საქართვლოსა და კვიპროსს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 15:25

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს კოსტა კადისს უმასპინძლა. მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია გაცვალეს და მომავალ თანამშრომლობაზე მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის თანახმად, სწავლის აკადემიური პროგრამების ხელმისაწვდომობის მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიური კვალიფიკაციის ორმხრივ აღიარებას ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში. ასევე უზრუნველყოფენ მეცნიერთა, საგანმანათლებლო ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციებში, კონგრესებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას, რომელიც გაიმართება როგორც კვიპროსში, ასევე საქართველოში.

ორ მხარეს შორის თანამშრომლობა მეცნიერების სფეროშიც გაღრმავდება. მხარეები მხარს უჭერენ თანამშრომლობას და პირდაპირი კონტაქტების დამყარებას კვიპროსის უმაღლესი სასწავლებლებსა და საქართველოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის. გარდა ამისა, ხელს შეუწყობენ აკადემიური პერსონალის, მკვლევარების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო სასწავლო გაცვლითი პროგრამების დანერგვასა და გაფართოებას.

შეხვედრაზე კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ქართველ კოლეგას ასევე გააცნო საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება კვიპროსის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ მნიშვნელოვან განათლებას გარემოსთან დაკავშირებით და ასევე ხდება გარემოსდაცვითი საქმიანობის წახალისება. მიხეილ ჩხენკელმა დაინტერესება გამოხატა პროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და შესაძლებელია, პირველ ეტაპზე, აღნიშნული პროექტის ჩვენ ახალგაზრდულ ბანაკებში დანერგვა.

 

წაკითხულია 337 ჯერ

Related items

  • თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

    მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

    მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

    ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

    შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

  • ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია RPM W.L.L. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ მოაწერეს.  

    მემორანდუმის თანახმად, კომპანია RPM W.L.L. დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ნავთობისა და გაზის გადამუშავებასა და სხვ. კომპანიამ ასევე გამოხატა  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების ინტერესი.  

    მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად.

  • PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

    23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპანია PSP და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა.
    მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაჯილდოვდა 3 გამარჯვებული, რომელთაც PSP-ს მიერ 14 აპრილს გამოცხადებულ კონკურსში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. ქართული ენის დღეს PSP-ს მიერ გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს მარტივად შეეძლო. საკმარისი იყო მხოლოდ ქართული ანბანის ლამაზი კალიგრაფიით დაწერა და JLIB_HTML_CLOAKING ზე გამოგზავნა. კომპეტენტურმა ჟურიმ, რომელშიც PSP-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ხელნაწერთა წეროვნული ცენტრის და გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლები შედიოდნენ, სამი გამარჯვებული გამოავლინა ორშაბათს, 22 აპრილს.

    გამარჯვებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან: „საუკეთესო კალიგრაფიის“ სერტიფიკატის მფლობელი წალენჯიხელი ნონა მიქავა და „ყველაზე შემოქმედებითი“ ნამუშევრის ავტორი ქუთაისელი მაკა ბარდაველიძე პედაგოგები არიან, „ყველაზე ორიგინალური“ ნამუშევრის ავტორი ზუგდიდელი ჯესიკა ჩხაპელიაა. გამარჯვებულებს სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად გადაეცემათ პალიტრა L-სგან წიგნი „33 ემოცია“, ეროვნული ბიბლიოთეკისგან სასაჩუქრე ალბომი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან ალბომები “ქართული კალიგრაფია“ და „ქართული ხელნაწერი“, პოსტერი „ქართული ანბანი“ და კოსმეტიკური პროდუქციის ნაკრები კომპანია PSP-სგან.

    PSP-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი მრავალმხრივ ურთიერთობას ითვლისწინებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კამპანია „აჩუქე წიგნები“-ს ფარგლებში PSP-ს თანამშრომლების მიერ მუდმივად მოხდება სასწავლო წიგნების და მხატვრული ლიტერატურის შეგროვება, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ დიასპორებსა და მიზნობრივ ჯგუფებს გადასცემს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით PSP-ს აფთიაქებში მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი წიგნების შეგროვება- გადაცემის ორგანიზებას ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, ასევე რეგიონებში ბიბლიოთეკებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი მოსახლეობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

    „PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ბევრი სასიკეთო და ეროვნული საქმის გაკეთების საფუძველი გახდება და PSP წიგნიერებისა და განათლების გავრცელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“ - აცხადებენ PSP-ში.

    „ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების ჩართულობა წიგნიერების და განათლების ხელშემწყობ პროგრამებში, განსაკუთრებით ისეთი სერიოზული და ლიდერი კომპანია როგორიც PSP-ეა. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობის“ - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

  • სალომე ზურაბიშვილი - კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ახალი ეტაპი იწყება

    საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, გამართეს.

    შეხვედრებისას აღინიშნა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პირველია დიპლომატიურ ურთიერთობათა გაფორმების დღიდან, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა პროგრესირებს. კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი დახვედრისთვის. ,,მადლობა, მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცა შანსი და პირველად, 27 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში ვეწვიე საქართველოს. მოგვეცა შანსი, რომ განვიხილოთ, რა სახის ურთიერთობა გვექნება და როგორ განვავითარებთ სექტორულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნიკოს ანასტასიადისიმ.

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში, კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება. ,,ეს ურთიერთობები უკვე განვითარებულია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თქვენი ჩამობრძანდებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

    საქართველო დადებითად აფასებს, კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მის აქტივობებს, რომელიც წინ უძღოდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებას. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის რეგულირებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაა, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან აწარმოებს მონიტორინგს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა სადამკვირვებლო მისიაში კვიპროსის კონტრიბუციის მნიშვნელობა, დღეისათვის მისიაში 3 კვიპროსელი დამკვირვებელი მუშაობს. შეხვედრისას განიხილეს ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გააქტიურების საკითხი და სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგების და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების მაღალ პოლიტიკურ დონეზე განხილვისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, კვიპროსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

    აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ანასტასიადისი სადამკვირვებლო მისიას ეწვევა და პირადად მათგან მიიღებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველო და კვიპროსი პატარა, მაგრამ უდიდესი ისტორიის და კულტურის ქვეყნები არიან. ორივეს ტერიტორიული პრობლემები აქვს და ორივე სახელმწიფოს უპირველესი მიზანი ქვეყნის ტერიტორიის გაერთიანებაა. ტერიტორიული საკითხების გადასაწყვეტად, კი, საქართველოს ერთადერთ გზად, მხოლოდ მშვიდობიანი გზა ესახება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას: ტურიზმის, კულტურის, განათლების, არქეოლოგიისა და კვლევითი საქმიანობის სფეროში. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო -კვიპროსის ბიზნეს ფორუმი, რომელიც 18 აპრილს თბილისში ჩატარდება.

    გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში რევაზ ლომინაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. კვიპროსის მხრიდან: კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჰელენა მინა, კვიპროსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი პანტელის პანტელიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნეოფიტოს კონსტანტინუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჯორჯ სტავრინუ.

  • სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ და ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

    ლიბერთი , სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას 2019 წელსაც აგრძელებს. მემორანდუმის თანახმად, ბანკი, 1 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 46 მცირე საოჯახო ტიპის სახლის, მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფრისა და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული 2 საოჯახო ტიპის სახლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აანაზღაურებს.

    აღნიშნული მემორანდუმი, კერძო სექტორის და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ლიბერთი სოციალური მომსახურების სააგენტოს გამორჩეული პარტნიორია და უკვე მეოთხე წელია, ქვეყნის მასშტაბით, არსებული მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს.

    „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყების პარტნიორული თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების მიმართ, მით უფრო როცა ინიციატივა კერძო სექტორიდან მოდის და მხარდაჭერა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. დიდი მადლობა ლიბერთის ამ თანადგომისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის წარმატებით და ხარისხიანად უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თამაზ მოდებაძემ.

    2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 44 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 186 ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება.

    ,,მოხარული ვართ რომ წელს კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ვიზრუნოთ მათზე ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება თანადგომა. ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალურ ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე მუდმივი ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირება წარმოადგენს.

    მომავალში, ამ მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომლის წარმატებული განხორციელება მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნვის მაგალითი გახდება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვიყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით’’ - აღნიშნა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური