„ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს'' - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 მაისი 2018 14:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებლობის არდგენის დღეს გამოეხმაურა და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ხვალისთვის არის დაგეგმილი:

„1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში არის შემდეგი სიტყვები - „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.“

ჩვენ ხვალ ვზეიმობთ უდიდეს თარიღს, რომელიც ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას, ეს უდიდესი დღესასწაული და ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რომ ამჯერად შეუქცევადად გამხდარიყოს ევროპული ოჯახის წევრი და ის უდიდესი საქმე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1918 წლის 26 მაისს, დაგვირგვინებულიყოს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიღებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ყველას გვჯერა და გვწამს.

26 მაისს აღვნიშნავთ მთელი ქვეყნისა და შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 200-მდე სხვადასხვა ღონისძიებაა, მოგეხსენებათ დაგეგმილი.

საქართველოს ესტუმრება ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია. ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული სპეციალური ღონისძიებები და ჩვენ მთელი მსოფლოს მასშტაბით, მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ ამ უდიდესი მნიშვნელობის თარიღს.

უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩამობრძანდება დღეს საღამოს საქართველოში, 6 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და ასევე, 10-ობით ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულს ვიზეიმებთ.

გაერო-მ ამ დღესთან დაკავშირებით და ასევე, რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა საფოსტო მარკა, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ ნიუ იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში გაიმართა, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ფიცის დადების ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილას გაიმართება: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. რა თქმა უნდა, იქნება სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაცია ყველა ამ წერტილიდან.

ასე რომ, მეგობრებო, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გველის. დღეს საქართველოს წარმატებას აღიარებს მთელი მსოფლიო. ევროპაში საქართველო მიიჩნევა, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების მიხედვით და ვფიქრობთ, ძალიან ღირსეულად ვხვდებით ამ თარიღს.

ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და ჩვენი უმთავრესი საქმე გახლავთ - მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი მისია ჩვენი თაობის, ჩვენი ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მისიას ნაბიჯ-ნაბიჯ, ღირსეულად აღვასრულებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წაკითხულია 334 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა თურქმენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის 28–ე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
     
    დავით ზალკალიანმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით, თურქმენ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
     
    მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.
     
    „ჩვენ ერთად გადავლახეთ ის გამოწვევები, რაც დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებასა და განვითარებასთან და, ამ პროცესში, არაერთხელ დავხმარებივართ  ერთმანეთს, რაც არასდროს მიეცემა დავიწყებას.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა  სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე.

    „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოც და თურქმენეთიც ისტორიული „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე მდებარეობენ და სწორედ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება არის ის მთავარი მიზანი, რომლის მისაღწევად ჩვენ ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ. საქართველო მხარს უჭერს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც კასპიის და შავი ზღვის აუზის ქვეყნების კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს და მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა პერსპექტიულ წამოწყებას. „ -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
     
    საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიკა და თურქმენეთიდან ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობის სიხშირის პოზიტიური დინამიკა.
     
    დავით ზალკალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა: „მისასალმებელია, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებული ინტენსივობა შეიძინა პოლიტიკურმა თანამშრომლობამ და გახშირდა მაღალი დონის ვიზიტები, რომლებმაც ხელშესახები შედეგები მოიტანეს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.“-განაცხადა ზალკალიანმა.
     
    საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და თურქმენეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქმენეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
     
    „ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის არცერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქმენეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია მრავალმხრივ ასპარეზზე, ისევე როგორც საქართველო ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდება თურქმენეთთან დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო არენაზე“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

  • პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    საქართველოს მთავრობის სახელით მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა ამერიკელს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე!
    ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა დაფუძნებულია უნივერსალურ ღირებულებებზე, როგორებიცაა - თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება.

    დამოუკიდებლობა გახლავთ ის ღირებულება, რომლისთვისაც ძალიან ბევრჯერ მოუწია ქართველ ხალხს ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მისი ფასი!

    მინდა, კიდევ ერთხელ, გულითადად მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ყველა გულშემატკივარს ეს უმნიშვნელოვანესი დღე.

    მამუკა ბახტაძე 
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი

  • გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
    გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

    "ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

    შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

    ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

    პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

    მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

  • გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

    საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. 

    პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს, რასაც ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიც ადასტურებს.

    “სომხეთის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს, რაც ვფიქრობ, ჩვენს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის დასტურია. საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    თბილისის საკრებულოში სომხეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ახალქალაქში გაემგზავრება. ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დღეს საღამოს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური