დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 მაისი 2018 14:09

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგითაც გათვალისწინებულია საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში მონაწილეობის მიღება. დელეგაციას უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ხელმძღვანელობს. 

„ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უზბეკეთში როგორც ექსპორტი, აგრეთვე ის ტრანზიტული შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია უზბეკურ მხარეს შევთავაზოთ საკუთარი პროდუქციის მესამე ქვეყნებში გადასატანად. უზბეკეთთან ჩვენ გვაქვს პოზიტიური სავაჭრო ბალანსი შარშანდელი წლის მდგომარეობით და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. თუმცა მოცულობები, რომელიც უზბეკეთთან გვაქვს, არ შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია. ამდენად, ჩვენი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და დამატებითი დოვლათი,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული პოტენციალის განვითარება, ასევე პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა თბილისსა და ტაშკენტს შორის.

სამინისტროს ინფრომაციით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის მიმართულებები ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა პრიორიტეტულად განიხილავს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებასა და რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირებას, რაც აღნიშნულ დერეფანში საერთაშორისო ტვირთ და მგზავრთ ნაკადების ზრდაში უნდა აისახოს. 

შეხვედრაზე მხარეები საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. 

დღესვე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი ერთობლივად წარუძღვებიან მთავრობაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომას. 

წაკითხულია 41 ჯერ

Related items

  • ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოს დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით ესტუმრა

    საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ელი კოენი ეწვია, რომელიც საქართველოში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება. ბოლო შეხვედრა ორი ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შორის მიმდინარე წლის 26 მარტს ისრაელში შედგა.

    ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, აგრეთვე ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე.

    ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია კომპანია „ელბიტის“ ინვესტიციით თბილისში მაღალტექნოლოგიური საწარმოს საზეიმო გახსნაში მონაწილეობა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ტექნო პარკის დათვალიერება.

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ჩვენ კიდევ ერთ ახალ რეფორმას ვიწყებთ

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა თურქეთის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ახალი ინიციატივები.

    შეხვედრაზე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ შემოთავაზებულ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმებზე. აღნიშნული მექანიზმები თურქეთში წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, რაც შესაბამისად აისახა დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდაზე.

    „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ჩვენ კიდევ ერთი ახალი რეფორმის დაწყება გვსურს. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    აღსანიშნავია, რომ დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმები წარმატებით გამოიყენება ევროპის მრავალ ქვეყანაშიც და მათი მიზანია ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. საკრედიტო საგარანტიო ფონდების პოპულარობა, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა, რადგან ამ გზით მნიშვნელოვნად მარტივდება ფინანსებზე წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რაც ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს.

  • დ. ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის დელეგაციას შეხვდა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული გაერთიანების პრეზიდენტი აბდურრაჰმან ქაანი ხელმძღვანელობს. აღნიშნულმა ასოციაციამ თბილისში ოფისი დააფუძნა, რომელიც ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნა.

    შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად.

    დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე, რომელიც ყოველწლიურად ზრდის დინამიკით გამოირჩევა. მისი თქმით, აღნიშნულზე ასევე პოზიტიურად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანა და აგრეთვე საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი საწარმოების შექმნას, რაც თავის მხრივ, გარკვეულწილად, ქართული ექსპორტის დივერსიფიკაციასაც უზრუნველყოფს.  

    თურქული ორგანიზაციის პრეზიდენტმა აბდურრაჰმან კაანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა “MUSAID”-ის საქმიანობის შესახებ, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით. მისი თქმით, თურქული ასოციაცია შეძლებს, დაეხმაროს ქართველ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციისთვის საერთაშორისო ბაზრების მოძიებაში. გარდა ამისა, ასოციაციის პრეზიდენტმა ქართული მხარე მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბულში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია, რომელიც თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება. 

  • გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მადლობას უხდის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, მადლობას უხდის, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:

    “მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია გახლდათ საქართველოში და მინდა აღვნიშნო, რომ ვიზიტის შედეგად ფონდი მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.

    მინდა, მადლობა გადავუხადო მისიის ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისთვის, რა თქმა უნდა ადგილობრივ წარმომადგენლობას და მისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, რომლის დახმარებაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი -ფისკალური მაჩვენებლების გაჯანსაღების კუთხით, ქვეყნის სუვერენული ბალანსის გაჯანსაღების კუთხით და რა თქმა უნდა, საგადასახდელო ბალანსის გაჯანსაღების კუთხით, რაც სახეზეა და ეს, რა თქმა უნდა, არის წარმატებული რეფორმების განხორციელების შედეგი.

    უნდა ითქვას, რომ თანამშრომლობის პროგრამა, რომელი ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ ძალიან დადებითად იქნა შეფასებული პროგრამის მიმდინარეობა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2017 წელს გვქონდა, 2018 წლის დასაწყისი ასევე არის ძალიან კარგი.

    მოგეხსენებათ, რომ 2017 წელი ჩვენ დავხურეთ 5%-იანი ზრდით, 2018 წლის დასაწყისში, 2 თვის ჯამით, გვქონდა 4.9%, თუმცა თებერვლის დინამიკა კიდევ უფრო უკეთესი იყო, ვიდრე იანვრის და 5.5% გახლდათ ზრდა.

    კერძო სექტორში 2017 წელს ბრუნვები 19%-ით გაიზარდა და შეიქმნა 40 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.

    მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რომელიც მუდმივად პრობლემა გახლდათ - 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7% შეადგინა, რაც ძალიან სერიოზული გაჯანსაღების შედეგია.

    2017 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით - მილიარდ 862 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 16.2%-იანი ზრდაა.

    რეინვესტირებამ, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რეინვესტიციები, ეს ნიშნავს, რომ ის თანხა, რომელიც კომპანიას შეეძლო გაეტანა ქვეყნიდან და დიდწილად, ასე ხდებოდა, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად დარჩა ქვეყანაში, რეინვესტირდა ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში და ეს გახლავთ 130%-იანი ზრდა, 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

    საქონლის ექსპორტი - 2018 წლის პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები - ასევე, 28%-ით. ფულადი გზავნილები - 20%-ით გაიზარდა.

    რა თქმა უნდა, სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეს პოზიტიური დინამიკა აისახა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს შეფასებაში. კერძოდ, სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა, რომელიც გახლავთ სამ უმსხვილეს სარეიტინგო კომპანიას შორის გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. ხოლო „Fitch“-მა, რომელიც ასევე ერთ-ერთია ამ სამ კომპანიას შორის, გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მომავლის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.

    ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი და ის კურსი, რომელიც არის აღებული ხელისუფლების მიერ, არის სწორი და განსაზღვრულია იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახზე აისახოს ეს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ რეფორმირების პროცესი და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენამ იგრძნოს საკუთარ შემოსავლებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა.

    მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს თანამშრომლობისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია გახლავთ ის, რომ კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდში არის ძალიან კარგი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ჩვენგან მიდის პარლამეტში, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები სრულფასოვნად მუშაობდეს. ვფიქრობ, ეს წარმატება გამოხატულებაა ამ ძალიან კარგი კოორდინაციის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • საქართველო მონაწილეობას მიიღებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში

    ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

    პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

    „დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

    პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

    შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

    დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

    „შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

    ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

    საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

    დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

    შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

    შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

ბიზნეს ნიუსი

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გა...

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრ...

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გ...

პოპულარული

« მაისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური