სალომე სამადაშვილი - საქართველომ უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, რომ სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 მაისი 2018 12:12

საქართველომ უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, რომ სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - ეს უნდა გაკეთდეს ინდივიდუალურ რეჟიმში, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დაველოდოთ რომელიმე სხვა სახელმწიფოს და გარდა ამისა, გამოცდილებაც იმას აჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართოს ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე განაცხადა. სხდომაზე განიხილება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მას კონკრეტული შეკითხვები აქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათ შორის იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველო განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით და ასევე იმ მოვლენებზეც, რომელიც კვირას რუსთაველის გამზირზე განვითარდა. 

"დღეს მთავარი შეკითხვაა, რას ელოდება ჩვენი საზოგადოება ხელისუფლებისგან. ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გახდება შეუქცევადი, რის შესახებაც ყველაზე ადეკვატური პოლიტიკური განცხადება არის ოფიციალური განაცხადის გაკეთება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. შესაბამისად, ჩვენთვის პირველი შეკითხვა არის ის, აპირებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მსგავსი განაცხადის გაკეთებას და თუ არ აპირებს, რატომ არ აპირებს. დოკუმენტი, რომელსაც წარმოგვიდგენენ, ჩემი აზრით, არის საკმაოდ ბევრის მომცემი ევროკავშირთან ტექნიკური დაახლოების თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური გზავნილი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მე სწორედ ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა მინისტრთან. გარდა ამისა, მაინტერესებს მინისტრის აზრი იმასთან დაკავშირებითაც, რომ კვირას საქართველოს ქუჩებში ფაქტიურად, ევროპული იდეა დამარცხდა, როდესაც ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვენ ევროპულ მომავალს ამ ქვეყნისთვის, მოხდა მათი ევაკუირება ფაშისტური ჯგუფებისგან დასაცავად. მაინტერესებს, რას ფიქრობს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ჯგუფების თარეშზე ჩვენს ქვეყანაში და რა ზომები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ", - განაცხადა სამადაშვილმა. 

მიხეილ ჯანელიძე ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას წარადგენს.

წაკითხულია 362 ჯერ

Related items

  • „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ!“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო მასპინძლობს

    სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე თბილისი მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

    ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნეს.

    როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

    „მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი მექანიზმები , როგორც კონკრეტულ სამინისტროებში, ისე ცენტრალიზებულ დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ტრენინგების და კონფერენციების ფორმატში, ისე ზოგადად ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის.

    "დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ.

    ძალიან მეამაყება და მახარებს იმის დანახვა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდია ჩამოსული თბილისში. ეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ბრიუსელიდან წარგზავნილი სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი მასპინძლობს რეგიონებში. ამჯერად ღონისძიებას მთელი რეგიონიდან ესწრებიან ექსპერტები, დაინტერესებული წრეები და მხარეები. მათ კარგი შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაციის გასაცვლელად. ცხადზე ცხადია, რომ დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის. ეს რეალური გამოწვევაა. და ყველაფერს ვაკეთებთ წარმატების მისაღწევად ჩვენს საზღვრებს შიგნით, თუმცა საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში, რათა ერთად ყოფნით უფრო გავძლიერდეთ ამ დაავადებასთან საბრძოლველად", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

    ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ნაწილია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, 18-22 ნოემბერს იმართება.

    კონფერენციის მიზანია ევროკავშირსა და მის სამეზობლოში  დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობა.

    კვირეული ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა (CDD) და სექტორი 3-ის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით იმართება.

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა მიუღებელია - ვლადიმერ კონსტანტინიდი

    „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე.“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, 24 ოქტომბერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრულის დაკავების შესახებ განაცხადა.

    მისივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი განიხილება დღეს გამართულ, საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიულ შეხვედრაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას - 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. ქართული მხარე ასევე მკაცრად დასვამს საკითხს დღეს - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგ შეხვედრაზე.“-აღნიშნა კონსტანტინიდმა.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ

    საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.

    მსგავსი დესტრუქციული ქმედება, ისევე როგორც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელობის ყოვლად მიუღებელი განცხადებები,  წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას.

    საქართველო პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მტკიცედ ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ვითარების დეესკალაციისა და უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის.

    ქართული მხარე განაგრძობს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ და მჭიდროდ მუშაობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

    ამასთანავე,  ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად.

    http://mfa.gov.ge/News/saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-ganck-(52).aspx?lang=ka-GE

  • დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. 

    სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
     
    სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
     
    საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
     
    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
     
    უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

  • ევროკავშირის პრესმდივანი: „რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“

    „რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე“, აღნიშნა ევროკავშირის პრესმდივანმა 3 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით გაუმართლებელი და არაპროპორციულია“.
    პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ 27 ივნისიდან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ორ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები ძალზე უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და დამატებით სირთულეებს უქმნის მას.
    დასკვნის სახით ევროკავშირის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ „ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური