ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 09 იანვარი 2018 16:29

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრისას საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე ისაუბრა და ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეული მიმართულებები განიხილა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლები 2017 წელს და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს საგარეო ვაჭრობის კუთხით. მაგალითად, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 23 პროცენტით გაიზარდა და 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტზე ჩინეთში, რომელმაც 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, 7,6 მლნ ბოთლს გადააჭარბა.  აღინიშნა, რომ 2018 წლიდან ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

შეხვედრაზე განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერს დაგეგმილ იმპორტის გამოფენაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის მონაწილეობაზე, რომლის დროსაც ქართველ ბიზნესმენებს პოტენციურ პარტნიორებთან საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა ექნებათ. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის მხარეებმა ტურიზმიც დაასახელეს, სადაც თანამშრომლობა აგრეთვე მზარდი დინამიკით ხასიათდება. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ მაღალი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც შარშან შემოდგომაზე გაიმართა. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და მასთან ერთად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პროცესში ჩინური კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდება, რაც პოზიტიურად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებზე. 

წაკითხულია 388 ჯერ

Related items

  • თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ჩინეთის დელეგაცია შანსის პროვინციიდან

    2019 წლის 16 აგვისტოს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივის „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში, თბილისს ესტუმრა ჩინეთის დელეგაცია შანსის პროვინციიდან.

    დელეგაციის წევრებმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ ჩინეთის ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, „მშრალ ხიდზე“ ცოცხალი პერფორმარსი გამართა.

    მათ ქართველ დამთვალიერებელს აჩვენეს უნიკალური ჩინური ხელოვნების ნიმუშები და კულტურული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სახის ნითები და ნაკეთობები.

     

  • არჩილ თალაკვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ლი იანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

    მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

    აღინიშნა, რომ პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისო ურთიერთობები ის მიმართულებებია, რაზეც საქართველო და ჩინეთი შემდგომშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას.

    საუბარი, ასევე, შეეხო აბრეშუმის გზის პროექტს - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“.

    არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციის და ინფრასტრუქტურის განახლების მხრივ საქართველო ამ მისიისთვის მზად არის.

    საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

    შეხვედრისას ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას დაეთმო.

    ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი განუხრელად სცემს პატივს ქართველი ერის მიერ არჩეულ განვითარების გზას. თავის მხრივ, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

    შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ დანელია ესწრებოდა.

  • თამაშის წესების შეცვლა: ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე Visa-მ მიზანში ამოიღო „უნაღდო იაპონია“

    Visa და მისი პარტნიორები ქმნიან ციფრულ მემკვიდრეობას იაპონიაში და ხელს უწყობენ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას

    სან ფრანცისკო და ტოკიო2019 წლის 25 ივლისი – ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე, მსოფლიოს მასშტაბის ტექნოლოგიური პარტნიორი ოლიმპიურ თამაშებში - Visa (NYSE: V), ამზადებს ინოვაციური გადახდის მეთოდს სპორტსმენების, სტუმრებისა და მოქალაქეებისთვის მთავრობის „უნაღდო იაპონიის“ ინიციატივაზე საპასუხოდ, რომლის მიზანია 2025 წლამდე ორჯერ გაზარდოს ციფრული გადახდების მთლიანი რაოდენობა 40 პროცენტამდე[1]. რადგან მოსალოდნელია, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ყველაზე ინოვაციური ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები იქნება, Visa-ს აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა, რათა ხელი შეუწყოს, რომ ოლიმპიური თამაშები იაპონიაში საუკეთესო ციფრული გადახდების დანერგვის კატალოზატორად იქცეს. 

    “დღეს მსოფლიოში ფაქტობრივად არ არსებობს იაპონიის მსგავსი სხვა ბაზარი – ეს არის მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა და ლიდერი მრავალ დარგში. თუმცა, ამის მიუხედავად, ვაჭრობა უმეტესად ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება,” განაცხადა Visa-ს იაპონიის წარმომადგენელმა დირექტორმა და რეგიონულმა მენეჯერმა. “Visa ოლიმპიურ თამაშებს აღიქვამს, როგორც შესაძლებლობას უახლესი ტექნოლოგიები შესთავაზოს სპორტულ მოედნებსა და ოლიმპიურ სოფელში, ასევე მთელი მასპინძელი ქვეყნის მასშტაბით, რათა რეალურად გააუმჯობესოს გულშემატკივართა გამოცდილება. ტოკიო-2020-თვის ჩვენ ვგეგმავთ ისეთი შესაძლებლობების დანერგვას, რაც ხანგრძლივ კვალს დატოვებს ქვეყანაზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ამავე დროს ადგილზე შევთავაზოთ იაპონიის საზოგადოებას და სტუმრებს საოცარი გამოცდილება.”

    „უნაღდო იაპონიის“ მხარდაჭერა

    დღეისათვის, იაპონიაში გადახდების მხოლოდ დაახლოებით ერთი მეხუთედი იყენებს ციფრულ მეთოდებს. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ,  ეს ციფრი დაახლოებით 90%-ს შეადგენს სამხრეთ კორეაში,  60%-ს აშშ-ში, ხოლო 70%-ს - ჩინეთში.[2] მომავალ წელს იაპონიაში მოსალოდნელია 40 მილიონი[3] ვიზიტორის ჩასვლა, შესაბამისად, Visa-ს გეგმავს მთელ რიგ ინიციატივებს, რათა უზრუნველყოს ვაჭრობისა და გადახდების საუკეთესო გამოცდილება, მათ შორის:

     

    • ციფრული გადახდების ზრდა: ნაღდი ანგარიშსწორების დღეს არსებული უპირატესობის საკითხის გადასაჭრელად Visa მჭიდროდ თანამშრომლობს სავაჭრო ობიექტებთან ბიზნესის სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის სწრაფი მომსახურების რესტორნებთან (QSR), სატრანზიტო სექტორთან და მაღაზიებთან, ტოკიო-2020-ის დაწყებამდე უკონტაქტო POS გადახდების განახლების ან დაყენებისა და ციფრულ გადახდებზე გადასვლის წახალისების მიზნით.

     

    • „გუნდი Visa“ უნაღდო იაპონიისთვის: 2000 წლიდან, Visa მხარს უჭერს მსოფლიო სპორტსმენების მრავლფეროვან სიას - Visa-ს გუნდს, რომლებიც ასპარეზობენ სხვადასხვა სახეობაში და წარმოადგენენ ბრენდს, როგორც საასპარეზო მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა.  Visa-ს გუნდის იაპონელი სპორტსმენი - კანოა იგარაში, რომელიც იაპონიის ოლიმპიურ თამაშებში ახლად დამატებული სპორტის სახეობაში - სერფინგში ასპარეზობს და Visa-ს მარკეტინგული კამპანიის „უნაღდო ტალღაზე სრიალებს“, უკვე იაპონიაში ცხოვრობს. წლის განმავლობაში Visa გააგრძელებს Visa-ს გუნდის გაფართოებას, გააშუქებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზეებს და მხარს დაუჭერს ციფრული გადახდების გამოყენებას.

     

    • პარტნიორული ეკოსისისტემის შექმნა: როგორც მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, Visa წაახალისებს ინოვაციებს 3.4 მილიარდ ანგარიშის მფლობელთან ფინანსური მომსახურებების ფართო ჯგუფის, მოვაჭრეების, ტექნოლოგიური და ფინანსური ტექნოლოგიების (fintechs) პარტნიორთა მეშვეობით. იაპონიაში არსებული ქსელის კიდევ უფრო გასაზრდელად Visa-მ წამოიწყო Visa-ს Fintech Fastrack, რათა კიდევ უფრო დააჩქაროს და გაამარტივოს fintechs-ის მიერ ახალი ციფრული სავაჭრო ტექნოლოგიების შექმნა და მიწოდება Visa-ს გადახდების ქსელში. ბოლო პერიოდში Visa ასევე თანამშრომლობს ციფრული საფულის და ფინანსური ტექნოლოგიების სერვისების ოპერატორთან - „LINE Pay Corporation“-თან, LINE-ის შეტყობინებების აპლიკაციასთან დაკავშირებით ციფრულ გადახდებზე გადასვლის წასახალისებლად.

     

    • ინოვაციები ოლიმპიური თამაშების დროს: როგორც გადახდების ტექნოლოგიების ექსკლუზიურს სპონსორს, Visa-ს განსაკუთრებული პოზიცია აქვს, რათა ყველა ოლიმპიური თამაშები უახლესი ტექნოლოგიებით უზრუნველყოს და ხშირად გამოსცადოს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ჯერ არ არის კომერციულად ხელმისაწვდომი. 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე Visa-მ Visa-ს გუნდის მძლეოსნებს გადახდების ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი ბეჭედი შესთავაზა. 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე Visa-მ გაყიდა ისეთი კომერციული აქსესუარები, როგორიცაა ხელთათმანები და სამკერდე ნიშნები, რომლებიც აღჭურვილი იყო უკონტაქტო გადახდების წამკითხველი ტექნოლოგიით. 2020 წლის ტოკიოს თამაშებისთვის Visa იკვლევს გადახდების ინოვაციებს, რომლებიც მოიცავს როგორც გადახდების ბიომეტრიულ ავტორიზაციას და აქსესუარებს, ასევე ახალ მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც მოიცავს ციფრულად გამოშვებულ ბარათებს.

     

    • იაპონიაში გლობალური მოგზაურობისა და დანახარჯების შემოდინების შეფასება: Visa-ს გლობალური სამოგზაურო გეგმების კვლევის ( Visa’s Global Travel Intentions (GTI) Study) თანახმად, მსოფლიოს გამოკითხულ მოგზაურებს შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში იაპონიამ გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ყველაზე პოპულარულმა დანიშნულების ადგილმა. ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადების პროცესში, Visa განაგრძობს მონაცემების გაზიარებას მომხმარებელთა მოგზაურობისა და ხარჯების, ასევე ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული ტურისტული ტენდენციების პროგნოზების შესახებ, რათა დაეხმაროს ადგილობრივ მოვაჭრეებს მოემზადონ უცხოელი მოგზაურების ნაკადისთვის.

    Visa-ს შესახებ

    მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: About Visa, visa.com/blog and @VisaNews

     


    [3] იაპონიის ეროვნული ტურიზმის ასოციაცია, ყოველწლიური მონაცემები 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლი იანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა თანამშროლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მხარეებმა იმსჯელეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში (Belt and Road Initiative) საქართველოს ჩართულობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქმიანობის კოორდინაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 1 ივლისს გამართული ვიზიტი ჩინეთის ქალაქ დალიანში, სადაც, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) ფარგლებში, შედგა მისი ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ბატონ ლი კეციანთან.

    მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მაისში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის მნიშვნელობას.

    ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მან ასევე დაადასტურა ჩინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ (One China Principle) ჩვენი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ელჩს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

  • პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა განიხილა

    ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ქალაქ დალიანში, სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა. 

    მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    საუბრისას ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების აუცილებლობას და საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაღალია. 

    საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის კონტექსტში, ხაზი გაესვა უმსხვილესი კომპანიების დაინტერესების აუცილებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და გახსნან რეგიონული ოფისები საქართველოში.

    აღინიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობაში. 

    ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება დაადასტურა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება. უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც, მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლის დასტურია. 

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, რომელზეც სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერია დაპატიჟებული. 

    მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ სესიაზე - Talent Transforming Technology. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში 2 ივლისს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური