"განათლება ქვეყნის თავისუფლების საფუძველია" - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 14:00

საქართველოს პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მონაწილე დელეგაციებსა და ქართველ პროფესორ- მასწავლებლებს დღეს სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა და საერთაშორისო დელეგაციებს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო მიღებაზე, რომელიც წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ის პოლიტიკურ - საზოგადოებრივი პროცესები გაიხსენა, რომელიც საქართველოს პირველი უნივერსიტეტის დაფუძნებისას მიმდინარეობდა და რა როლს ასრულებდა თსუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდებში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ უაღრესად დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ ჩვენი ერის ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ურთულეს პერიოდში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შექმნის მიმართულებით.

"უნივერსიტეტმა მისცა ჩვენს სამშობლოს ის ძალიან მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანწილად გაგვატანინა სამოცდაათწლიანი ოკუპაციის პერიოდი.

ეს იყო პერიოდი, როდესაც ყოველგვარი ეროვნული იდენტობის გამოვლენა ასოცირდებოდა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ყოველგვარი იდენტიფიკაცია შენი ეროვნულის, გამორჩეულის, იყო დაპირისპირებული ერთიანი საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში და ამ მომენტში სწორედ უნივერსიტეტი რჩება იმ ადგილად, იმ კერად, სადაც ჩვენი წინაპრები ქმნიან, აგროვებენ და საზოგადოებას გადასცემენ იმას, თუ ვინ ვართ და შესაბამისად რანი უნდა ვიყოთ მომავალში. ეს ხდებოდა სწორედ მეცნიერებისა და განათლების კერებში.

უნივერსიტეტი იყო ის კერა, სადაც ჩვენ არამხოლოდ ცოდნას ვეწაფებოდით და ვიღებდით, არამედ ვიგებდით ჩვენი იდენტობის შესახებ. შესაბამისად, სამოცდაათი წლის თავზე, როცა დაინგრა საბჭოთა იმპერია, ჩვენ მომზადებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით ვინ ვართ, ვიცოდით, რომ ჩვენი მიზანი, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიზანი, იმ ადამიანების მიზანი, ვინც ჩვენ თავს საქართველოსთან ვაიგივებდით.

ერი თავისუფალია, როდესაც იცის რა წარმოადგენს მის შინაგან კონსტიტუციას, მის შინაგან რწმენას, მის შინაგან არქიტექტურას. სწორედ უნივერსიტეტი გვაძლევდა ჩვენ იმის ცოდნას, როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა. ამ ცოდნას ჩემი თაობა იღებდა, იმ სამეცნიერო და შემოქმედებითი პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ჩვენი პროფესორები უნივერსიტეტის კედლებში და სამეცნიერო კვლევითი პროცესის შედეგად გვიზიარებდნენ.

განათლება თავისუფლების წინაპირობაა. ხოლო საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების წინაპირობა არის ის კერები, სადაც განათლება ინსტიტუციურად იქმნება და ვითარდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებს საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

"სამწუხაროდ, საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესში, სულ უფრო ნაკლებად ვხედავთ, პროფესურის, ლექტორების, იმ ადამიანების აზრებს და შეხედულებებს ვისკენაც უნდა მივაპყროთ ხოლმე ყურადღება, როდესაც ვფიქრობთ: როგორ უნდა უნდა ვიცხოვროთ, რანაირად უნდა წარვმართოთ ჩვენი საზოგადოებრივ - პოლიტიკური ცხოვრება. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავსაც და ვამბობთ, რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებით უნდა დამთავრდეს, ყველაზე მეტად მოგაპყრობთ ყურადღებას პროფესორებს.

ქართული გამოცდილება არის ის, რასაც ჩვენ არ უნდა ვივიწყებდეთ. შარშან მთელი წელიწადი მიმდინარეობდა კონსტიტუციის განხილვა. მე არ მომისმენია, სამწუხაროდ, ერთი კომენტარიც კი იმის თაობაზე, როგორ წარმართეს ჩვენმა წინაპრებმა 1919-21 წლებში კონსტიტუციის განხილვის პროცესი. იმ კონსტიტუციის ისეთი პუნქტები, როგორიც არის მაგალითად ქალთა საყოველთაო საარჩევნო უფლება, პროგრესული იყო მაშინდელ ევროპაშიც კი. ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ თვითმმართველობის შესახებ, მაგრამ მე არ გამიგია ისეთი კარგი, შინაარსიანი დისკუსია ამის თაობაზე, როგორ იყო ტრადიციულად ორგანიზებული და მოწყობილი ქართული თვითმმართველობა, რა ფორმით არსებობდა ქართული თემი და რა იქნება ბუნებრივი ყველაზე მეტად რომ თვითმმართველობის სახით მოვარგოთ ჩვენს მხარეებს, თუ რაიონებს, თუ სოფლებს.

ამ დისკუსიაში პატივცემულო ლექტორებო, და პროფესორებო და მეცნიერებო თქვენი ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს. იმიტომ რომ ისიც იცოდეთ, რომ თუ თქვენ არ გამოხვალთ და არ მოყვებით ვინ არის ქართველი, როგორი ტოლერანტული წარსული აქვს ქართველ ერს, თუ თქვენ არ გაახმოვანებთ იმას, რას წერდა ილია ჭავჭავაძე საქართველოზე-როგორი უნდა იყოს საქართველო, თუ თქვენ არ მოუყვებით ფართო საზოგადოებას როგორი მრვალეთნიკური და რელიგიური სახელმწიფო შექმნა ჩვენმა ყველაზე დიდმა მონარქმა დავით აღმაშენებელმა გამოჩნდებიან სხვები და მოუყვებიან საზოგადოებას სხვა სიმართლეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

წაკითხულია 132 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

    საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა.

    გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სახელმწიფოთაშორის განაცხადს.საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.

    "ჩვენ დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, იცავდა ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას.

    დიდი მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის. ჩვენ არჩილს ვანიჭებთ ღირსების ორდენს გარდაცვალების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ტკივილი, რაც ჩვენ თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილის გარდაცვალებით ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული და დამნაშავეები იქნებიან დასჯილნი.

    ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ჩვენ ახალგაზრდა თაობას მისი და მისნაირების გმირობის მაგალითზე აღვზრდით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

    არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მათი შვილის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ მუდმივად გრძნობენ პრეზიდენტის გვერდში დგომას და მხარდაჭერას. როგორც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მზადდება აღნიშნული საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენა.

    "ამ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ამზადებს ევროპულ სასამართლოში შესატანად, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ პარასკევს გავაგზავნეთ განცხადება რუსეთის ფედერაციაში გამოძიების დაწყების შესახებ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან და წამებასთან დაკავშირებით.

    რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი პირი, რომელსაც ბრალად შეერაცხება აღნიშნული უკანონო ქმედება, რადგან რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და ახორციელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ის სახელმწიფო, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, მომხდარი დანაშაულები სრულად მას შეერაცხება.

    ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნდა გვქონოდა კომუნიკაცია. ჩვენ მოვთხოვეთ გამოძიების დაწყება. ველით რუსეთის ფედერაციისგან პასუხს. რასაკვირველია, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს.

    ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

    რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ მიმართვას, ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას. ჩვენი მიზანი არ არის, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, ვუჩივლოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გამოძიება აქ არაეფექტურად მიმდინარეობს და სათანადო გულმოდგინებით არ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, იძულებულნი ვიქნებით, რომ შევიტანოთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა თამარ ავალიანმა.

  • გიორგი მარგველაშვილი - პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, მორჩილი იქნება, თუ თავისუფალი

    პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, მორჩილი იქნება თუ თავისუფალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პრეზიდენტს ჟურნალისტებმა კითხეს, თუ რომელ სასახლეში უნდა იმუშაოს ახალმა პრეზიდენტმა.

    „მე ვთქვი რამდენიმე თვის წინაც, რომ ეს იქნება საარჩევნო თემა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას – იქნება ის მორჩილი თუ იქნება ის თავისუფალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას მეორე ვადით.

  • გიორგი მარგველაშვილი - ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი

    ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა, სადაც 9 მაისთან დაკავშირებით მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. 

    პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა და მათი დაფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    "ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში. მადლობა ამ დიდი გამარჯვებისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • ირაკლი კობახიძე - "მარგველაშვილი "ქართული ოცნებისთვის" საპრეზიდენტო არჩევნებში არანაირი რისკფაქტორი არ არის

    პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ არანაირი რისკ-ფაქტორი არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა.
    „მარგველაშვილი იმ შემთხვევაში იქნებოდა ჩვენთვის ფაქტორი, თუ მას ექნებოდა მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა, თუმცა, სურათი არის ისეთი, რომ მეორე ადგილზე მისი გასვლის ალბათობა არის ძალიან დაბალი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, ხოლო მეორე ადგილზე ერთმანეთს კონკურენციას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაუწევენ. 

    „ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილია - ეს იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი. რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ იქნება კონკურენცია ძირითადად, ორ სუბიექტს შორის. არსებითად არ შეცვლილა ვითარება მას შემდეგ, რაც ჩატარდა ბოლო მუნიციპალური არჩევნები და კონკურენცია წარიმართება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

  • „26 მაისს დავინახავთ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან“ - გიორგი მარგველაშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა, მან განვლილი ხუთი წელი შეაჯამა და საკუთარ გამოსვლაში საგარეო კურსზე ისაუბრა:

    „პირველი, მინდა დავიწყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსით და ვითარებით. ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ეს არის, სულ ბოლოს მიღწეული უმაღლესი დონის დიალოგი.

    ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, სულ მალე 26 მაისს დავინახავთ, თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან.

    ნატო-სთან მიმართებით ჩვენ ვიყავით მანამდეც ასპირანტი ქვეყანა და დავრჩით ასპირანტ ქვეყნად, მაგრამ დრამატულად გაიზარდა ნატო-ს წვრთნები საქართველში, გვაქვს არსებითი პაკეტი, გაზრდილია თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის რეფორმები, რომლებიც თავდაცვის მიმართულებით ხორციელდება საქართველოში აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

    აქვე მინდა, ერთი მხრივ, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც საქართველოს დროშას ასე ამაყად მაღლა სწევს, ყველა იმ ოჯახს, რომელმაც განიცადა ტკივილი ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვით და ხაზი გავუსვა იმას, რომ იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებულია თავდაცვის სფეროში, მათი მასშტაბის გაზრდა და შესაბამისად, დაფინანსების გაზრდა, ნამდვილად სწორი იქნება და ნამდვილად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გა...

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრ...

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გ...

პოპულარული

« მაისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური