მთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარს გამოუყოფს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 მაისი 2018 11:30

თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური რესურსი დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიმართულებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს რეგიონებსაც, სადაც მთავრობა ასევე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ქვეყნის ინფრასტრუქტურული მზაობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ხდება. ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მათ შორის, ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა და არსებული საჭიროებების შესწავლა, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმა მომზადდება.

სწორედ სამოქმედო გეგმაში ასახული პრიორიტეტების შესაბამისად დაიგეგმება 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯების გარდა, სოციალურ ასპექტებსაც გაითვალისწინებს, რათა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, მომავალი სამი წლის განმავლობაში, სპორტულ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს.

წაკითხულია 307 ჯერ

Related items

  • თურქეთის საელჩოს განცხადება თბილისის მერიისათვის შშმპ ლიფტების გადაცემის შესახებ

    თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ქ. თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში გაადგილების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქის ცენტრში (მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში სამ ლოკაციაზე ექვსი შშმპ ლიფტის (ფლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს. საერთაშორისო საბაზრო ფასებით პროექტის ღირებულება 100 000 აშშ.დოლარს შეადგენს.

    თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგნეტოს მიერ პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე.

  • თბილისის მერი მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო

    თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

    დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება.

    „დაახლოებით, ერთი საათით მეტროს მუშაობა შეფერხდა. უსაფრთხოების მიზნით, ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა აღარ ხდებოდა. პრობლემა იყო ის, რომ ძლოვანი კაბელი დაზიანდა. ახლა მიმდინარეობს დაზიანებული კაბელის აღდგენა და პრობლემა სრულად მოგვარდება. მეტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშობას. თბილისში მეტრომ ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო და შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში, სხვადასხვა სადგურები ემატებოდა. მას შემდეგ, ეს ძლოვანი კაბელი არ შეცვლილა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვისაუბრე იმაზე, რომ 450 კმ ძალოვანი კაბელის მთლიანად გამოცვლა გვაქვს დაგეგმილი. ამაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება. ტენდერი უკვე ჩატარებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ივნისში დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.

    ამასთან, კახა კალაძემ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მერიასთან ერთად ახორციელებს.

    „მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. 15 ვაგონის რეაბილიტაცია ხდება და ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ ამით უკვე ამოვწურეთ იმ ვაგონების განახლება, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა. შემდეგი ეტაპი ახალი სამგზავრო ვაგონებით ჩანაცვლება იქნება, რადგან მათი ძირითადი ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შესყიდვა მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი გაეცნენ.

  • საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს დელეგაციის ფორმირებისკენ და ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა. შესაბამისი რეზოლუცია 10 აპრილს პლენარულ სესიაზე მიიღეს.

    დოკუმენტში ასამბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, „თავიდან აიცილოს სიტუაცია, როდესაც ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდ წევრ ქვეყანას ევროსაბჭოს დატოვებას შესთავაზებენ, ან ამის გაკეთება მოსკოვს საკუთარი ნებით მოუწევს, რასაც გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის.“

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის მიცემის უფლება 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვა. მოსკოვს არ აქვს უფლება ასამბლეის მმართველ ორგანოში იმუშაოს და ასამბლეის სახელით არჩევნებზე დამკვირვებლები გაგზავნოს. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში საწევრო შენატანს არ გადაიხდის, ვიდრე მისი დელეგაციის წევრებს ყველა უფლება არ აღუდგება. რუსეთის ყოველწლიურ შენატანი 33 მილიონი ევროა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში.

    „რაც შეეხება რუსეთის საწევროს გადაუხდელობის საკითხს, მტკიცედ გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებს არ უნდა შეეძლოთ ევროსაბჭოს სტანდარტების დაწევა ან საერთო ღირებულებების დაკნინება იმისთვის, რომ დაძლეული იქნეს გამოწვევები, მათ შორის ფინანსური კრიზისი. საქართველო მხარს უჭერს არსებული ფინანსური სირთულეების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა საქართველოს პოზიცია უცვლელია რუსეთის მიერ საწევროს გადაუხდელობასთან დაკავშირებით – ეს არ უნდა გახდეს საპარლამენტო ასამბლეის პროცედურული წესების ან ევროსაბჭოს წესდების ცვლილების გამომწვევი ფაქტორი ან პირობა. საქართველო ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ნებაყოფლობითი შენატანი გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში 500 000 ევროს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

  • კორეის რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს პარლამენტს, საბეჭდი მოწყობილობისთვის შესაბამის აპარატურას გადასცემს

    კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტს საბეჭდი მოწყობილობის-სტამბის შესაქმნელად, 50 ათასი აშშ-ის დოლარის შესაბამისი აპარატურა გადაეცემა. აღნიშნული ინფორმაცია კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კიმ სე ვუნგმა პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას დღევანდელ შეხვედრაზე აცნობა.

    პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ კორეელ დიპლომატს და კორეის რესპუბლიკის მთავრობას მხარდაჭერისთვის და აღნიშნული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე პარლამენტში სტამბის განთავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოწმობს უკვე განხორციელებული აქტივობები, რომელთა შედეგების პრეზენტაცია, ცოტა ხნის წინ, ახალი რეგლამენტის ამოქმედებიდან 100 დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. მისივე განცხადებით, პარლამენტის გაზრდილი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი საბეჭდი მოწყობილობა შესაბამისი დოკუმენტების, ბუკლეტების, საცნობარო ინფორმაციის დაბეჭდვაში, მნიშვნელოვნად დაეხმარება.

    შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კორეის მთავრობა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პარლამენტის მიერ მიწოდებული სპეციფიკების საფუძველზე, სტამბის მოსაწყობ აპარატურას შეიძენს და საკანონმდებლო ორგანოს საჩუქრად გადასცემს, რომელიც სტამბისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსდება.

    საქართველოს პარლამენტისთვის საბეჭდი მოწყობილობების აპარატურის გამოყოფა კორეის წარმომადგენლობასთან პარლამენტის აპარატის უფროსის მოლაპარაკებების და კორეაში პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები და შეხვედრები ქართველი და კორეელი დიპლომატების ორგანიზებით წარიმართა.

    კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გამართულ შეხვედრას საელჩოს კულტურის ატაშე, ბიაუნ სეუნგვუ და პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, შოთა გოშაძედა პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით ჭურაძეესწრებოდნენ.

  • მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. სიახლეზე, რომლის თანახმად ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

    მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ცვლილების აუცილებლობა გამოცდილებამ აჩვენა.

    „მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღემდე მოქმედი რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ცხოვრების დონის ხარისხობრივად გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რათა ჩვენ გვქონდეს საზოგადოებასთან უფრო ეფექტური უკუკავშირი და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით თანამდებობას დატოვებს 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული.

     

    „იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონების მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონებში, ისევე, როგორც იმერეთის რეგიონში, ჩვენ საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური