გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა სენაკში დაასრულა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 იანვარი 2018 13:59

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სენაკში დაასრულა, სადაც  2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში დროშა თემურ ბოკუჩავას შვილმა, მეუღლემ და მასწავლებელმა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი, ანსამბლმა "სენაკი" შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს სკოლის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე სა საჯარო სკოლის პედაგოგები.
დროშის დღე პრეზიდენტმა დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში აღნიშნა. პირველი ღონისძიება კი, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მისი ინიციატივით დამზადდა. ცერემონია უჯარმაში, უჯარმის ციხეზე და მცხეთაში, ბებრის ციხეზეც გაიმართა, სადაც სახელმწიფო დროშა მაშველებმა და სპორტსმენებმა აღმართეს.
საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია დღეს გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც შედგა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა იუნკერებმა აღმართეს, სახელმწიფო ჰიმნი კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა იუნკერებს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და სახელმწიფო დროშაზე, როგოც სახელმწიფოსა და ხალხის გამაერთიანებელ სიმბოლოზე, სულის გაუტეხელობისა და სიმამაცის სიმბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა.
იუნკერების შემდეგ, სახელმწიფო დროშა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ექიმებმა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი,  ანსამბლმა "ქუთაისი" შეასრულა.
პრეზიდენტმა ყველა რეგიონში ცერემონიის მონაწილეებს სახელმწიფო დროშები და "დროშის აღმართვის წესის შესახებ" სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილი ფლაერები პირადად გადასცა.

წაკითხულია 433 ჯერ

Related items

  • ​პრეზიდენტმა ებრაული სააგენტოს თავმჯდომარესთან დიასპორებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხი განიხილა

    ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ებრაული სააგენტოს თავმჯდომარეს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა და ქართულ და ებრაულ დიასპორებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილა.
     
    ისააკ ჰერცოგის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იყო.
     
    "ჩვენი ერების ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორია ძალზედ მნიშვნელოვანია ორივე ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვსურს გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენი ერების დიასპორებს შორის;  ვგულისხმობ ჩვენს დიდ დიასპორასა და ქართულ დიდ დიასპორას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ უმეტესად სწორედ ამას ვაკეთებთ, როგორც ყველაზე დიდი ებრაული ორგანიზაცია მსოფლიოში. ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვითანამშრომლოთ ქართველ ხალხთან, პრეზიდენტთან, და ქართველი ერის დიასპორასთან“, - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

  • სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი დროშა ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობისა და ისტორიის სიმბოლოა

    საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღე ჩოხატაურში აღნიშნა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების ციხესიმაგრეზე აღიმართა.
     
    საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და მომავალი თაობების აღზრდაში სახელმწიფო სიმბოლიკის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
     
    "ჩემო თანამემამულენო, მინდა ყველას სახელმწიფო დროშის დღე მოგილოცოთ. ეს დღე მინდა მოგილოცოთ გურიიდან, იმ კუთხიდან, რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამიტომ, სიმბოლურია საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი დღის გურიიდან მილოცვა.
     
    უპირველესად, მინდა ეს დღე ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მივულოცო. ასევე ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ, რომლებიც საქართველოს, სამშვიდობო მისიებში საქართველოს დროშით წარმოადგენენ. 
     
    ჩვენი დროშა, პირველყოვლისა სახელმწიფოს ერთიანობისა და ისტორიის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, წელს ამ ისტორიულ ადგილას, ერისთავების სასახლეში აღვმართეთ ჩვენი დროშა.
     
    ვგეგმავ, რომ ეს დღე ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღვნიშნო. ნამდვილად, ჩვენი დროშის შუაგულში გამოსახული ჯვარი, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.
     
    დროშაზე ის ყველაფერია დატანილი რაც საქართველოს ქმნის - მისი ქრისტიანობა, მისი წარსული.
     
    ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშაა. ამ დროშით, ჩვენ ევროპაში კი არ შევდივართ, არამედ უკვე ვართ ევროპაში.
     
    დროშის სიმბოლოებსა და ფერებში აისახება სამართლიანობა და სიმამაცე. ეს ის ფასეულობებია, რომლითაც ამაყობდა და ამაყობს საქართველო.
     
    ეს დროშა, ჩვენი ერთიანობის დროშაა, მით უფრო მაშინ როდესაც აფხაზეთში ასეთი მძიმე მოვლენები ვითარდება, რომლებსაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მნიშვნელოვანია, რომ იქ ჩვენი თითოეული მოქალაქის სიმშვიდე და უსაფრთხოება იყოს დაცული.
     
    ჩვენ დღეს არ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების დაცვის ბერკეტი, თუმცა ეს დროშა საქართველოს გამთლიანების იმედს წარმოადგენს. ის დღეს სრულიად საქართველოს დროშაა და მომავალშიც ასე იქნება.
     
    ამ დროშის სახელით, ძალიან ბევრი სახელმწიფოებრივი საქმე კეთდება. ამ დროშის ქვეშ დგანან ჩვენი ჯარისკაცები. ეს დროშა აერთიანებს ჩვენს დიპლომატიურ სამსახურებს უცხოეთში. ჩვენ საზღვრებს გარეთ სწორედ ამ დროშით ვართ ცნობილი. ამ დროშის ქვეშ, ქართველი სპორტსმენების არაერთი გამარჯვებით მრავალჯერ აღმართულა საქართველოს დროშა. დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, კიდევ მრავალჯერ აღიმართება საქართველოს დროშა.
     
    მსურს ბავშვებსა და ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ამ დროშის პატივისცემა არ არის მხოლოდ სიმბოლური შინაარსის მატარებელი. ის თქვენი თავის პატივისცემაა - თქვენი ქვეყნის, იმ ღირებულებებისა და ფასეულობების პატივისცემაა, რომლითაც ეს ქვეყანა აქამდე მოვიდა.
     
    როგორც აღვნიშნე, ეს დროშა, ერთიანობის დროშაა, რომლის ღირსნი არ ვიქნებით, თუ ვერ შევძლებთ ქვეყნის შიგნით, გავერთიანდეთ როგორც საზოგადოება. იმისათვის, რომ ამ დროშის ღირსნი ვიყოთ აუცილებელია დავიბრუნოთ ის მთავარი ღირებულება, რომლის სიმბოლოც ეს დროშაა  - ქრისტიანობა, თავისი სიყვარულითა და ერთიანობით.
     
    2020 წლის დასაწყისს, მინდა ყველას გისურვოთ რომ ვყოფილიყავით ამ დროშის ღირსეულად მატარებელი ერი, მსგავსად იმ ქართველებისა, რომლებმაც ეს დროშა შექმნეს და დღემდე მოიტანეს. მხოლოდ მაშინ ვიქნებით ღირსი იმ მომავლის, რომლის სიმბოლოც საქართველოსთვის ეს დროშაა. 
     
    კიდევ ერთხელ მსურს კალანდობას, გურიიდან ყველას ბედნიერი და წარმატებული წელი გისურვოთ. მინდა მთელ საქართველოს და აგრეთვე მსოფლიოს ვუსურვო სიმშვიდე, რაც საერთო ადამიანური ფასეულობაა და ასე სჭირდება მსოფლიოს," -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • პრემიერ-მინისტრის განცხადება 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

    პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.  

    პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.

    რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: 

    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული. 

    ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.
    შესაბამისად, ვავალებ: 


    •  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.


    • ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.


    • იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.


    საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. 

    მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

  • ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი თავმჯდომარეობს

    2019 წლის 9-12 დეკემბერს ჟენევაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის რიგით 33-ე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება. კონფერენციას, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ჟენევა მასპინძლობს, წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წაუძღვება.

    კონფერენციაზე საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის  192- ქვეყნის წარმომადგენელი,  ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია, იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით,   აგრეთვე მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები გლობალური მნიშვნელობის ჰუმანიტარული საკითხების განხილვასთან ერთად, ერთობლივ ვალდებულებებს იღებენ, რათა ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახადონ.

    ,,იმოქმედე დღეს, შექმენი ხვალ’’ ეს გახლავთ კონფერენციის ლოზუნგი, რომლის მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, განხილვა იმ არსებული და მომავალი გამოწვევებისა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.

    მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში,  საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებთან ერთად, ქვეყნის მეთაურები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

    წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელია, რომელიც 192 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას აერთიანებს. ოცკაციანი მმართველი საბჭოს წევრი კი  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე გახლავთ.

  • პრეზიდენტის შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომაშ პეტრჟიჩეკის შეხვდა.

    მხარეებმა საქართველო - ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს და ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

    ჩეხეთი, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრეს. ჩეხეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ღია კარისა და გაფართოების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირში საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას, განსაკუთრებით კულტურისა და განათლების სფეროში.
    საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპული კულტურისა და განათლების სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაესვა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

     შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია ჟენევის ფორმატმა მიიღოს ქმედითი სახე საქართველოს პარტნიორების შუამავლობით. მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მონაწილეობას ნატოს მისიებში გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისათვის და განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.

    ჩეხეთი ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოსათვის მაპის მინიჭებას. მხარეებმა შრომითი მიგრაციისა და საქართველოს მოქალაქეების ჩეხეთში დასაქმების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ჩეხეთიდან ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის შესახებ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური