შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 მაისი 2018 12:11

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა დაკავებულია ორი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად, 2 თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.

პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, განხორციელდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა.

„ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით.

გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი.

მიმდინარე წლის 7 მაისს, აღნიშნული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორივე ბრალდებული ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით იქნა დაკავებული.

პოლიციამ, ქალბატონის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

წაკითხულია 313 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ”ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი - 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში, უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ლიფტის დემონტაჟის დროს, 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

    ,,სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რადგან ჩვენი ახალი მიდგომით, სწორედ ეს არის კარი, რომელიც უნდა შეაღო, თუ გინდა, რომ სისტემაში მოხვდე. ჩვენ გათვლას ღია კონკურსზე ვაკეთებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები მოვიზიდოთ. ეს დასაქმების ფორუმიც გვინდა, რომ ტრადიციად იქცეს და თბილისის ფარგლებს გასცდეს. შემოდგომაზე უკვე დასავლეთ საქართველოს მოვიცავთ. გვინდა, მეტად მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა, თუ დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები, სტაჟირებები და ეს სტაჟირებაც, რეალურად, არის გზა, რომ შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდეთ. იურისტებს, ალბათ, განსაკუთრებულად დააინტერესებთ გამომძიებლის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავნერგეთ და აღსანიშნავია, რომ ეს სტაჟირება ანაზღაურებადია. ასე რომ, ეს არის რეალური ვაკანსიები მათთვის, ვისაც ჩვენს სისტემაში უნდა მუშაობა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო ჯავახაძემ.

    ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ.

    საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა. სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს. 
    ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

    დასაქმების ფორუმზე სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.

    სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა, რის შედეგადაც დასაქმებული სტუდენტები სამინისტროში დღესაც მუშაობენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
     
    როგორც ერთი, ასევე, მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
  • მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.

    პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს - POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია. ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.
    კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

     მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობას, ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
     
    შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და სამართალდამცველთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული, იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.
     
    ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღვევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური