სასამართლომ ბაღის აღსაზრდელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 11:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე ე.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ორი ეპიზოდი). 

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ ე.ჯ.-მ ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე ძალადობა განახორციელა, რა დროსაც იგი იატაკზე დააგდო. ასევე დადგინდა, რომ ე.ჯ-მ 2018 წლის იანვარში, ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. ე.ჯ-ს ქმედებით ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. 

„ე.ჯ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ორი ეპიზოდი) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ჯ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

წაკითხულია 257 ჯერ

Related items

  • სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
    2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები (შესაბამისად, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები) საქართველოს წინააღმდეგ.
    ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:
    1. ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი;
    2. დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;
    3. დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
    4. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
    5. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეეტაძესთან დაკავშირებით;
    6. ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
    7. ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.
    გადაწყვეტილებას ერთვის მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილი 1 მოსამართლის ბ-ნი დე გაეტანოს ნაწილობრივ განსხვავებული აზრი.
    ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“.
     
    საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე:
     
    1. მოკლე ინფორმაცია საქმის შესახებ
    „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო, სხვებს შორის, ზემოაღნიშნული მომჩივნების წინააღმდეგ. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.
    2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
    1. შეჩერების ღონისძიება
    როგორც ცნობილია, 2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
    „შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
    მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“. საქართველოს მთავრობის მიერ შეჩერების ეს ღონისძიება არ გასაჩივრებულა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილება, ევროპული სასამართლოს პროცედურული წესების თანახმად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
    1. მესამე მხარეები
    სტრასბურგის სასამართლოს წინაშე საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვეს საქართველოს სახალხო დამცველმა და შემდეგმა ორგანიზაციებმა: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი (თავისუფალი უნივერსიტეტი).
    ევროპული სასამართლოს მიერ მესამე მხარედ ჩართულნი იქნენ მხოლოდ სახალხო დამცველი და საია, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
    1. მხარეთა არგუმენტები ევროპული სასამართლოს წინაშე
    სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
    უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.
    ძირითად საქმესთან (საკუთრების დავა) დაკავშირებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები ჩიოდნენ, რომ პირველი ინსტანციის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე ჩამოშორებული უნდა ყოფილიყვნენ საქმიდან, ვინაიდან არსებობდა გარემოებები, რაც ეჭვქვეშ აყენებდა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).
    ზემოაღნიშნული სამი მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ უზენაესმა სასამართლომ მოულოდნელად შეცვალა დავის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც ვითარდებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოების დროს და არ მისცა მომჩივნებს საკმარისი შესაძლებლობა (ზეპირი განხილვა ან სხვა), გაებათილებინათ მეორე მხარის აშკარად დაუსაბუთებელი არგუმენტები.
    მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები, ასევე, ჩიოდნენ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე (საკუთრების უფლება) და ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო დავის შედეგი იყო თვითნებური და არღვევდა მათ ქონებრივ უფლებებს.
    ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებით, დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები შინაარსობრივად იმეორებდნენ პირველი მომჩივნის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს საკუთრების დავასთან დაკავშირებით სასამართლო პროცედურები სახელმწიფოს მიერ გამოიყენებოდა იმ ფარული მიზნით, რომ მომხდარიყო „რუსთავი 2“-ის გაჩუმება.

    უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურასთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს ევროპული სასამართლის წინაშე წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
    • საჩივრის მთელი ის ნაწილი, რომელიც წარდგენილი იყო „რუსთავი 2“-ის მიერ, უნდა ყოფილიყო ცნობილი დაუშვებლად, რადგან კომპანიას არ ამოუწურავს უფლების დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები და ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარდგენილ იქნა  ექვსთვიანი ვადის დარღვევით;
    • უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენება არ იყო თვითნებური. განჩინებები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, იყო დასაბუთებული, განხილვა მოხდა გაჭიანურების გარეშე და დაცული იყო შეჯიბრებითობის პრინციპი;
    • უზრუნველყოფის ღონისძიებას ვერ ექნებოდა და არც მოუხდენია უარყოფითი გავლენა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე: არხი მუდამ ფუნქციონირებდა სრული თავისუფლების პირობებში;
    • უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენდა მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევას;
    • არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ სამართალწარმოებასთან მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კავშირს. უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურას არ ჰქონია რაიმე არამართლზომიერი მიზანი;
    • არაფერი იწვევდა მართლზომიერ ეჭვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - ნინო გვენეტაძის, ან მოსამართლეების - თამაზ ურთემლიძისა და მზია თოდუას დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
    ძირითად სამართალწარმოებასთან (საკუთრების დავა) მიმართებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
    • მომჩივანთა განცხადებებით არ დგინდება დასახელებულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრობლემა. მომჩივნები თავად იყენებდნენ აშკარად დაუსაბუთებელ ბრალდებებს არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ, რათა ჯერ შეელახათ მათი რეპუტაცია და შემდგომ, უკვე ამგვარად მომზადებული საფუძვლებით მათი აცილება მოეთხოვათ;
    • უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოება და განჩინებები შეესაბამებოდა მომჩივანთა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. უზენაეს სასამართლოს ბოლო ეტაპზე არ წამოუჭრია რაიმე ახალი სამართლებრივი საკითხი და არ შეუცვლია დავის სტრუქტურა, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილულ იქნა იძულების საკითხი; უფრო მეტიც, პირველად შესაგებელში თავად მომჩივნები უთითებდნენ, რომ მოცემულ დავაში სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი (იძულებით დადებული გარიგება) უნდა ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ვერ უსაყვედურებდნენ, რომ მან ის მუხლი გამოიყენა, რომლის გამოყენებასაც თავდაპირველად თავად ითხოვდნენ. შესაბამისად, არც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნიშნები იკვეთებოდა;
    • საკუთრების შესახებ დავის შედეგი არ წარმოადგენდა მომჩივანთა საკუთრების უფლების დარღვევას, ვინაიდან სადავო სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის შესაბამისად და მხარეთა შორის თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით;
    • და ბოლოს, არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რაც დაადასტურებდა, რომ სახელმწიფომ სამართალწარმოება გამოიყენა რუსთავი 2-ის გაჩუმებისათვის ან რომ ქართულ სასამართლოებს არასათანადო მიზნები ამოძრავებდათ.
    დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობის არგუმენტები სრულად გაიზიარა.
  • "ნიუს დეი საქართველოს" განცხადება

    საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი საქართველო" უერთდება და სრულად უჭერს მხარს „პალიტრა მედიის“ განცხადებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია აღმაშფოთებელი და საგანგაშოა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სამართალდამცავი უწყებები კი, პირველ რიგში, თავად უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს.

    აქვე უცვლელად გთავაზობთ მედია-ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. 

    "თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 250-მდე ადამიანი, მათ შორის 33 ჟურნალისტი,რომელთაც დაზიანებები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების რეპორტიორებთან ერთად, დაშავებულები არიან „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალი „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს ძირითადად, რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ, რომელსაც შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი იყენებდა საპროტესტო აქციის დაშლისას.

    დაზიანებების ხასიათი და ხარისხი მეტყველებს იმაზე, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ჟურნალისტების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და შესაძლოა, დამდგარიყო უფრო მძიმე შედეგიც.

    არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჟურნალისტები ნებისმიერი მწვავე და სახიფათო სიტუაციის გაშუქებისას იმყოფებიან მოვლენების ეპიცენტრში, რათა ზუსტად და შეუფერხებლად ასახონ და საზოგადოებას მიაწოდონ მათ წინაშე განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, მათ მუშაობა უწევთ ყველაზე ექსტრემალურ პირობებში.

    მიგვაჩნია, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია აღმაშფოთებელი და საგანგაშოა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სამართალდამცავი უწყებები კი, პირველ რიგში, თავად უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს.

    მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ყველა ფაქტი და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი პირები. გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა არ გაჩნდეს კითხვები მის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

    წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება კანონის ნორმების დაცვა თავად სამართალდამცავი უწყებების მხრიდან და ხელისუფლების დეკლარირებული დამოკიდებულება დემოკრატიის ნორმებისადმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

     

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ძებნილი პირი თბილისში დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის საელჩოსთან ურთიერთთანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აშშ-ის ტეხასის შტატის მიერ 2018 წლიდან ძებნილი, აშშ-ის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ჯ.ს., თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

    ჯ.ს.-ს ბრალი 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება.

    კერძოდ: 21.01 მუხლით, რაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს;

    21.021 (ა) (1) (ბ) მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 99 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;

    21.11 (ა) (1) მუხლით, რაც არასრულწლოვანთან უხამსი სახის კონტაქტს გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს გამართულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს!

    2018 წლის 20 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტუდენტთა მიღების უფლება შეუზღუდა 1 წლით. აღნიშნულ შეზღუდვას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ უნივერსიტეტის ქონებას სასამართლო განჩინებით ედო ყადაღა. კერძოდ, 2017 წლის 6 თებერვალს, სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ და მასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა შპს " შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" 2017 წლის 07 თებერვლის მდგომარეობით არსებული საგადასახადო დავალიანების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდევინების უზრუნველყოფა. აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლომ ყადაღა დაადო უნივერსიტეტის უძრავ ქონებას და წილებს.

    იმის გამო, რომ უნივერსიტეტის ფინანსური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დამდგარიყო და საგადასახადო დავალიანების თაობაზე სასამართლო დავის დასრულებამდე უნივერსიტეტს არ შეზღუდვოდა სტუდენტების მიღება, 2018 წლის 27 შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა 715 433.01 ლარი. იმავე დღეს შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცა ცნობა, რომლის თანახმად უნივერსიტეტს 2018 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით აღარ აქვს საგადასახადო დავალიანება და ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 891577,89 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურს აღარ გააჩნია იურიდიული ინტერესი შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ და სხვათა ცრუმაგიერ პირებად ცნობისა.
    2018 წლის 7 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სსიპ შემოსავლების სამსახურს მიმართა დასაბუთებული წერილით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან სარჩელის გამოთხოვა.
    2018 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, სადაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა საქმის განხილვის ორი კვრის ვადით გადადების თაობაზე. შუამდგომლობა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 07.09.2018 წლის წერილიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სარჩელის გამოხმობის თაობაზე. უნივერსიტეტის წარმოადგენლები არ დაეთანხმნენ აღნიშნულ შუამდგომლობას და აღნიშნეს, რომ მათ ისედაც გააჩნდათ ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ საქმის წარმოება შეწყვეტილიყო, ხოლო შემოსავლების სამსახურს ჰქონდა საკმარისი დრო, რომ სხდომამდე ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია, რათა საქმის განხილვა კვლავ არ გაჭიანურებულიყო. მოსამართლემ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია საქმის განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით და საქმის განხილვა გადადო 2018 წლის 22 ოქტომბრამდე.

  • სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ ჩადენილ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული ხ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

    სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ჯ-მ თავის მეგობარ თ.ნ-სთან ერთად, ორგანიზებულად შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) გეგმა. აღნიშნულმა პირებმა, სარგებლის მიღების და ექსპლუატაციის მიზნით, მოტყუებით, ხ.ჯ.-ს მიერ  გარდაბნის რაიონში ნაქირავებ ბარის ტიპის ფართში კარგი სამუშაო პირობების დაპირებით, 2016 წლის ივნისსა და ნოემბერში გადაიბირეს, შეიფარეს და მიიღეს ჩ.ს, მ.ს. და შ.შ., რომლებზეც 2017 წლის 18 მაისამდე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობას და მუქარას. ამყოფებდნენ მათ გაუსაძლის, მონობასთან გათანაბრებულ პირობებში, უზღუდავდნენ თავისუფლად გადაადგილებას და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, ხოლო აღნიშნული გზით მიღებულ თანხას ისაკუთრებდნენ. ხ.ჯ. დაზარალებულებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მუდმივად აკისრებდა სხვადასხვა სახის არარეალურ ვალებს, ხოლო შემდგომ, თითქოსდა აღნიშნული ვალების დაფარვის მიზნით, აიძულებდა მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ყოფნას და მის სასარგებლოდ კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას, ხოლო მიღებულ თანხებს ისაკუთრებდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ხ.ჯ-ს მეგობარი თ.ნ. უზრუნველყოფდა დაზარალებულების  ტრანსპორტირებას კლიენტებთან და მათ უკან, ბარში დაბრუნებას. ასევე მათზე ახორციელებდა მუდმივ მეთვალყურეობას და კონტროლს, ავალდებულებდა მისი ტაქსის მომსახურებით სარგებლობას, რითაც მათგან შემოსავალს იღებდა, რაც შეთანხმებული, დაგეგმილი და კოორდინირებული იყო ხ.ჯ-სთან.
    სამართალდამცველებმა ხ.ჯ. და თ.ნ. 2017 წლის 19 მაისს გარდაბნის რაიონში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ესე იგი მოტყუებით ადამიანის გადაბირება, შეფარება და მიღება ექსპლუატაციის მიზნით, აგრეთვე ადამიანის სექსუალური ექსპლოატაცია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით, იძულებით, დაშინებით და მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.
    თ.ნ.-მ საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე დანაშაული აღიარა და მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
     თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ხ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური