პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გახდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 იანვარი 2018 16:37

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა და მედიას ანა ნაცვლიშვილი წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალი საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის, როგორც იურისტის, ადამიანის უფლებათა დამცველის საქმიანობას და ასევე, სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში ერთერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას კარგად იცნობს ქართული საზოგადოება.
"სწორედ, მისი ხედვიდან, მისი პრინციპების მიმართ ერთგულებიდან და აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე შევთავაზე მას ერთერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა და მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საპარლამენტო ორგანოსთან საქართველოს პარლამენტთან და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ანა ნაცვლიშვილს წარმატება და ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტიანი მუშაობა უსურვა. თავის მხრივ ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნდობისათვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოხატული მაღალი ნდობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იგი გააგრძელებს მუშაობას და წვლილის შეტანას იმ უდიდეს საქმეში, რასაც საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შემქნა, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჰქვია.
"მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ, ყველა სახელმწიფო უწყებასთან, დაფუძნებული იქნება პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
 
ანა ნაცვლიშვილის ბიოგრაფია
ანა ნაცვლიშვილი დაიბადა 1984 წლის 31 დეკემბერს. სწავლობდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის გიმნაზიაში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 2007 წელს მიენიჭა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (უნგრეთი) სამართლის მაგისტრის წოდება, ხოლო 2013 წელს ესექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება.
2007-2008 წლებში სტაჟირება გაირა დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მე-19 მუხლში" და სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში.
2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოში, უფლებადაცვით ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისში.
2012 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტთან არსებულ გარდამავალი მართლმსაჯულების ქსელში, ხოლო 2013 წელს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში.
2014-2017 წლებში სამჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.
ამავე პერიოდში  ხელმძღვანელობდა ოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის.
ანა ნაცვლიშვილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2017 წ.), ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის (2016-2017 წწ.) და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი კომისიის წევრი (2016).
ანა ნაცვლიშვილი არის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების თაობაზე არაერთი კვლევის და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.
სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორებიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ევროსაბჭო, და სხვ. 
მიღებული აქვს რამდენიმე პროფესიული სტიპენდია და სიგელი. 2017 წელს მას მიენიჭა საქართველოს 7 უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაწესებული ჯილდო "წლის უფლებადამცველი".

წაკითხულია 150 ჯერ

Related items

  • საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა - საქართველოს პრეზიდენტი

    საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება იშვიათი და დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

    პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში გააღრმავოს. „ჩვენ ჩინეთის განვითარებას ვუყურებთ როგორც მსოფლიოსთვის იშვიათ და დიდ შესაძლებლობას, გამოწვევის ნაცვლად. სწორედ ამიტომ საქართველომ ხელი მოაწერა გასულ წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.

    საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთამაშეა გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას.„როდესაც ვსაუბრობთ სხვადსხვა ერებს შორის ეკონომიკურ ან კულტურულ დიალოგზე, არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება. მისი თქმით, ორ ქვეყანას აკავშირებს ნდობაზე დაფუძნებული, პროდუქტიული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, გაერო-ში ჩინეთის როლის გათვალისწინებით.

    საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ჩინეთთან ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ შესახებ. „თუ შეხედავთ ინიციატივის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ ფარგლებში პროექტებს, აღმოაჩენთ უამრავ მარშრუტს. თუმცა საქართველოს გზა ყველაზე მარტივი და საინტერესოა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირების ხელშეწყობა შეუძლია.

  • გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ჩინეთის ელჩთან ძი ეინჩთან და მის მეუღლესთან ჯანგ ხონგთან სამუშაო სადილი გამართეს

    საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩინეთის ელჩთან ძი ეინჩთან და მის მეუღლესთან ჯანგ ხონგთან სამუშაო სადილი გამართეს
    სასტუმრო "ხუალინგ თბილისში" გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ჩინეთის ურთიერთობების გააქტიურებასა და გაფართოებაზე ისაუბრეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

  • გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ულოცავს. 

    "ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მსურს აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა უამრავი გამოწვევა გამოიარა, რათა აეშენებინა წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენი სახით ვხედავ აყვავებულ ქვეყანას, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს საერთაშორისო ასპარეზზე.

    ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გათვალისწინებით, მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

    ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

    ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა”, - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.

  • პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 143 მსჯავრდებული შეიწყალა.

    თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 84 მსჯავრდებული.

    შეწყალების აქტით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 59 მსჯავრდებულს.

    შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე განიხილა სულ 1347 პირის საქმე.

     

    „როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიული აქვს გამოცხადებული, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 საქმე. ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

  • პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

    საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა.

    გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა გამოძიებისა და ექსპერტიზის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სახელმწიფოთაშორის განაცხადს.საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.

    "ჩვენ დღეს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მადლობას ვუხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებას, იცავდა ჩვენს ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად და გმირულად შეეწირა თავის სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს დაცვას.

    დიდი მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვის. ჩვენ არჩილს ვანიჭებთ ღირსების ორდენს გარდაცვალების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ტკივილი, რაც ჩვენ თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილის გარდაცვალებით ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული და დამნაშავეები იქნებიან დასჯილნი.

    ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ჩვენ ახალგაზრდა თაობას მისი და მისნაირების გმირობის მაგალითზე აღვზრდით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

    არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მათი შვილის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ მუდმივად გრძნობენ პრეზიდენტის გვერდში დგომას და მხარდაჭერას. როგორც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მზადდება აღნიშნული საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენა.

    "ამ საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ამზადებს ევროპულ სასამართლოში შესატანად, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ პარასკევს გავაგზავნეთ განცხადება რუსეთის ფედერაციაში გამოძიების დაწყების შესახებ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან და წამებასთან დაკავშირებით.

    რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი პირი, რომელსაც ბრალად შეერაცხება აღნიშნული უკანონო ქმედება, რადგან რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და ახორციელებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ის სახელმწიფო, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, მომხდარი დანაშაულები სრულად მას შეერაცხება.

    ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნდა გვქონოდა კომუნიკაცია. ჩვენ მოვთხოვეთ გამოძიების დაწყება. ველით რუსეთის ფედერაციისგან პასუხს. რასაკვირველია, დიდი იმედები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს.

    ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ამოვწუროთ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

    რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ მიმართვას, ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას. ჩვენი მიზანი არ არის, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, ვუჩივლოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გამოძიება აქ არაეფექტურად მიმდინარეობს და სათანადო გულმოდგინებით არ მიმდინარეობს გამოძიების პროცესი, იძულებულნი ვიქნებით, რომ შევიტანოთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა თამარ ავალიანმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური