ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურის ვიზიტი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 12:41

„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საერთო მიზნის მისაღწევად - გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და უზრუნველვყოთ მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება“, - ეს იყო ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურის, გენერალ დენის  მერსიეს მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალმა დენის მერსიემ ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.

ლევან იზორიამ სტუმარს ნატოს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოს ნატოსთან დაახლოებას ხელს უწყობს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გენერალ დენის მერსიეს ვიზიტი საქართველოს როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მიმართ, ალიანსის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რასაც საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით მიაღწია. მხარეებმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და კონკრეტულად, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC) გაამახვილეს, რომელიც ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. 

წაკითხულია 169 ჯერ

Related items

  • სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ოფიციალური ვიზიტით ნატოს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა მიიღო პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) დონეზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა.

    თემურ კეკელიძემ შეხვედრის მონაწილეებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

    ქართულმა დელეგაციამ, მოკავშირეებთან ერთად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი მიმოიხილა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

    ვიზიტის ფარგლებში, თემურ კეკელიძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან, ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება: „რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად, საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი თავდაცვის ყოფილ ატაშესთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს პრეზიდენტის ჯილდო - ღირსების მედალი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

  • თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
    14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
     
    გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
     
    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
  • მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო

    „მრავალეროვნული სწავლება სრულიად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე,“ – ამ სიტყვებით გახსნა სენაკში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019”.

    II ქვეითი ბრიგადის ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის არმიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რანდელ სიმონსმა. „საქართველო აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და იმ ალიანსში შემავალი წევრია, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იბრძვის. Agile Spirit 2019 უფრო მეტია, ვიდრე აშშ-სა და საქართველოს ხელმძღვანელობით გამართული სწავლება. მასში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ამ საერთაშორისო წვრთნაში მონაწილეობა კი, იმის ნათელი დასტურია, რომ მხარს უჭერ რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობასა და სტაბილურობას,“ - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

    მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მეცხრედ ტარდება. სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება. წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

    სამხედრო წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური