ირაკლი კობახიძე - საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 მაისი 2018 21:14

საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან - ამ მხრივ ნულოვანი შედეგია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.


როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ პრაგმატულ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს და განაცხადა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესის მიუხედავად, პოლიტიკური პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

“ვახორციელებთ ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ამ პოლიტიკას ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ვიყენებთ დიალოგის ორ სხვადასხვა ფორმატს. მოვახერხეთ, რომ გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია ჰუმანიტარული ურთიერთობების მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ვიტყოდი, რომ ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების მხრივ პრობლემები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გვაქვს ჰუმანიტარული პრობლემები, ცოტა ხნის წინ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში, ციხეში მოკლეს და ამ შემთხვევამ ცხადყო, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, მას მოაქვს სიკვდილი ადამიანებისთვის, ადამიანის უფლებების მუდმივი ხელყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ მათი ყურადღება ამ პრობლემების მიმართ, ოკუპირებული რეგიონების მიმართ. ჩვენი ძალისხმევა საკმაოდ წარმატებულია, გვაქვს საკმაოდ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი გარანტორია.

“საგარეო პოლიტიკის თაობაზე საპარლამენტო რეზოლუციის მიხედვით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე ურთიერთობა გვაკავშირებს და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი გარანტორი. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ მოახდინა აშშ-ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ამ მხარდაჭერისა და მეგობრობისა, ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში თანამშრომლობის დონე გაიზარდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას განაგრძობს.
წაკითხულია 378 ჯერ

Related items

  • ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები

    ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
    პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
    „ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან  შედეგებს.
    ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
    ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.“

    შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა და ალხაზ კვიწინია გავიდნენ.

    აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 56% მივიდა, რაც ნიშნავს, რომ „არჩევნები“ ჩატარებულად მიიჩნევა. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გამოქვეყნება 12 საათისთვის არის დაგეგმილი.

    „საპრეზიდენტო კანდიდატების“ შტაბების მიერ დათვლილი ხმების საფუძველზე ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელი ალხას კვიწინია.

    კვიწინიას 100-დე ხმით ჩამორჩა ოლეგ არშბა, რომელმაც უკვე აღიარა დამარცხება და ალხას კვიწინიას წარმატება უსურვა.

    „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. ამ ინფორმაციას „სპუტნიკ-აბხაზია“ ავრცელებს.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ი. კობახიძემ თანამდებობა დატოვა

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

    მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო.

    პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

    როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

    რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.



  • საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის სპიკერის გადადგომას ითხოვენ

    ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

    ფრაქციის წევრების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.

    „ეს რაც მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცდება რაციონალური პოლიტიკის, პარტიული დაპირისპირების, ფეხქვეშ გათელვას საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ინსტიტუტებისა და ეროვნული თავმოყვარეობის. დღეს ვიხილეთ ოკუპანტი სახელმწიფოს დუმის წევრი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და აქ ჩამოსვლამდე, სამი დღით ადრე ჭკუას არიგებდა მთელს საქართველოს, რომ ყველა ერთად შევეგუოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას. დღეს ვნახეთ ეს ადამიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას, ქვეყნის კონსტიტუციით მეორე მნიშვნელობის ადგილას, რომელსაც რუსულ ენაზე მიჰყავდა სხდომა. ეს ფაქტი სცდება პარტიული განსხავებების ფარგლებს და არის შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე. მიგვაჩნია და საპარლამენტო უმცირესობის სახელით ვთვლით, რომ ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მოჰყვეს უმაღლეს დონეზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ ოფიციალური იმპიჩმენტის პროცედურას და ამას მივიყვანთ ბოლომდე. მაგას ამას სჭირდება დრო, ამიტომ მოვუწოდებთ, თავად გადადგას ეს ნაბიჯი და ამით მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც დღეს ყველამ ერთად ვნახეთ პარლამენტში“, – აცხადებენ ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“.

    თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

    სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.

    წყარო: https://1tv.ge/news/evropuli-saqartvelo-irakli-kobakhidzis-gadadgomas-moitkhovs/

  • ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად 20-22  ივნისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

    ირაკლი კობახიძე შეხვედრებს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგტაი ასადოვთან, ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერმინისტრ ნოვრუზ მამადოვთანგამართავს.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალური ასამბლეის 53-ე პლენარულ სესიას დაესწრება.

    პლენარული სესიის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

    ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავს და „მარადიული ცეცხლის“ კომპლექსს გვირგვინით შეამკობს.

    დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, მახირ დარზიევი, რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, აზერ სულეიმანოვი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელეს

    საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართულმა მხარემ დასძინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.
     
    სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ანდორა, სან-მარინო, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.
     
    გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკანონოა როგორც ამ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარება, ასევე, მისი შედეგები, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. განცხადებებში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. დელეგაციებმა, ასევე, დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი.
     
    ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
     
    ევროკავშირის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, როგორც ეს გათვალისწინებულია მისიის მანდატით.
     
    პოლონეთის დელეგაციამ, მეგობართა ჯგუფის (ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: აშშ, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, უკრაინა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, ირლანდია, რუმინეთი) სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობისა და დიალოგის გაღრმავებას. მეგობართა ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
     
    კანადის დელეგაცია მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მიღებას და აღნიშნა რომ კანადა გახდა ამ რეზოლუციის თანა-სპონსორი.
     
    უკრაინის დელეგაციამ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების, ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მცდელობა ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ. აგრეთვე, უკრაინის დელეგაცია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მოგვარებისა და დეოკუპაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური