თავდაცვის სამინისტროში იან კელის გაცილების ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 22 მარტი 2018 19:21

„მოხარული ვარ, რომ ჩემი ელჩობის დროს კიდევ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა ჩვენი თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას“ , - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას აშშ-ის ელჩი.

საქართველოში იან კელის დიპლომატიური უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში მისი გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა,ლევან იზორიამ ამერიკელ დიპლომატს საქართველოში ნაყოფიერი მუშაობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა იან კელის სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. ლევან იზორიას განცხადებით, იან კელის დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა: „ბატონმა ელჩმა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყების მიმართ უდიდესი მხარდაჭერა გამოიჩინა. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან პრინციპული რეფორმები განვახორციელეთ, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. წარმატებებში პერსონალურად იან კელისაც დიდი წვლილი მიუძღვის, რასაც თავდაცვის სამინისტრო აფასებს და მადლიერებას გამოხატავს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იან კელი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ელიზაბეტ რუდი შეცვლის, რომელიც 2017 წლიდან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა.

წაკითხულია 298 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება: „რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად, საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    თავდაცვის სამინისტროში პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი თავდაცვის ყოფილ ატაშესთან ერთად იმყოფებოდა. ლევან იზორიამ პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს პრეზიდენტის ჯილდო - ღირსების მედალი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

  • თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
    14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ტრაგედიაა.
     
    გმირთა მემორიალთან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა სამხედრო პირები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
     
    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.  თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები18-დან 50 წლამდე ასაკის მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებთი ანაზღაურება მიიღონ.  

    ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

    ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტის წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. 

    რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და  მათ  აქტიური რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

    საბუთები მიიღება 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

  • „ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება“

    იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრები გამართა. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.

    „განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, რაც ასახული იქნება ერთობლივ სწავლებებსა და უფრო მეტ სამხედრო ხომალდების ვიზიტებში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მასში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს მიერ ერთობლივად შემუშავებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილია. ადმირალი ფოგო საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლებაზე იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი, ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტამდე შეხვედრებს ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობაში მართავდა. აღნიშნულ დისკუსიებს და შეხვედრებს მეთოდური და მიზანმიმართული ხასიათი აქვს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სტრატეგიული  მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანების განხორციელებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში უწყებათაშორისი შერეული დელეგაციით იყო წარმოდგენილი: შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი და მისი მოადგილე რამაზ პაპიძე. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური