სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 05 თებერვალი 2018 18:32

სეოკ-ში ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა

5 თებერვალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაშიგაიმართა 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის პირველი ვიცე- პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე,ზამთრის სახეობის ფედერაციების პრეზიდენტები,ლიცენზიანტი სპორტსმენები-იასონ აბრამაშვილი, ნინო წიკლაური, სეოკი-ის გენერალური სპონსორის - ,,საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

დამსწერე საზოგადოებას მიესალმა და სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: „ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უკვე მეშვიდედ ვმონაწილეობთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ამჯერად, პიონჩანგში ოთხი სპორტსმენით წარვსდგებით. ჩვენს გუნდში არიან გამოცდილებიც და ახალბედებიც. მაგალითად, იასონ აბრამაშვილისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიადა, ნინო წიკლაურისთვის - მესამე. რაც შეეხება მორის ყვითელაშვილს და გიორგი სოღოიანს, ისინი თამაშების დებიუტანტები არიან. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოლიმპიელები კორეაში შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ,“ - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

შალვა გოგოლაძემ მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს საინტერესო ღონისძიებებისთვის, სპორტსმენებს კი ასევე წარმატება უსურვა: „ეს არის კარგი ტრადიცია, როცა ყოველი ოლიმპიადის წინ ოლიმპიური კომიტეტი აწყობს ლამაზ ცერემონიალებს. თითოეული სპორტსმენისთვის მთავარი მიზანი ოლიმპიადაში მონაწილეობაა, რაც თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა. მინდა მოგილოცოთ ოლიმპიელობა და გისურვოთ, რაც შეიძლება წარმატებული გამოსვლა კორეაში. ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება და იმედი გვაქვს, ამ ოლიმპიადაზე თუ არა, მომავალში აუცილებლად გვეყოლებიან ზამთრის ოლიმპიადის პრიზიორები,“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
შემდეგ გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აკრედიტაციები გადასცა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს.

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს
ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა 
(პიონჩანგი, სამხრეთ კორეა. 9-25 თებერვალი)

ოლიმპიური სოფელი

1. იასონ აბრამაშვილი - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
2. ნინო წიკლაური - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
3. მორის ყვითელაშვილი -სპორტსმენი (ფიგურული ციგურაობა)
4. გიორგი სოღოიანი - სპორტსმენი (საციგაო სპორტი)
5. ვალტერ ჰუბმანი - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
6. ფრანჩესკო ზანკოლო - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
7. დანილ გლეიხენგაუზი - მწვრთნელი (ფიგურული სრიალი)
8. ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (საციგაო) 
9. მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი
10. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ

1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი,ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი
2. მიხეილ გიორგაძე - კულტურის და სპორტის მინისტრი
3. შალვა გოგოლაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
4. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
5. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
6. ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში
7. მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი
8. ზურაბ კოსტავა - სათხილამურო სპორტის ფედერაციიის პრეზიდენტი

თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები

1. თენგიზ გაჩეჩილაძე
2. ოთარ გიორგაძე
3. ლევან ღუდუშაური
4. თამარ ყულუმბეგაშვილი

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები

- თამაშების მიმდინარეობის პერიოდი – 9 -25 თებერვალი 
- მონაწილე ქვეყნები – 93
- სპორტის სახეობა – 7 (დისციპლინა 15) 
- სპორტსმენთა რაოდენობა - 3 000
- გახსნის ცერემონიალი – 9 თებერვალი 
- დახურვის ცერემონიალი – 25 თებერვალი 
- ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი - 8 თებერვალი.

ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენები

1.იასონ აბარამაშვილი – სამთო – სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები) 
2.ნინო წიკლაური - სამთო – სათხილამურო სპორტი (III თამაშები) 
3.გიორგი სოღოიანი - საციგაო სპორტი (I თამაშები) 
4.მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)

შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)

11.02 – 18:50 – 21:35 - გიორგი სოღოიანი 
12.02 – 10:15 – 15:35 - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი) 
14.02 – 10:15 – 15:25 - ნინო წიკლაური (სლალომი) 
16.02 – 10:00 – 14:30 - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
17.02 – 10:00 – 14:25 - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა) 
18.02 – 10:15 – 15:45 - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი) 
22.02 – 10:15 – 15:40 - იასონ აბრამაშვილი (სლალომი )

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებს შესაძლებლობა გექნებათ თვალ-ყური ადევნოთ ტელეკომპანია ,,პირველი არხის “ ეთერის საშუალებით.

წაკითხულია 351 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტი ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო

    "საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართები, სიძულვილის ენა და გაუტანლობაა, სანამ ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა"
     
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საპატიო სტუმრის სტატუსით, ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
     
    "დღეს თავისუფლების დღეა. "დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება", - ჩვენი ჰიმნის სიტყვები დღეს, როგორც არასდროს, გამართლებულია.
     
    დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი დღეა, არა მხოლოდ გერმანიისა და არსებული ევროკავშირისათვის,  არამედ ყოფილი აღმოსავლეთის ბანაკის ქვეყნებისა და საქართველოსათვის.
     
    არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლისა და თავისუფლებისაკენ მისწრაფება ყოველთვის იმარჯვებს. რა დროც არ უნდა დასჭირდეს მას, ბოლოს სიცოცხლე და თავისუფლება მაინც გამარჯვებული იქნება.
     
    მაგრამ დღეს გრძელდება ახალი კედლების აღმართვა, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს.
     
    დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართებია, კედლებია სიძულვილის ენა, გაუტანლობა და სანამ ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა და ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც მიაღწია გერმანიამ.
     
    ამ კედლების ნგრევა ჩვენზეა დამოკიდებული.         
     
    გერმანია იმედის მაგალითია, რომ ოკუპირებული ქვეყნის გაერთიანება შეიძლება.
     
    შეიძლება იყოს სირთულეები, მაგრამ ბოლოს მაინც ერთი ერი და ერთიანი სახელმწიფო შენდება და  ეს დრო როცა მოვა, ჩვენ კიდევ უფრო მხიარულნი ვიქნებით, ვიდრე ეს ახალგაზრდები არიან ამ ფოტოებზე",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
     
    პრეზიდენტს მიღებაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა უმასპინძლა.
     
    მიღებაზე ბერლინის კედლის აღების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.

  • პრეზიდენტმა შეწყალების ახალი წესი პარლამენტის თავმჯდომარესთან და იუსტიციის მინისტრთან განიხილა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ვიცეპრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა.
    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციაში ,,შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. 
    სალომე ზურაბიშვილმა დღეს ,,შეწყალების წესის შესახებ“ ბრძანებულების პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები მოისმინა.
    ,,აღნიშნულ საკითხზე დღეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისაგან
    არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ დროულად გამოიცეს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც შეწყალების წესთან დაკავშირებით პარლამენტს კონსულტაციისათვის მიმართა, საკუთარი მოსაზრებები გააცნო.
    ,,პრეზიდენტს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებითა და რა პრინციპებზე დაყრდნობით შეიძლება მომავალში მოხდეს შეწყალება. 
    მიგვაჩნია, რომ შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
    იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტთან შეხვედრას პროდუქტიული, საინტერესო და ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ შეწყალებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, გარეთ გამოსული ადამიანი რამდენადაა რისკის შემცველი საზოგადოებისათვის და ხომ არ ჩაიდენს ის თავიდან დანაშაულს. 
    ,,შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი პრინციპია პატიმრის შეწყალება, მაგრამ ასევე საზოგადოების დანაშაულისაგან დაცვა.
    ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემას, იმისათვის, რომ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს შეწყალების პროცედურებთან დაკავშირებით უფრო მეტი განჭვრეტადობა ჰქონდეთ“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

  • საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

    დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. 

    გაცილების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფესტივალის ლიცენზიანტი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, სპორტის გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

    დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინიტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

    ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები ვდგავართ ერთად და ერთსულოვნად, ვაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.
    პრემიერის თქმით, ახალგაზრდები და სპორტული მიმართულება მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ქართული სპორტის წარმატებები ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა და ახალმა პროგრამებმა შედეგი გამოიღო.
    „2018 წელი იყო ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში, როდესაც ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედლით გაგვახარეს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ეს ამავე დროს ადასტურებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, ახალ პროგრამებს, რომელიც სპორტში ახალგაზრდების უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს, უკვე კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენს საამაყო სპორტსმენებს მინსკში ჰქონდათ უნიკალური შედეგი და ევროპის კონტინენტზე მედლების რაოდენობით ჩვენმა ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენ ასევე გავხდით ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრე, რომლის მიხედვით 2021 წელს ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში საქართველო უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ბაქოში ასევე მაქსიმუმს გააკეთებს. თქვენ ხართ ქართული დიდი სპორტის ხვალინდელი დღე, საქართველო ამაყობს თქვენით", - მიმართა პრემიერმა სპორტსმენებს.

    ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 21-27 ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) სახეობაში 49 ქვეყნის 3600 - მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში (ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

    ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
    ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

    თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იქნება ძიუდოსიტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ჭაბუკებს შორის ევროპის 2019 წლის ევროპის ჩემპიონია.

    ცერემონიაზე ოლიმპიური ნაკრების სახელით ფიცი დადო მძლეოსანმა მედეა შონიამ.

    საქართველოს დელეგაცია ბაქოში 20 ივლისს თბილისის საერთაშრისო აეროპორტიდან 11:50 საათზე გაემგზავრება.

     
     

     

     
     
  • პრეზიდენტის შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომაშ პეტრჟიჩეკის შეხვდა.

    მხარეებმა საქართველო - ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

    ჩეხეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრეს. ჩეხეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ღია კარისა და გაფართოების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირში საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას, განსაკუთრებით კულტურისა და განათლების სფეროში.
    საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპული კულტურისა და განათლების სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაესვა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

     შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია ჟენევის ფორმატმა მიიღოს ქმედითი სახე საქართველოს პარტნიორების შუამავლობით. მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მონაწილეობას ნატოს მისიებში გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისათვის და განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.

    ჩეხეთი ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოსათვის მაპის მინიჭებას. მხარეებმა შრომითი მიგრაციისა და საქართველოს მოქალაქეების ჩეხეთში დასაქმების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ჩეხეთიდან ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის შესახებ.

  • სეოკ-ში ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

    საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს - სპორტსმენებს, მათს მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს. სტუმართა შორის იყვნენ ვეტრანი სპორტსმენები, პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, მსაჯები, სპორტის გულშემატკივრები.
    შეხვედრას უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან გაიხსენა ახლახანს დამთავრებული ევროპული თამაშების პერიპეტიები, მაღალი შეფასება მისცა ქართველ სპორტსმენთა გამოსვლას ამ მნიშვნელოვან მულტისპორტულ შეჯიბრებაში, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას და პიროვნებას, ვინც უზრუნველყო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წარმატებული გამოსვლა მინსკში.
    მოგეხსენებათ, მინსკში სპორტის 10 სახეობაში საქართველოს 61-მა წარმომადგენელმა იასპარეზა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ წინა თამაშების შედეგი და სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოვიპოვეთ. მათ შორის - 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე ადგილი გვერგო, მედლების რაოდენობით - მეხუთე. მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ თამაშებში მონაწილე საქართველოს ყოველმა მეორე სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და სხვა წამყვანი სპორტული ქვეყნების ნაკრები გუნდები.
    „ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა შეგვწევს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ კონტინენტის წამყვან სპორტულ ქვეყნებს და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სპორტული ქვეყანაა ევროპაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც თავდადებით იბრძოლეს მინსკში, რათა გაეხარებინათ სპორტის გულშემატკივრები. ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება ღირსეულად აფასებს თქვენს შრომას და თავდადებას. ეს გამოიხატება არა მხოლოდ მადლობის სიტყვებით, არამედ სოლიდური პრემიებით, რომელითაც თითოეული თქვენთაგანის სპორტული წარმატება აღინიშნება.
    ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი ეტაპი. სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტეტი, სპორტული ფედერაციები ზრუნავდნენ იმისთვის, რომ მაღალ დონეზე წარმართულიყო სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები, ოპერატიულად მოგვეგვარებინა ყველა პრობლემური საკითხი, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის შეგვექნმა მაქსიმალურად კომფორტული გარემო. ამ ძალისხმევამ ჩინებული შედეგი გამოიღო. ევროპული თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა, სპორტული ცხოვრება კი გრძელდება. მოახლოვდა ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრება - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2020 წლის ივლის-აგვისტოში ტოკიოში გაიმართება.
    ბევრ თქვენთაგანს წინ ელოდება ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირები, შემდგომში კი - უშუალოდ ოლიმპიური სტარტები. ჩვენ ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ტოკიოში ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა.“
    სეოკ-ის პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას შეახსენა იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებმაც მინსკში სხვადასხვა ხარისხის მედლები მოიპოვეს:
    ოქროს მედალოსნები 
    1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
    2. დავით ლორიაშვილი (სამბო)
    3. ლევან ნახუცრიშვილი (სამბო)
    4. ბექა ბერძენიშვილი (სამბო) 
    5. გურამ თუშიშვილი (ძიუდო)
    6. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო)

    ვერცხლის მედალოსნები
    1. მინდია ლილუაშვილი (სამბო)
    2. ნინო ოძელაშვილი (სამბო)
    3. ელენე ქებაძე (სამბო)
    4. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)
    5. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
    6. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
    7. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
    8. შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
    9. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 
    10. სახილ ალახვერდოვი (კრივი)

    ბრინჯაოს მედალოსნები 
    1. ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა)
    2. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
    3. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
    4. ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო)
    5. ლუკა მაისურაძე (ძიუდო)
    6. ბესარიონ ბერულავა (სამბო)
    7. გივი ნადარეიშვილი (სამბო)
    8. პაატა ღვინიაშვილი (სამბო)
    9. გენადი ჩირგაძე (სამბო)
    10. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
    11. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
    12. დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
    13. ოთარ ერანოსიანი (კრივი)
    14. გოგიტა არქანია (კარატე)

    მადლობის სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც მინსკში ახლდა ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციას და უშალოდ ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს სპორტულ შეჯიბრებებს. მან ხაზი გაუსვა ამ წარმატების მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოებისთვის, ღირსეული გამოსვლა მიულოცა სპორტსმენებს და მათს მწვრთნელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალში ამ დარგის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.
    საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს მიესალმნენ ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონები - გურამ საღარაძე და ლუკა კურტანიძე, არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი ჯამლეტ ხუხაშვილი.
    ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა სახელით შეკრებილებს მიმართა ჩვენი დელეგაციის მედროშემ, მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც მინსკში ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური