ნერგების ფესტივალი-2018-ის ფარგლებში თბილისში 108 ნერგი დაირგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 მარტი 2018 16:09

დღეს, 12 მარტს, თბილისში, ვარკეთილის მე–4 მიკრორაიონში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში ნერგების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ჩინეთის სავაჭრო პალატის და GBTIMES Georgia-ს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

გამწვანების აქციის ფარგლებში დაირგო 108 ნერგი, რომელიც თბილისს საჩუქრად ჩინეთის სავაჭრო პალატისა და ჩინური კომპანიებისგან გადაეცა. ფესტივალში სულ 18 ჩინური კომპანია იღებდა მონაწილეობას. საქართველოში ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ მის სამშობლოში ნერგების დარგვის დღეს ყოველწლიურად, 12 მარტს აღნიშნავენ და უკვე მეორე წელია, რაც ეს ღონისძიება თბილისშიც იმართება.

„ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შარშან, 12 მარტს, ჩინეთ–საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად ჩავატარეთ ნერგების პირველი ფესტივალი და დედაქალაქს ფიჭვის 112 ნერგი ვაჩუქეთ. რამდენიმე დღის წინ, საქმიანობის 100 დღის შეჯამებისას, თბილისის მერმა კახა კალაძემ ხაზი გაუსვა თბილისის გამწვანების მნიშვნელობას.

ამდენად, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად წელსაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში. ჩინური ანდაზის მიხედვით, წინაპრების მიერ დარგული ხეების ჩრდილს მომავალი თაობები ეფარებიან. იმედი მაქვს, რომ ეს ხეები კიდევ უფრო გაალამაზებს თბილისს და ჩინურ-ქართული მარადიული ურთიერთობების სიმბოლო იქნება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

გამწავანების აქციის საინფორმაციო მხარდამჭერა უზრუნველყვეს რადიოებმა „შოკოლადი“, „JAKO FM” და “LIFE FM”, ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული ჟურნალი „National Geographic საქართველო“. თბილისის მერიის წარმომადგენელმა გიგა გიგაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის საელჩოს, GBTIMES Georgia–ს, გარემოს დაცვის სამინისტროს ფესტივალში აქტიური მონაწილეობისთვის.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, თორნიკე გვაზავას თქმით, იგი მოხარულია, რომ მეორედ იღებს მონაწილეობას თბილისის გამწვანების აქციაში და ეროვნული სატყეო სააგენტო მზად არის, მომავალშიც დადგეს ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც გარემოზე ზრუნვის შესანიშნავ მაგალითს იძლევა. ნერგების ფესტივალი-2018 ვარკეთილის სკვერში ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტით დასრულდა.   

ვასო კაპანაძე

წაკითხულია 430 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს 40,000 სამედიცინო ხალათის წარმოებაში

    ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს 40,000 სამედიცინო ხალათის წარმოებაში COVID-19-ის პასუხად.

    საქართველოს სამედიცინო ტექსტილის კომპანიამ ერთი კვირის განმავლობაში 40,000 სამედიცინო ხალათი გამოუშვა, მას შემდეგ, რაც დამატებით შეიძინა 12 საკერავი მანქანა ევროკავშირის პროექტის Clusters 4 Development დახმარებით.
    ახლა, მთლიანობაში 18 საკერავი მანქანით, კომპანიას შეუძლია დააკმაყოფილოს მაღალი მოთხოვნა ქირურგიულ ხალათებზე საქართველოში და აქტიურად შეუწყოს ხელი COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. 
     პროგრამას Clusters 4 Development აფინანსებენ ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა. პროგრამა მხარს უჭერს ბიზნეს-კლასტერების განვითარებას სამ სექტორში: ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები და ტურიზმი.
    გარდა ამისა, პროექტი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ინსტიტუციური ჩარჩოს გასაუმჯობესებლად კლასტერების და ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტი ხორციელდება ინიციატივის EU4Business ფარგლებში.

  • "ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა" - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი

    ახალი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ეპიდსიტუაციას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისი ხელმძღვანელობით, ჩინეთის კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის 6 სხდომა ჩატარდა შესაბამისი ზომების მისაღებად. იგი პირადად ეწვია უხანს წინა ხაზზე მდგომარეობის გასაცნობად. იგი საკუთარი ინიციატივით ატარებს ნიღაბს, იზომავს ტემპერატურას და მთელი ქვეყნის მოსახლეობას აძლევს მაგალითს. იგი მეთვალყურეობს და კომპლექსურ კოორდინაციას უწევს ეპიდემიის კონტროლისა და წარმოების აღდგენის სამუშაოებს. პრეზიდენტ სი ძინფინგის მეთაურობით, ჩინეთის მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღო, ყველაზე მკაცრი, ყოვლისმომცველი და რადიკალური ღონისძიებები გაატარა, ხოლო ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა ერთ მუშტად შეიკრა, სახლში დარჩენისა და იზოლაციის დაცვისაკენ ხელისუფლების მოწოდებას აქტიურად გამოეხმაურა და ეპიდემიის შესაჩერებლად ბრძოლაში თითოეული მოქალაქე ჩაერთო. ჩინეთის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, წარმოება და ცხოვრება სწრაფად უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. გარდა იმპორტირებული შემთხვევებისა, ჩინეთში შიდა გადაცემით გამოვლენილ დაავადებათა შემთხვევა ნულის ტოლია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 70 000-ზე მეტია.

    ჩინეთმა ფაქტობრივი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია, ხოლო ჩინური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი და ეფექტურია. ჩინეთის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა სამუშაოებმა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, ჩინელმა ხალხმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარა, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მკაცრი ზომები გაატარა, უდიდესი მსხვერპლი გაიღო და მთელი კაცობრიობის წინაშე დიდი წვლილი შეიტანა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ჩინეთმა ეპიდემიის ქვეყნის შიგნით გავრცელების მართვასთან ერთად, მის სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც შეუშალა ხელი და მსოფლიოს მოსამზადებლად ძვირფასი დრო მოაგებინა. 

    ჩინეთი არასოდეს დაივიწყებს ეპიდემიის ყველაზე მძიმე წუთებში, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერასა და უანგარო დახმარებას. ეპიდემიის გლობალურად გავრცელებით გამოწვეული მწვავე ვითარების წინაშე, ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, მოუდუნებლად გააგრძელებს როგორც ქვეყნის შიგნით ეპიდემიის მართვას, ასევე სხვა ქვეყნებთან ეპიდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას, გაუზიარებს მათ ეპიდემიასთან ბრძოლისა და განკურნების გამოცდილებას, რათა ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ გლობალური პანდემიის გამოწვევებს. პანდემიამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის. ეს ეპიდემია მთელი მსოფლიოსათვის სერიოზული გამოწვევაა და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევასა და რეაგირებას მოითხოვს. ეჭვს იწვევს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, რომ ტალახში ამოსვაროს ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთის მიერ გაწეული ძალისხმევა და ჩირქი მოსცხოს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩინეთის წვლილს.

    ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულად მიიღო, სწრაფი რეაგირება მოახდინა, გადამწყვეტი ზომები გაატარა, გაზარდა პრევენციისა და კონტროლის დონე და უზრუნველყო ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება. ყოველივე ამას ჩინეთი დადებითად აფასებს. მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს. ჩინეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს საქართველოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

    ჩინური მხარე გააგრძელებს ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სფეროში საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას. ქართული მხარის თხოვნის საპასუხოდ, ჩინეთმა თებერვლის თვეში უკვე მიაწოდა მასალები ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების, ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის და სხვ. შესახებ. თებერვლის შემდეგ კი, უკვე რამდენჯერმე გადავეცით ამ მასალების განახლებული ვერსიები. ეს ყოველივე ეპიდემიასთან ბრძოლისას პრაქტიკაში დაგროვილი ძვირფასი გამოცდილებაა და გვჯერა, რომ საქართველოს ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. გარდა ამისა, ჩინურმა მხარემ უკვე ორჯერ მიიწვია ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ქართველი სპეციალისტები რამდენიმე ქვეყნისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაზე შესაბამისი გამოცდილების გასაზიარებლად. კონფერენციაზე ჩინელმა სპეციალისტებმა დაწვრილებით ისაუბრეს ეპიდემიის გავრცელებისა და სპეციფიკის შესახებ, გაუზიარეს გამოცდილება ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, კლინიკური მკურნალობის, საბაჟო სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის შესახებ და დაწვრილებით უპასუხეს მხარეების შეკითხვებს. მომავალში ჩინეთი მზადაა ქართული მხარის სურვილისა და საჭიროების მიხედვით, კიდევ გამართოს მსგავსი ღონისძიებები, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის კუთხით საქართველოს გაუზიაროს „ჩინური გამოცდილება“ და „ ჩინური გეგმა“.

    ჩინური მხარე მზადაა შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს დასახმარებლად. ჩინეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქართული მხარისთვის ვირუსის გამოსავლენი 1000 ერთეული რეაქტივების ნაკრების გადაცემის თაობაზე. გარდა ამისა, ჩინეთის სიჩუანის პროვინციამ საქართველოს 420,000 აშშ დოლარის ღირებულების ვირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. ჩინეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, საერთაშორისო ლოჯისტიკის შეფერხებით გამოწვეული სიძნელეების გადასაჭრელად, რათა ზემოხსენებული უახლოეს მომავალში გამოიგზავნოს საქართველოში, დაეხმაროს საქართველოს გააუმჯობესოს ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობები და სიჩქარე და უკეთ უზრუნველყოს ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. გარდა ამისა, ჩინეთი კიდევ შეისწავლის საქართველოსთვის სხვა სახის მატერიალური სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხს.

    ცნობილი ჩინელი პოეტი ლი პაი წერდა: „დრო მოვა, ვერ შემაშინებს ქარი და ტალღები, გავშლი იალქნებს და გადავსერავ უკიდეგანო ლურჯ ზღვას“. ქართული ანდაზის მიხედვით, ხანი გაივლის, ჭირი გადაივლისო. ვირუსი ულმობელია, ადამიანი კი - ლმობიერი. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამოწვევის წინაშე ჩინელები მეგობარი ქართველების გვერდით ვართ, უბედურების ჟამს ერთმანეთს ვეხმარებით და დროებით სირთულეებს ერთად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, ეპიდემია მალე ჩაქრება და მასთან ბრძოლაში გამობრძმედილი ჩინურ-ქართული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო ძლიერ განვითარდება.

  • PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“

    დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი - ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ტრენინგების ჩატარების იდეას კომპანია PSP პირველი გამოეხმაურა.

    24 თებერვალს PSP აკადემიაშიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის პროექტის პირველი ტრენინგი ჩატარდა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის ტრენინგების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.

    ტრენინგების მიზანი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაუმჯობესებაა სხვადასხვა საჭიროების მქონე თანამოქალაქეებთან. სწორედ ამიტომ ტრენინგს PSP-ს სერვისი უზრუნველყოფის, აფთიაქების მენეჯერები, მომხმარებელთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ტრენინგ-ცენტრის, იურიდიული, რეგიონალური, HR დეპარტამენტების თანამშრომლები დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას როგორ მოიქცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, რომ არ შეიქმნას უხერხული სიტუაციები, როგორც უნებლიე დისკრიმინაციით (მაგ. არასწორი ტერმინოლოგიის გამო) ან მეტისმეტი მზრუნველობის ფონზე.

    „PSP-ს მთავარი ორიენტირი 25 წელია მოხმმარებლის ინტერესები და მათზე ზრუნვაა; ამიტომ ჩვენ შემოთავაზების მიღებისთანავე გამოვხატეთ მზაობა გავცნობოდით და მომსახურების პროცესში დაგვენერგა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მითითებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორი ურთიერთობის შესახებ. მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია და შესაბამისი ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის კუთხით, რაც ხშირად იწვევს უხერხულ სიტუაციებს, განსაკუთრებით ზედმეტი ყურადღების და მზრუნველობის გამოხატვით. ტრენინგზე მიღებულ ინფრომაციას კომპანიის ყველა თანამშრომელს გავაცნობთ, რაც ჩვენს მომსახურების პროცესს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში თანასწორუფლებიანს და კომფორტულს გახდის“- აცხადებენ -PSP-ში.

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  ლი იენთან.

    შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.

    ლი იენმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

    ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველომ პარტნიორების დახმარებით, ჩინეთიდან რამდენიმე მოქალაქის ევაკუირება მოახდინა და მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს ამ პროცესში თანამშრომლობისთვის.
    ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საკითხის არასწორი ინტერპრეტირება და თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი მღელვარება.
    მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი უმოკლეს ვადებში შეძლებს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და აღნიშნულ პროცესში ჩინეთის სამთავრობო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

    შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს.
     

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  ლი იენს შეხვდა.

    შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს აცნობა, რომ ჩინურმა მხარემ დაასრულა შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“ შეთანხმებაზე. აღინიშნა, რომ შესაბამისი პროცედურები დასრულებულია საქართველოს მხრიდანაც, რის საფუძველზეც შეთანხმება უახლოეს პერიოდში შევა ძალაში.
    შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დი...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური