გიორგი კვირიკაშვილი - თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მაისი 2018 17:36

თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

კვირიკაშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, რომ პარტიის ხელმძღვანელობის შეთავაზებას დათანხმდა. „მივესალმები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა, უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი „ქართული ოცნების“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო. 

ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში - აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას. აუცილებელია პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია და ეს გზა არ იყო მარტივი. „ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო. თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. 

მეგობრებო, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურებოდა. ჩვენი გუნდის და პირადად ჩვემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და პრემიერმინისტრის ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა. 

წაკითხულია 242 ჯერ

Related items

  • გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
    გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

    "ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

    შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

    ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

    პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

    მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

  • გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

    საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. 

    პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს, რასაც ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიც ადასტურებს.

    “სომხეთის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს, რაც ვფიქრობ, ჩვენს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის დასტურია. საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    თბილისის საკრებულოში სომხეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ახალქალაქში გაემგზავრება. ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დღეს საღამოს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

  • საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ თარიღზე მისი ვიზიტი სიმბოლურია. „ჩვენ ერთდროულად მოგვიწია დამოუკიდებლობის და პირველი რესპუბლიკის გამოცხადება. ეს თარიღი სულ ორიოდე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოში და ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა სომხეთის პრეზიდენტი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სომხეთის სტაბილურობა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდის მოვლენებს. სომეხმა ხალხმა გამოავლინა ერთობის და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რის შედეგადაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები გისურვოთ.

    დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ, ახალი სტიმული მივცეთ ორმხრივ ურთიერთობებს ქვეყანასა დ ხალხთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. გიდასტურებთ პირადად ჩემს და ჩემი მთავრობის მზადყოფნას ამისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ჩვენთვის ისტორიული და ადამიანური საფუძველი აქვს. ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებულნი და ეს კავშირი განუყოფელია. სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა.

    ეს გამოხატავს არა მხოლოდ ჩემი ხალხის, არამედ ჩემს პირად დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. გულწრფელად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ჩვენმა ქვეყანამ საიუბილეო ღონისძიებებში პრეზიდენტის დონეზე მიიღო მონაწილეობა, რაც იმის დასტურია, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამ თარიღს. დარწმუნებული ვარ, რევოლუციის შედეგად, სომხურ-ქართული ურთიერთობები განვითარების დიდ პერსპექტივას შეიძენს. ახალი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ და მეგობრული ფონი შევქმნათ. ჩვენ გვინდა, საქართველო ვიხილოთ ძლიერი და მდგრადი", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგი CNCEC საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის

    საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგის CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაი ჰეგენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
    საუბარი შეეხო გარდაბანში კომბინირებული ციკლის 230 მეგავატი სიმძლავრის მეორე თბოსადგურის მშენებლობის პროექტს, რომელსაც CNCEC-ის შვილობილი კომპანია TCC და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ერთობლივად ახორციელებენ. თბოსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება 159 მილიონი აშშ დოლარია. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკის სისტემისთვის, ენერგოსექტორის მდგრადობისა და განვითარებისთვის.
    შეხვედრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება და მთავრობა მიესალმება ჩინური კომპანიების მზარდ ეკონომიკურ ინტერესს რეგიონში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების პერსპექტივა, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.
    CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას კომპანია TCC-ის წარმომადგენლები, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური და ფინანსური დირექტორები დაესწრნენ. CNCEC პეტროქიმიური მრეწველობისა და სასუქების წარმოების სფეროში მოღვაწე 17 სახელმწიფო ჩინური კომპანიას აერთიანებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩინეთის ქიმიური ინდუსტრიის განვითარებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური