კახა კალაძემ თბილისის გენგეგმას ხელი არ მოაწერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 იანვარი 2018 14:54

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გენგეგმასთან დაკავშრებით ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ მან ხელი არ მოაწერა გენგეგმას.

„მოგეხსენებათ, თბილისის ურბანული განვითარება ჩვენი პროგრამული პრიორიტეტია, ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ შევიმუშავებდით თბილისის მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას.

თბილისის მიწათსარგებლობის ეფექტიანი გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი და პერსპექტიული განვითარებისათვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ურთულესი კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შედგება არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინების და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომების გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებებისაგან. ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიური მდგომარეობის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურულ-მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მოვლა.

მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ორი წლის წინ იქნა გაფორმებული, გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები, მისი ნაწილი რეალურად მისაღები და გამოსადეგია ქალაქის განვიტარებისათვის, თუმცა, დოკუმენტი ჯერკიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ჩვენს ქალაქს.

კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ გენგეგმის მეექვსე დასკვნითი დოკუმენტი ჯერკიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.

ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს, ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას, ჩვენი ქალაქისთვის ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი.

ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება და ამის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას.

მერია და მერიის სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, ველოდებით მათ შემხვედრ წინადადებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხულია 389 ჯერ

Related items

  • თბილისის მერი მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო

    თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

    დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება.

    „დაახლოებით, ერთი საათით მეტროს მუშაობა შეფერხდა. უსაფრთხოების მიზნით, ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა აღარ ხდებოდა. პრობლემა იყო ის, რომ ძლოვანი კაბელი დაზიანდა. ახლა მიმდინარეობს დაზიანებული კაბელის აღდგენა და პრობლემა სრულად მოგვარდება. მეტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშობას. თბილისში მეტრომ ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო და შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში, სხვადასხვა სადგურები ემატებოდა. მას შემდეგ, ეს ძლოვანი კაბელი არ შეცვლილა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვისაუბრე იმაზე, რომ 450 კმ ძალოვანი კაბელის მთლიანად გამოცვლა გვაქვს დაგეგმილი. ამაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება. ტენდერი უკვე ჩატარებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ივნისში დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.

    ამასთან, კახა კალაძემ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მერიასთან ერთად ახორციელებს.

    „მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. 15 ვაგონის რეაბილიტაცია ხდება და ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ ამით უკვე ამოვწურეთ იმ ვაგონების განახლება, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა. შემდეგი ეტაპი ახალი სამგზავრო ვაგონებით ჩანაცვლება იქნება, რადგან მათი ძირითადი ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შესყიდვა მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი გაეცნენ.

  • თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება

    დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. ამიერიდან თბილისს აქვს ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას.

    თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით - უშუალოდ ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

    20-25 წლის განმავლობაში, ქალაქში უამრავი პრობლემა დაგროვდა: ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად.

    რა თქმა უნდა, წლობით დაგროვილ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას.

    გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.

    ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ მომავალშიც. ჩვენ   თბილისელებთან ერთად დავძლევთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები სიცოცხლით და სილამაზით სავსე ქალაქში იცხოვრებენ.

    კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევცვლით და ჩვენი ქალაქისთვის უკეთეს მომავალს შევქმნით.

  • კახა კალაძე ნინო ქათამაძის საახალწლო კონცერტს დაესწრო

    თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. ცნობილი ქართველი მომღერალი მსმენელის წინაშე საახალწლო პროგრამით წარდგა.

    ჯადოსნურ სოფელში, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წლის დადგომა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობა თბილისის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

    „ჩვენს მოსახლეობას ძველით ახალ წელს ვულოცავ. ნინო ქათამაძის კონცერტით დავასრულეთ საახალწლო ღონისძიებები. ხვალიდან კი რესპუბლიკის მოედანზე ჯადოსნური სოფლის და საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყება. ჩვენ, დედაქალაქის მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ემოციები და დადებითი მუხტი, რაც აქ, ამ დღეებში მიიღეს ადამიანებმა, მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, რომელიც აქტუალურია ქალაქისთვის და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, უფრო მოწესრიგებული, მწვანე, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

  • კახა კალაძე - არასწორი ინფორმაციაა, რომ დედაქალაქში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება

    თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა. 

    „მინდა შევეხო „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების გაძვირებას, რაც არის სრული სიცრუე. მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროს ამ ტელეკომპანიას, რომელიც ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. გასაგებია, რომ ეს არხი არის პარტიული ტელევიზია, რომ მათი ლიდერების ტრიბუნაა, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ ერთმანეთი, მაგრამ რას გეგმავს თბილისის მერია, რა რეფორმა იქნება, რა სიახლე იქნება კარგი, ამას მოსახლეობას მიაწვდის მერიის სამსახურები, დედაქალაქის მთავრობა, პრესსამსახური და დედაქალაქის მერი. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.

  • კახა კალაძე - ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ

    ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძემ მერიაში აიყვანა მრჩევლები, რომელთა ანაზღაურება 4 000-5 600 ლარია, 60 ათასი დოლარი კი რეკლამაზე იხარჯება. 

    კალაძის თქმით, ვინ იქნება მისი მრჩეველი, ამას თავად წყვეტს და არა საკონკურსო კომისია. 

    „ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ. რაც შეეხება არჩევას, მრჩეველს მე ვწყვეტ ვინ იქნება და არა კონკურსი. ეს არის ჩემი პასუხი. როგორც იცით, ჩემი ანაზღაურება სხვა მიმართულებით მიდის. ამასთან, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა რომ მომხდარიყო ხელფასის და დანამატის გაერთიანება, რაც მოადგილეების შემთხვევაში მოხდა, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ მერის ხელფასი დარჩენილიყო ის, რაც იყო, მე ამ თანხას არ ვიღებ “, - განაცხადა კალაძემ. 

    რაც შეეხება „ფეისბუქ“ რეკლამაზე დახარჯულ თანხებს ,კალაძე აცხადებს, რომ „ალბათ, ამ თანხის დახარჯვის საჭიროება იყო“.

    „მერიის გვერდზე დაიხარჯა და არა ჩემს პირად გვერდზე. ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება. ეს ნორმალურია, რადგან საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა კეთდება მერიაში, რა იგეგმება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული და ვალდებულებიც ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას",- განაცხადა კალაძემ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური