გვითხრეს, რომ ჩატარდება შემოწმება. ვიღაცამ ავიაკომპანიაში დარეკა და შეატყობინა, რომ თვითმფრინავი დანაღმულია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისიდან გავფრინდით. ჩვენ სამჯერ შეგვამოწმეს - „ეფ-ეს-ბემ“, კინოლოგებმა და კიდევ ვიღაც ფორმიანებმა. ახლა ველოდებით ბარგის შემოწმებას. თითქოს ყველაფერი რიგზეა“, - განუცხადა პორტალს თვითმფრინავის მგზავრმა.

    ამ დროისთვის მგზავრები ბარგს ელოდებიან, რომელსაც კინოლოგები ამოწმებენ.
    „სოვა“ ავიაკომპანიას ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა.

  • 1 ივლისიდან, მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით, ავიაკომპანიებს დაზღვევის ვალდებულება დაეკისრებათ

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის, ასევე მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესები დაამტკიცა.

    ნორმატიული აქტები შემუშავებულია შესაბამისი ევროპული რეგულაციების (785/2004, 2027/97), ასევე ,,საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ" მონრეალის 1999 წლის კონვენციის მიხედვით და მათი მიზანია მგზავრთა და მესამე პირთა უფლებების დაცვა, ავიაკომპანიებისათვის მინიმალური სადაზღვევო მოთხოვნების დაწესებით - მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირის მიმართ და მგზავრების და მესამე პირების უფლებების დაცვა მგზავრის გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას. ნორმატიული აქტები 1 ივლისიდან შედის ძალაში.

    „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N95 ბძანების თანამხად, ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირის ფრენასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ასევე ნებისმიერი ფრენის დაზღვევა. წესის თანახმად, მინიმალური დაზღვევის ვალდებულება განსაზღვრულია „SDR"-ით (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებული საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც ნაწილდება მის წევრ-სახელმწიფოებზე კვოტის პროპორციულად) და შეადგენს:

    • 2700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 250 000 SDR-ს;

    • 2700 კგ ან 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 100 000 SDR;

    • ბარგზე – 1 131 SDR-ს თითოეულ მგზავრზე კომერციული ფრენისას;

    • ტვირთზე – 19 SDR-ს თითოეულ კილოგრამზე კომერციული ფრენისას.

    წესი ვრცელდება საქართველოში და საქართველოს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველებზე, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნიდან საქართველოში. პასუხისმგებლობა საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის მიერ ამ წესის მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებაზე უარის თქმას.

    საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რომელსაც გააჩნია ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი), ამ წესის შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება წარმოეშვება მოქმედი სადაზღვევი პოლისის ვადის გასვლის შემდეგ.

    „მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N96 ბრძანება განსაზღვრავს კომპენსაციის გაცემას შემდეგ შემთხვევებში:

    • მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას (კომპენსაციის მინიმუმი განისაზღვრება 113 100 SDR-ის ოდენობით);

    • მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას (კომპენსაცია განისაზღვრება 4 694 SDR-ის ოდენობით);

    • ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას (კომპენსაცია განისაზღვრება 1131 SDR-ის ოდენობით).

    წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებზე. სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, წარდგენილი უნდა იყოს შესაბამის სასამართლო ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვების დღიდან ორი წლის განმავლობაში. 1 ივლიდიან, ნებისმიერი ავიაგადამზიდველი, ავიაბილეთების რეალიზაციისას, ვალდებული იქნება უზრუნველყოს მგზავრებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებში კომპენსაციის გაცემის თაობაზე, მათ შორის, კომპენსაციის მოთხოვნისათვის წარდგენის ვადებისა და ბარგთან დაკავშირებული სპეციალური დეკლარაციის გაკეთების შესაძლებლობის შესახებ.

    ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასთან, მგზავრთა, მათზე დამოკიდებულ პირთა და მესამე პირთა უფლებების დაცვასთან ერთად, აღნიშნული რეგულაციების დანერგვით საქართველო ახდენს „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით" (CAA-A) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ევროპული რეგულაცია/დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციას გულისმობს.

    ნორმატიული აქტები ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://www.gcaa.ge/geo/dgcaa_order.php

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური