საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ ქართველი სინოლოგებისათვის გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 თებერვალი 2018 12:27

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ ქართველი სინოლოგებისათვის გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მინისტრის მოადგილემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იანჩმა.
 
გიორგი შარვაშიძემ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.
 
„სასიხარულოა, რომ საქართველო და ჩინეთი სწრაფი ტემპით ავითარებენ თანამშრომლობას, გასულ წელს ჩვენ მასშტაბურად აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. ამ ხანმოკლე პერიოდში ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძელით, აგვეშენებინა ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის მყარი ფუნდამენტი. წლევანდელი წელი ორი ქვეყნის ურთიერთობაში გამორჩეულად დადებითად დაიწყო: 1 იანვარს ძალაში შევიდა საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რაც უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის ქართველი და ჩინელი მეწარმეებისთვის“. - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
გიორგი შარვაშიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ჩართულობას „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში და განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებს, სტაბილურობასა და მშვიდობას.
 
„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფართომასშტაბიანი პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩინეთს და საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს და იქნება ახალი ამოუწურავი შესაძლებლობების წყარო.“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
 
აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულად, ჩინური ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება და მისი მიზანია ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ხალხთა შორის ურთიერთობების გაზრდა.

წაკითხულია 48 ჯერ

Related items

  • ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

    პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრისას საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე ისაუბრა და ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეული მიმართულებები განიხილა. 

    შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლები 2017 წელს და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს საგარეო ვაჭრობის კუთხით. მაგალითად, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 23 პროცენტით გაიზარდა და 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტზე ჩინეთში, რომელმაც 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, 7,6 მლნ ბოთლს გადააჭარბა.  აღინიშნა, რომ 2018 წლიდან ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

    შეხვედრაზე განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერს დაგეგმილ იმპორტის გამოფენაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის მონაწილეობაზე, რომლის დროსაც ქართველ ბიზნესმენებს პოტენციურ პარტნიორებთან საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა ექნებათ. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის მხარეებმა ტურიზმიც დაასახელეს, სადაც თანამშრომლობა აგრეთვე მზარდი დინამიკით ხასიათდება. 

    მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ მაღალი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც შარშან შემოდგომაზე გაიმართა. 

    შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და მასთან ერთად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პროცესში ჩინური კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. 

    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდება, რაც პოზიტიურად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებზე. 

  • 1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა
    2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 

    შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

    ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით - 270%). 

    2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

    საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.
  • თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის

    მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ - ციენ ქემინგმა, ჩინეთის მთავრობის სახელით საზეიმოდ განაცხადა, რომ 2017 წლის მაისში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2018 წლის 1 იანვარს ოფიციალურად ამოქმედდება.

    თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია ვაჭრობაზე ბარიერების მოსახსნელად, პროდუქციისა და სერვისებზე თავისუფალი წვდომისა და ეკონომიკური სტრუქტურების ოპტიმიზაციისათვის და სრულად შეესაბამება ეკონომიკური გლობალიზაციის განვითარების დღევანდელ შეუქცევად ტენდენციას. ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე, ჩინეთმა და საქართველომ 2015 წლის დეკემბერში დაიწყეს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ერთობლივი მუშაობის შედეგად, სულ რაღაც ორწლიან პერიოდში დასრულდა მოლაპარაკებებთან, ხელმოწერასა და ძალაში შესვლასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ევრაზიის რეგიონში პირველად სწორედ საქართველოსთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამასთანავე, 2013 წელს პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთმა მსგავს შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამიტომ ეს შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის, ასევე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მონაწილე ქვეყნებს შორის კავშირების გასამყარებლად.

    თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება - დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ყველაზე დიდი საჩუქარია. 9 ივნისს ჩინეთმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე იზეიმეს. თვალს თუ გადავავლებთ ერთად განვლილ მეოთხედ საუკუნეს, დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყნები ურთიერთობების განვითარების კარგ ტენდენციას ინარჩუნებენ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა მუდმივად იზრდება, ორ ერს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობაც ძლიერდება. ამ წლის ინვარი-ოქტომბრის მონაცემებით, ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 728 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას. დღესდღეობით რამოდენიმე ათეული მსხვილი ჩინური კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, ფინანსებისა და სხვა სფეროებში. ისინი ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, სამუშაო ადგილების შექმნას და მოგებიდან მიღებული გადასახადების ზრდას. წელს გაიხსნა ჩინური კომპანიების მიერ აშენებული ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი სამხრეთ კავკასიაში და ყველაზე დიდი გვირაბი საქართველოში. ამავდროულად, კულტურისა და განათლების მიმართულებით კავშირებიც იზრდება. გახშირდა გაცვლითი ვიზიტები ხელოვნებისა და კულტურის წრეებს შორის. დღესდღეობით საქართველოს 28 უნივერსიტეტსა და სკოლაში ისწავლება ჩინური ენა, ხოლო შემსწავლელთა რაოდენობა 1100-ზე მეტია. ჩინური ინსტიტუტებიც აქტიურად განიხილავენ ქართული ენის სპეციალობის გახსნის შესაძლებლობას. ორი ქვეყნის მეგობრობა თაობიდან თაობას გადაეცემა. დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ისტორიულ მომენტში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ამოქმედება - ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში მიღწეულ წარმატებას წარმოადგენს და ჩინელი და ქართველი ხალხისადმი მიძღვნილი საუკეთესო საჩუქარია.

    თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება დიდ სტიმულს მისცემს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ერთობლივ მშენებლობას. 2013 წელს პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიცირების შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო მასში. მხარეებმა „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპის დაცვით ნაყოფიერ შედეგებს მიაღწიეს პოლიტიკური კოორდინაციის, ინფრასტრუქტურული კავშირების, ბარიერების გარეშე ვაჭრობის, ფინანსების ბრუნვისა და ხალხთაშორისი კავშირების ხუთივე მიმართულებით. 2014-2016 წწ. ჩინეთსა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის ჯამურმა სავაჭრო ბრუნვამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს, ხოლო ჩინეთის მიერ ამ ქვეყნებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 50 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინურმა კომპანიებმა ოცზე მეტ ქვეყანაში 56 ეკონომიკური თანამშრომლობის ზონა შექმნეს, გადასახადების სახით 1.1 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოუტანეს და 180 000 სამუშაო ადგილი შექმნეს. საქართველო თავიდანვე აქტიურად ჩაერთო „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში; ძალას არ იშურებს, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო, სატრანზიტო და ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მიერ ცოტა ხნის წინ ორგანიზებული თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელმაც ხუთი კონტინენტის 2000-მდე დელეგატი, მათ შორის მთავრობის, ბიზნესის, მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები შეკრიბა თბილისში. მათ თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშნებლობას. ჩინურმა მხარემ ამ ფორუმს ძალიან მაღალი შეფასება მისცა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ სავაჭრო ოპერაციების თვითღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო თანამშრომლობა არსებითად გამოცოცხლდება და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა წამყვან როლს შეასრულებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობაში. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ორმხრივი თანამშრომლობის ამომავალი წერტილი იქნება. ძველი აბრეშუმის გზის მარგალიტი - საქართველო კიდევ უფრო გაბრწყინდება.

    თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის ყოველმხრივ აყვავებას შეუწყობს ხელს. ჩინელმა მეჩაიემ - ლიუ ძძუინჭოუმ ასი წლის წინ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ჩაის, ციტრუსისა და ტუნგის მოყვანა დაიწყო, რითაც ჩინეთ-საქართველოს შორის სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის ისტორიაში ახალი გვერდი გადაფურცლა. დღეს საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ჩინური სტანდარტის თანამედროვე სასათბურე მეურნეობა. ჩინურ კომპანიებს თვალსაჩინო პროგრესი აქვთ ჩაის მეურნეობის აღდგენის მხრივაც. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად, სულ მალე ჩინურ ოჯახებში ქართულ ღვინოსთან, მინერალურ წყალთან და ჩირთან ერთად, ვიხილავთ „დამზადებულია საქართველოში“-ს ეტიკეტის მქონე ბოსტნეულს, ჩაისა და სხვა კულტურებს. ორმხრივი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში მნიშვნელოვნად გაიზრდება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშნებელობაში მიღწეული პროგრესის გამო, უფრო და უფრო მეტ ჩინელს უჩნდება საქართველოს მიმართ ინტერესი. წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს. ისტორიულად ყველასთვის ცნობილია ჩინეთის „ოთხი დიდი გამოგონება“. დღეს კი მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს „ახალი ოთხი დიდი გამოგონება“: ჩქაროსნული რკინიგზა, „ალიფეი“, საზოგადოებრივი ველოსიპედი, იგივე „ბაიკშეარინგი“ და ინტერნეტ-ვაჭრობა. ჩინეთმა და საქართველომ უკვე დაიწყეს „ახალი ოთხი დიდი გამოგონების“ საქართველოში დანერგვის საკითხის შესწავლა. იმედი გვაქვს, რომ ეს ოთხი გამოგონება, ჩინელების მსგავსად, ქართველებსაც მალე მოუტანს კომფორტს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება სტიმულს მისცემს ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალის ათვისებას, გააფართოვებს თანამშრომლობის სფეროებსა და მიმართულებებს და ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის „გამყარებასა“ და „სრულ დაფარვას“.

    2018 წელი ჩკპ მე-19 ყრილობაზე მიღებული ქვეყნის სამომავლო განვითარების გეგმის იმპლემენტაციის დაწყების წელია. ამავდროულად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში მეორე ოცდახუთწლიანი პერიოდის დაწყების წელიცაა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებით ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ძველი ჩინური ანდაზის მიხედვით: „ათასი ლი ნაბიჯის გადაუდგმელად არ დაილევაო“. ქართველები კი ხშირად ამბობენ: „კარგ საძირკველზე კარგი კედელი ამოვაო“. ჩინური მხარე მზადაა ქართულ მხარესთან ერთად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებით მიღებული კარგი შესაძლებლობა, განაგრძოს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოება, რათა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობით მეტი რეალური სარგებელი მოუტანოს ორ ერს და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების 2.0 ვერსია შექმნას.

  • დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ვაფორმებთ

    საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა. 

    ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკების და ინოვაციების შესახებ. 

    „ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

  • საქართველოს პარლამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

    აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარს დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ. გარდა ამისა, შეთანხმება მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

    დოკუმენტში, რომელიც მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობებია განსაზღვრული. ამასთან, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების ზრდას. გარდა ამისა, დოკუმენტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას.

    შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში, ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

    საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური