უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 15:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ეკატერინე მაჭავარიანმა უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

პრეზენტაციაზე ეკატერინე მაჭავარიანმა უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირის, ასევე, შენგენის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკასა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მარტში იგეგმება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპოლში, სადაც ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერება ხელი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლში წარადგენს მეკავშირე ოფიცერს და შეიქმნება ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხი, რომლითაც მოხდება ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან. მისივე თქმით, საქართველო წარმატებით ასრულებს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ხელშეკრულებას, რაც ასევე აღნიშნულია საქართველოს პარტნიორი ქვეყნების შეფასებებში.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია საზოგადოებისთვის უვიზო მიმოსვლის წესების კიდევ ერთხელ შეხსენება, მათი შემდგომი დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ქვეყნებთან 2013 წლიდან ახორციელებს ეფექტიან თანამშრომლობას საპოლიციო სფეროში. საქართველოს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში ჰყავს წარგზავნილი და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანასთან თანამშრომლობს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

წაკითხულია 526 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.

    მათი მონაცემებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა  საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ  პროექტებში და ავღანეთში მიმდინარე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში".

    შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანს არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად. 

    მხარეები მიესალმნენ ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც მნიშვნელოვან წინსვლას ამ მიმართულებით და საარჩევნო სისტემის რეფორმას. 

    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო პერიოდში, როდესაც პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს უკანონო მოქმედებები და პროვოკაციული ნაბიჯები. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის დაჭრის და მისი უკანონო დაკავების ფაქტს. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. 

    გენერალური მდივნის მოადგილემ და საქართველოს დელეგაციამ მზაობა გამოთქვეს  განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა  საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის განმტკიცების პროცესში. 

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა მირჩა ჯოანას წარუდგინა საქართველოს ახალი ელჩი ნატოში - ვიქტორ დოლიძე, რომელმაც გენერალური მდივნის მოადგილეს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

  • საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.

    მისივე თქმით, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან.

    ● საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

    ● საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს.

    ● დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან:

    1. გერმანია
    2. საფრანგეთი
    3. ლატვია
    4. ლიეტუვა
    5. ესტონეთი

    ● ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს.

    ● ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

    ● საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

    ● მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

    ● ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

    ● საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

    ● რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

    ● ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

    ● ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

    ● ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

    ● ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

    ● აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

    ● შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

    ● რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.

    ● ამასთან, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.

    ● აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:

    13 ივლისი - ვარშავა,
    15 ივლისი - ბარსელონა,
    17 ივლისი - რომი,
    22 ივლისი - პარიზი,
    28 ივლისი - ათენი.

    ● აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

    ● ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.

    ● აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.

    ● აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები.

    ●საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

    ● ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

     

    მთავრობის ადმინისტრაცის პრეს-სამსახური

  • საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში გამგზავრებას

    მიმდინარე კვირაში საქართველო ჩართეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც ევროკავშირმა გასცა რეკომენდაციები ევროკავშირში უკიდურესი აუცილებლობის გარეშე მგზავრობაზე დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ.
    რეკომენდაციაში მოცემული კრიტერიუმების და პირობების საფუზველზე, 1 ივლისიდან ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაიწყონ სამგზავრო შეზღუდვების მოხსნა გარე საზღვრებზე რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველო აღმოსავლეთ სამეზობლოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ სიაში იქნა შეტანილი. გარდა საქართველოსი, ამ ქვეყნების სიაში არიან - ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, ჩერნოგორია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი.
    სია დაექვემდებარება გადახედვას, და საჭიროების შემთხვევაში, განახლებას ორ კვირაში ერთხელ.

     ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში

     

  • ევროკავშირის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მთლიანი დაფინანსება 36 მილიარდ ევროს აღწევს

    საქართველო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს ენერგოსექტორის რეფორმის გასატარებლად გერმანიის განვითარების ბანკისგან KfW (გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკი) და ფრანგული განვითარების სააგენტოსგან (AFD) დირექტიული კრედიტების ფორმით, ხოლო ევროკავშირისგან - გრანტის ფორმით.
    დაფინანსების მიზანია საქართველოს რეფორმების პროგრამით გათვალისწინებული ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერა.
    ევროკავშირის 8.5 მილიონამდე ევროს ოდენობის გრანტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის კანონქვემდებარე აქტების შემუშავებას 2020-2021 წლებში.
    გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) 7.5 მილიონამდე ევროს ოდენობის გრანტი დააფინანსებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს ბათუმის სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში. გარდა ამისა, ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის დახმარებით გერმანიის განვითარების ბანკი (KfW) ამზადებს რეაბილიტაციის საინვესტიციო პროგრამას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად საქართველოს სკოლებში.

    ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში

     

  • საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ევროკავშირის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია

    ევროკავშირი ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტია, და ის არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ენდობა რესპონდენტების უმრავლესობა (60%) აღმოსავლეთ სამეზობლოში.
    მთელი რეგიონის მოქალაქეთა ორი მესამედი (70%) თვლის, რომ ურთიერთობები ევროკავშირს და მათ ქვეყანას შორის არის “კარგი”. აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეთა 57% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ხოლო მათი 53% ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
    ეს არის რამდენიმე შედეგი 2020 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ჩატარდა.
    ეს კვლევები აფასებს ევროკავშირის ზოგად აღქმას, მასთან დაკავშირებულ ფასეულობებს, ურთიერთობებს ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერის ეფექტურობას.
    საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაო ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე - COVID-19-ის კრიზისის დაწყებამდე - და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ამონარჩევში თითოეულ ქვეყანაში.
    დამატებითი ინფორმაცია:  

    ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში 

     

     

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური