"ბერძენ ხალხთან თანაშრომლობისა და გეპოლიტიკური ალიანსების შეკვრის ათასწლეულების გამოცდილება გაგვაჩნია" - პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018 18:43

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა და პროკოპის პავლოპულოსმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილმა ბერძენ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც სბერძნეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ავლენს.

,,ჩემთვის და ჩემი დელგაციისათვის ათენში ყოფნა უაღრესად ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია.

მეძლევა შესაძლებლობა დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, ბერძენ ხალხს და ბერძნულ სახელმწიფოს, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში ჩვენ თქვენგან ვხედავთ.

თქვენ ძალიან ნათლად დაუჭირეთ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს, თქვენ ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირეთ ოკუპაციის საკითხებთან დაკავშრიებით, რომლებიც ჩვენ ძალიან გვტიკივა და გვაღელვებს და თქვენ მიეცით შესაძლებლობა საქართველოს კიდევ უფრო ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ ალიანსში.

ყველა საერთაშორისო ფორმატში და ყველა საერთაშორსო გლობალურ ფორუმზე საბერძნეთს უკავია საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისეთი პოზიციები, რომლებიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ჩვენთვის სასარგებლოა.

ჩვენ ვხედავთ და ვნახეთ ბერძენი ხალხის გვერდში დგომა მაშინაც, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა და ათასობით ქართველმა საბერძნეთში ეკონომიკური სირთულეებისგან ნახა თავშესაფარი და ამისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბერძენ ხალხს.

ბატონო პრეზიდენტო, ნათელია, საბერძნეთის ძირითადი პრინციპი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში: ეს არის მკაფიოდ, კანონის უზენაესობა და ალბათ, ამიტომაც ჩვენი შეხედულებები ძალიან ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს.

ჩვენ, ქართველები ნათლად ვხედავთ ჩვენს მომავალს ევროპულ ერთა ოჯახში და ამის არგუმენტად ჩვენ მოგვყავს ჩვენი უძველესი ენის ევროპულობა.

ყველაზე სწორი ადგილი, რომ ჩვენ დავადასტუროთ ეს ევროპულობა, ალბათ, სწორედ ათენში ყოფნაა, იმ დედაქალაქში, რომლის მიმართაც ჩემმა ერმა, 15 საუკუნის წინ, გააკეთა გეოპოლიტიკური არჩევანი და ამის მერე, ჩვენი ორი ერი სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ საკითხებში სულ ერთად მოდიოდა.

ჩვენ არამხოლოდ გავაკეთეთ რელიგიური არჩევანი, არამედ გეოპოლიტიკური ალიანსი შევკარით, რომელიც თვისობრივად განაპირობებდა ვითარებას მსოფლიოს ამ რეგიონში და დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ამ თვალსაზრისით, რადგანაც უკვე ახალ ვითარებაში, საქართველო ხდება შემაერთებელი ხიდი აზიურ და ევროპულ ეკონომიკებს შორის : იქნება ის ნავთობსადენი, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს დაუკავშირებს სამხრეთ ევროპას და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვნად საბერძნეთს.

 

ეს პროექტები, რომლებიც აკავშირებს კასპიის რეგიონს შავი ზღვის რეგიონს და შემდგომ მთლიანად ევროპულ სივრცეს, სწორედ საქართველოს მეშვეობით და საქართველოზე გავლით ხორციელდება.

ამ კონტექსტში, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში.

შესაბამისად, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ როგორც ერებს გაგვაჩნია ათასწლეულების გამოცდილება ერთმანეთთან თანაშრომლობის და არამხოლოდ კულტურული, ან სულიერი არამედ, პოლიტიკური ალიანსების შეკვრის თვალსაზრისით.

ჩვენ დღეს ნათლად მივისწრაფით ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ, რომლის ნაწილიც საბერძნეთია და მადლობელი ვართ იმისთვის, რომ საბერძნეთი ამ თვალსაზრისით გვიხსნის ყველა შესაძლებლობას. მე ვხედავ ორმხირივი ურთიერთობის დინამიურ განვითარებას და მინდა მადლობა კიდევ ერთხელ უნდა გადაგიხადოთ.

დაბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, მომავალ წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ვზეიმობთ, ქართველი ხალხისთვის და ჩემთვისძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ, თქვენ მოახერხებდით 26 მაისს ჩვენს ამ ღონისძიებაზე დასწრებას და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდით ჩევნს ერებს შორის თანამშრომლობის ღრმა ტრადიციებს”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საბერძნეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპული კურსისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

,,საბერძნეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ორ ძირითად ღერძზეა დამყარებული: პირველი - ეს არის ჩვენი ძლიერი და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისადმი, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების არსებობა ევროპულ სივრცესთან. მეორე კი, ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრისათვის, ისევე როგორც ამას გაეროს მოთხოვნები ითვალისწინებს.

ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვეფუძნებით ევროპის სამართალსა და საერთაშორისო სამართლით მიღებულ წესებს და კანონებს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის შიდა ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვეფუძნებით საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით ვაწარმოებთ ჩვენს ურთიერთობას გარეშე ქვეყნებთან.

ჩვენ ვიცით, რომ ეს პრობლემები არსებობს, მაგრამ ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ როდესაც ასეთი საკითხი დადგება, საბერძნეთი ყოველთვის იქნება თქვენი მხარდამჭერი, საერთაშორისო სამართლის პირობების დაცვის შემთხევვაში, არსებული საკითხების გადაწყვეტისას“, - აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა და განსაკუთრებით გავუსვა ხაზი საქართველოს პრეზიდენტის წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების საქმეში.

,,ეს მხარდაჭერა გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც თქვენ იყავით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოში. იმ დროიდან თქვენ მხარს უჭერდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ამ ინსტიტუტის მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისვ გაუმჯობესებას და გაძლიერებას“, - აღნიშნა საბერძნეთის პრეზიდენტმა.

წაკითხულია 24 ჯერ

Related items

  • ​გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით დღეს ვილნიუსს ეწვევა

    ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვევა და ლიტვის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლებისა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.
    16 თებერვალს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და აღნიშნულ შეხვედრებზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საზეიმო თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.

  • "განათლება ქვეყნის თავისუფლების საფუძველია" - გიორგი მარგველაშვილი

    საქართველოს პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მონაწილე დელეგაციებსა და ქართველ პროფესორ- მასწავლებლებს დღეს სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა და საერთაშორისო დელეგაციებს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო მიღებაზე, რომელიც წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

    საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ის პოლიტიკურ - საზოგადოებრივი პროცესები გაიხსენა, რომელიც საქართველოს პირველი უნივერსიტეტის დაფუძნებისას მიმდინარეობდა და რა როლს ასრულებდა თსუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდებში.

    გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ უაღრესად დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ ჩვენი ერის ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ურთულეს პერიოდში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შექმნის მიმართულებით.

    "უნივერსიტეტმა მისცა ჩვენს სამშობლოს ის ძალიან მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანწილად გაგვატანინა სამოცდაათწლიანი ოკუპაციის პერიოდი.

    ეს იყო პერიოდი, როდესაც ყოველგვარი ეროვნული იდენტობის გამოვლენა ასოცირდებოდა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ყოველგვარი იდენტიფიკაცია შენი ეროვნულის, გამორჩეულის, იყო დაპირისპირებული ერთიანი საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში და ამ მომენტში სწორედ უნივერსიტეტი რჩება იმ ადგილად, იმ კერად, სადაც ჩვენი წინაპრები ქმნიან, აგროვებენ და საზოგადოებას გადასცემენ იმას, თუ ვინ ვართ და შესაბამისად რანი უნდა ვიყოთ მომავალში. ეს ხდებოდა სწორედ მეცნიერებისა და განათლების კერებში.

    უნივერსიტეტი იყო ის კერა, სადაც ჩვენ არამხოლოდ ცოდნას ვეწაფებოდით და ვიღებდით, არამედ ვიგებდით ჩვენი იდენტობის შესახებ. შესაბამისად, სამოცდაათი წლის თავზე, როცა დაინგრა საბჭოთა იმპერია, ჩვენ მომზადებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით ვინ ვართ, ვიცოდით, რომ ჩვენი მიზანი, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიზანი, იმ ადამიანების მიზანი, ვინც ჩვენ თავს საქართველოსთან ვაიგივებდით.

    ერი თავისუფალია, როდესაც იცის რა წარმოადგენს მის შინაგან კონსტიტუციას, მის შინაგან რწმენას, მის შინაგან არქიტექტურას. სწორედ უნივერსიტეტი გვაძლევდა ჩვენ იმის ცოდნას, როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა. ამ ცოდნას ჩემი თაობა იღებდა, იმ სამეცნიერო და შემოქმედებითი პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ჩვენი პროფესორები უნივერსიტეტის კედლებში და სამეცნიერო კვლევითი პროცესის შედეგად გვიზიარებდნენ.

    განათლება თავისუფლების წინაპირობაა. ხოლო საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების წინაპირობა არის ის კერები, სადაც განათლება ინსტიტუციურად იქმნება და ვითარდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებს საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

    "სამწუხაროდ, საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესში, სულ უფრო ნაკლებად ვხედავთ, პროფესურის, ლექტორების, იმ ადამიანების აზრებს და შეხედულებებს ვისკენაც უნდა მივაპყროთ ხოლმე ყურადღება, როდესაც ვფიქრობთ: როგორ უნდა უნდა ვიცხოვროთ, რანაირად უნდა წარვმართოთ ჩვენი საზოგადოებრივ - პოლიტიკური ცხოვრება. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავსაც და ვამბობთ, რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებით უნდა დამთავრდეს, ყველაზე მეტად მოგაპყრობთ ყურადღებას პროფესორებს.

    ქართული გამოცდილება არის ის, რასაც ჩვენ არ უნდა ვივიწყებდეთ. შარშან მთელი წელიწადი მიმდინარეობდა კონსტიტუციის განხილვა. მე არ მომისმენია, სამწუხაროდ, ერთი კომენტარიც კი იმის თაობაზე, როგორ წარმართეს ჩვენმა წინაპრებმა 1919-21 წლებში კონსტიტუციის განხილვის პროცესი. იმ კონსტიტუციის ისეთი პუნქტები, როგორიც არის მაგალითად ქალთა საყოველთაო საარჩევნო უფლება, პროგრესული იყო მაშინდელ ევროპაშიც კი. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ თვითმმართველობის შესახებ, მაგრამ მე არ გამიგია ისეთი კარგი, შინაარსიანი დისკუსია ამის თაობაზე, როგორ იყო ტრადიციულად ორგანიზებული და მოწყობილი ქართული თვითმმართველობა, რა ფორმით არსებობდა ქართული თემი და რა იქნება ბუნებრივი ყველაზე მეტად რომ თვითმმართველობის სახით მოვარგოთ ჩვენს მხარეებს, თუ რაიონებს, თუ სოფლებს.

    ამ დისკუსიაში პატივცემულო ლექტორებო, და პროფესორებო და მეცნიერებო თქვენი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს. იმიტომ რომ ისიც იცოდეთ, რომ თუ თქვენ არ გამოხვალთ და არ მოყვებით ვინ არის ქართველი, როგორი ტოლერანტული წარსული აქვს ქართველ ერს, თუ თქვენ არ გაახმოვანებთ იმას, რას წერდა ილია ჭავჭავაძე საქართველოზე-როგორი უნდა იყოს საქართველო, თუ თქვენ არ მოუყვებით ფართო საზოგადოებას როგორი მრვალეთნიკური და რელიგიური სახელმწიფო შექმნა ჩვენმა ყველაზე დიდმა მონარქმა დავით აღმაშენებელმა გამოჩნდებიან სხვები და მოუყვებიან საზოგადოებას სხვა სიმართლეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

    პრეზიდენტის სასახლეში სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

  • სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში, - აცხადებს სლოვაკეთის ელჩი საქართველოში

    სლოვაკეთის რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenska Republika) - ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ჩეხეთს, პოლონეთს, უკრაინას, უნგრეთსა და ავსტრიას. მისი მოსახლეობა 5 მილიონს აღემატება, ფართობი კი დაახლოებით 49 000 კვადრატული კილომეტრია. უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია ბრატისლავა. სლოვაკეთი არის გაერო-ს, ევროკავშირის, შენგენის ზონის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ნატო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. ოფიციალური ენაა სლოვაკური, რომელიც სლავურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

    საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიურად განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს თბილისში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუდოლფ მიხალკამ.

    როგორც ელჩმა აღნიშნა, 2014 წლიდან ქვეყნებს შორის ურთიერთობები საკმაოდ მჭიდრო გახდა და პირველი დიდი ღონისძიება, რომელიც მოეწყო, ეს გახლდათ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, ერთ-ერთ უდიდეს კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. ამის შემდეგ, სლოვაკეთს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა, ხოლო მომდევნო პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა. „მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩვენ ველოდებით, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს“, - აღნიშნა სლოვაკმა დიპლომატმა.

    რუდოლფ მიხალკას თქმით, ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი რამ იცის სლოვაკეთის შესახებ. კერძოდ, რომ ეს არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, ისეთივე კეთილი ხალხით და ლამაზი ბუნებით, როგორც საქართველოში. ამ მხრივ, დღეისათვის კიდევ უფრო მეტი კეთდება, ვინაიდან სლოვაკეთი წარმატებით მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე სხადასხვა სახის პროექტებში. „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა განვაცხადო, რომ მარტის ბოლოს ჩვენ ვხსნით პირდაპირ ავიარეისს თბილისსა და ბრატისლავას შორის. ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ კვირაში ორჯერ შეასრულებს რეისებს და ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ორი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ უფრო კარგად გაიცნონ ერთმანეთი“, - დასძინა რ. მიხალკამ. 

    გარდა ამისა, ელჩის აზრით, პირდაპირი ავიარესების რეგულარული შესრულება აუცილებლად დაეხმარება ორი ქვეყნის ბიზნესს განვითარებაში და ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს გააქტიურებასაც. „დღემდე ჩვენ, თბილისსა და ბათუმში ჩავატარეთ ბიზნეს-კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 20-მდე სლოვაკი ბიზნესმენი. ამის შემდეგ დაიწყო სლოვაკური ინვესტიციების ჩადება საქართველოს ეკონომიკაში. მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ დიდი პროექტი - თბილისის ზღვის „ჯინო-აკვაპარკი“, რომელიც სლოვაკური ინვესტიციით არის შექმნილი. ამ პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ეკოლოგიურად სუფთა (მწვანე) ქალაქის აშენებაც, რამოდენიმე ათასი მაცხოვრებლისათვის. ასევე კარგი თანამშრომლობა გვაქვს ენერგეტიკის სფეროშიც, სადაც ასევე ორმხრივი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა სლოვაკეთის ელჩმა.

    ბუნებრივია დიდი ყურადღება ეთმობა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასაც. ბრატისლავა ძალიან ლამაზი ქალაქია და ქართველი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ქალაქის დათვალიერება თავისი ღირშესანიშნაობებით. გარდა ამისა, ბრატისლავა ძალიან ახლოს არის ჩეხეთთან (300 კმ), უნგრეთთან (200 კმ) და ავსტრიასთან (64 კმ). აქედან გამომდინარე ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ მოკლე დროში მოინახულონ ეს ქვეყნებიც.

    საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას რაც შეეხება, ელჩი აღნიშნავს, რომ სლოვაკეთი ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო იყოს მზად ამისათვის, ანუ გაგრძელდეს ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.

    „როდესც დადგება ის დრო, რომ თქვენი ქვეყნისთვის გაიღება (და ამაში მტკიცედ ვართ დარწმუნებულები ყველანი), ევროკლავშირისა და ნატო-ს კარები, თქვენ უკვე მზად უნდა იყოთ იმისათვის, რათა შეხვიდეთ ამ კარებში. ჩვენს შემთხვევაში ზუსტად ასე იყო და სლოვაკეთი მზად აღმოჩნდა დაუყოვნებლივ შესულიყო ფართოდ გაღებულ ევროსტრუქტურების კარებში“, - ხაზი გაუსვა სლოვაკეთის ელჩმა.

    რაც შეეხება განათლების სფეროს, სლოვაკეთის საელჩო დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს. ყოველ წელს სლოვაკეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფს სტიპენდიას, რათა მათ შესძლონ ცოდნის გაღრმავება ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ბრატისლავაში.

    ასევე ძალიან კარგი ურთიერთობებია ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში. მიმდინარე წელს აღინიშნება ჩეხოსლოვაკიის დაარსების 100 წლისთავი და ამასთან დაკავშირებით, ჩეხეთის საელჩოსთან ერთად, იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებების ჩატარება. მაგლითად, ჩეხი და სლოვაკი ჯაზმენების კონცერტები, ასევე სლოვაკური სამზარეულოს გაცნობა საქართველოს მოსახლეობისათვის.

    „ჩვენ თბილისში ყველაზე პატარა საელჩო გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ ბევრი გავაკეთოთ, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული უღთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ. გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბევრი შეიტყოს სლოვაკეთის შესახებ. შესაბამისად საქართველოს ჩვენ კეთილ მეზობლად და მეგობრად განვიხილავთ. აქედან გამომდინარე, გვსურს საქართველომ უმოკლეს პერიოდში მოაგვაროს პრობლემები და ვიხილოთ ევროპის ერთიან ოჯახში“, - დასძინა  სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუდოლფ მიხალკამ.

    ესაუბრა: ავთანდილ ოთინაშვილი

  • გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

    გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი მიიღო.
    მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს: რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები.
    საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, ლიტვის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განიხილებოდა ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია როგორც საქართველო-ლიტვის ორმხრივ ურთიერთობებთან, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებთან.
    შეხვედრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირისა და ნატოს ფორმატებში საქართველო - ლიტვის თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.
    "ჩვენს ქვეყნებს ყველა მიმართულებით აქვთ მზარდი და დადებითი დინამიკა და საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ეს შესაძლებლობები", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
    შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე.

     

     

  • გიორგი მარგველაშვილმა ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი მიიღო

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო.
    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას იტალიის ელჩი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდა.
    შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, კონფლიქტის დარეგულირების საკითხს და რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას.
    გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ეუთოს როლი განიხილა.
    შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, განიხილეს მავთულხლართების გავლებისა და ბანერების აღმართვის ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საარსებო საშუალებებზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური