ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 08 მაისი 2018 13:05

საქართველოს თავდაცვით აღმშენებლობაში დახმარების მიზნით ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯონათან პერიშმა გააფორმეს. დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას გულისხმობს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები პროგრესულად ვითარდება. თავდაცვის მინისტრმა სტუმარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფება, რაც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტსა და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს.

თავის მხრივ, ჯონათან პერიშმა, ნატოს სახელით, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები ხაზგასმით აღნიშნა.

წაკითხულია 229 ჯერ

Related items

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.  თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები18-დან 50 წლამდე ასაკის მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებთი ანაზღაურება მიიღონ.  

    ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

    ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტის წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. 

    რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და  მათ  აქტიური რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

    საბუთები მიიღება 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

  • ლელა ჩიქოვანმა ნატოში ლატვიის თავდაცვის წარმომადგენელს მადლობის სერტიფიკატი გადასცა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატოსა და ევროკავშირში ლატვიის რესპუბლიკის  თავდაცვის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა აირის რიკვეილისს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ლატვიელ სტუმარს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობის სერტიფიკატი გადასცა.

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • „ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება“

    იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრები გამართა. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.

    „განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, რაც ასახული იქნება ერთობლივ სწავლებებსა და უფრო მეტ სამხედრო ხომალდების ვიზიტებში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მასში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს მიერ ერთობლივად შემუშავებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილია. ადმირალი ფოგო საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლებაზე იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი, ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტამდე შეხვედრებს ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობაში მართავდა. აღნიშნულ დისკუსიებს და შეხვედრებს მეთოდური და მიზანმიმართული ხასიათი აქვს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სტრატეგიული  მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანების განხორციელებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში უწყებათაშორისი შერეული დელეგაციით იყო წარმოდგენილი: შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი და მისი მოადგილე რამაზ პაპიძე. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

  • საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნორვეგიასთან ურთიერთობების გააქტიურების საკითხი დააყენა ნორვეგიის პრემიერთან ერნა სოლბერგთან შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა. ნორვეგიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

    ერნა სოლბერგი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით და საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლო პერიოდში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის, რუსიფიკაციისა და მასობრივი პასპორტიზაციის საკითხებზე.

    საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა საფრთხის ქვეშაა და მას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და ნორვეგიის პრემიერმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს კანდიდატების მხარდჭერის საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის პოსტზე და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე. ასევე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის თვალსაზრისით ნორვეგიის გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება, როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ასევე შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და შავ ზღვაში თევზის რეწვის სფეროს რეგულირებაში. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასაც.
    ,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შევხედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ.
    საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას"- აღნიშნა ერნა სოლბერგმა. 
    ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნისბგადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
    ,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. 
    მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის  პროფესიული განათლების მიმართულებით. 
    ,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად"- განაცხადა ერნა სოლბერგმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური