2017 წელს საქართველოს 7.5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 იანვარი 2018 11:22

2017 წელს საქართველოს 7,554,936  საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, იანვარი - დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი - დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.  

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - დეკემბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო (39.9%), ნიდერლანდები (31.1%), ესპანეთი (29.9%), საფრანგეთი (29.6%) და გერმანია (25.7%). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (316.1%), საუდის არაბეთი (164.6%), ქუვეითი (154.3%), ირანი (118.3%), ინდოეთი (64.1%), ჩინეთი (54%) და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს 600,004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113,402-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +23.3%). 

დეკემბრის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 234,969 შეადგინა, რაც 56,591-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +31.7%).

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შემოსავალი შეადგენს 2,174,481,448 დოლარს (ზრდა +29%), რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.

2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,927,566 ათასი ლარი შეადგინა. აქაც  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  +30.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. 
  • ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში. 
  • სარეკლამო კამპანიები : BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia.
  • 99 საერთაშორისო პრესტური (საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი)
  • 14 ინფოტური (საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი) 
  • საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes,  Le Monde, The Independent, The Guardian, Elle, Observer, Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და ა.შ.

"შემოსავლების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. თუ 2016 წელი იყო პირველი წელი, როდესაც შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან  2 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია, 2017 წლის ბოლოს ქვეყანამ უკვე 2.7  მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მივაღწევთ 2 მნიშვნელოვან ციფრს: პირველად გვეყოლება 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს"-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. 

წაკითხულია 238 ჯერ

Related items

  • დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

    პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე. 

    აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო და რიგით მეორე ინვესტორი ქვეყანაა. ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქვეყნების ბიზნეს წრეებს შორის კავშირები ვითარდება, ხოლო საქართველოში თურქული კაპიტალის მოცულობა იზრდება. 

    შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. 

  • ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშორისო კონკურსზე

    5 ივნისს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა უმასპინძლა „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშირისო სტუდენტური კონკურსის შესარჩევ ეტაპს. კონკურსი შედგებოდა 4 ეტაპისაგან: ჩინეთის შესახებ ესეს წერა, სიტყვით გამოსვლა, კითხვებზე პასუხი და კულტურული ნომერი. მონაწილე სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს. 5 ქართველი და ჩინური მხარის წევრისგან შემდგარი ჟიურიმ შეაფასა მონაწილეები და ამოირჩია გამარჯვებული.

    პირველი ადგილი დაიკავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ვახტანგ ქაჩიბაიამ. იგი ზაფხულში გაემგზავრება ჩინეთში, სადაც საქართველოს სახელით 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მიიღებს მონაწილეობას რიგით მე-17 საერთაშორისო „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსში. „ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ კონკურსში გამომეცადა ჩემი თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში დაგროვილი ცოდნა“, - აღნიშნა პირველი ადგილის მფლობელმა ვახტანგ ქაჩიბაიამ. სხვა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსი მათთვის დიდი გამოცდილება იყო და მომავალში უფრო მეტს იშრომებენ ჩინურის საფუძვლიანად შესასწავლად.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ქალბატონი წუო ხონგპო და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ბატონი ვახტანგ ლეჟავა. ქალბატონმა წუო ხონგპომ სიტყვით მიმართვისას მონაწილეებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი მომავალშიც განაგრძობს საზოგადოებისათვის ჩინეთის გაცნობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.

    ბატონმა ვახტანგ ლეჟავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის კულტურის პოპულარიზაციაში. ამასთან მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი ჩატარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით.

  • ვლადიმერ იმნაძემ თურქეთის ელჩს და TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს უმასპინძლა

    ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან და თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორთან, ჰუსეინ სანლისთან, შეხვედრა გაიმართა.

    თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ, TIKA -მ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის საკონფერენციო დარბაზი, ტექნიკურად, უსასყიდლოდ აღჭურვა, რომელიც დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

    შეხვედრას, ასევე, დაესწრო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის მოადგილე, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე.

    “მოგესალმებით თქვენო აღმატებულებავ! დღეს ჩვენ ნამდვილად საზეიმო დღე გვაქვს, თურქეთის რესპუბლიკის დახმარებით, ჩვენ შევძელით, ასეთი მშვენიერი საკონფერენციო დარბაზის გახსნა. თურქეთთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაშინ დაიწყო, როცა 2004 წელს, თურქმა ექიმებმა ანკარაში, მეორე სიცოცხლე მაჩუქეს.

    თურქეთთან ჩვენ სხვადასხვა სფეროში გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. გვეგმავთ დელეგაციის გაგზავნას, ჩემი ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში, რათა გავეცნოთ მათ გამოცდილებას ვეტერანებთან მიმართებაში.

    მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სააგენტო TIKA-ს თანადგომისა და დახმარებისთვის.” – აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ სიტყვით გამოსვლისას.

    ” თქვენ ხართ წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი მეგობრის და ძლიერი სახელმწიფოსი – თურქეთის რესპუბლიკის. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, თქვენთან მეგობრობა. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო და შორსმხედველი მიზნები.

    მინდა, მოგახსენოთ, რომ სახელმწიფომ ჩვენ,  ვეტერანებს გადმოგვცა ტერიტორია, რომელზეც მიზნობრივად არის განსაზღვრული ვეტერანებისთვის სამხედრო ჰოსპიტალის აშენება. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მედიცინაში, სამედიცინო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების დარგში და ამ მიმართულებითაც, იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის.”- მიმართა კობა კობალაძემ ფატმა სერენ იაზგანს მისასალმებელ სიტყვაში.

    ”ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფებოდი აქ თქვენთან ერთად. ვეტერანების და ომში დაღუპულების თემა, ერთ-ერთი უმთავრესია ჩვენთვის თურქეთში, ისევე როგორც საქართველოში. სისხლი, რომელიც დაიღვარა სამშობლოსთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც შვილების დამოუკიდებლობა. საქართველოს შვილები ჩვენი შვილები არიან.

    დიდი მადლობა TIKA-ს თანამშრომლობისთვის, ამ მშვენიერი დასაწყისისათვის, რომელიც განხორციელდა ასეთი მშვენიერი საკონფერენციო დარბაზის აღჭურვით.

    ურთიერთობა საქართველოსა და თურქეთს შორის, ყველა სფეროში მართლაც საოცარი ტემპით ვითარდება. თავდაცვის მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლისთავისთვის ჩვენი თავდაცვის მინისტრი აქ იმყოფებოდა. ერთხელ ვინც იყო სამხედრო, ის ყოველთვის სამხედრო იქნება. ვეტერანი არ არის თადარიგის სამხედრო პირი.  როდესაც თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზეა საუბარი, ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც აქვთ ვეტერანებს, აუცილებლად უდნა იყოს გათვალისწინებული და გადაცემული შემდგომი თაობებისთვის.

    ის ყველაფერი რაც ვეტერანებმა გაიღეს ქვეყნისათვის მათ უნდა დაუბრუნდეთ თუნდაც ეკონომიკური კუთხით. ყველა იმ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს სიყვარული გაღვივებას ახალგაზრდა თაობაში, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის! თუ რაიმე იქნება საჭირო ყოველთვის გქონდეთ ჩვენი იმედი.”- განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

    ” მეც დიდი მადლობა მინდა გითხრათ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA-ს სახელით ბატონ ვლადიმერს, ბატონ კობას და ყველა აქ დამსწრე საზოგადოებას.

    თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA უკვე 24 წელია მოღვაწეობს საქართველოში. საქმიანობის სფერო მრავალმხრივია, განათლება ჯანდაცვა სოფლის მეურნეობა და.ა.შ ის პროექტი, რომლის გამოც აქ ვიმოყოფებით, სოციალური მიმართულებისაა და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ჩვენ წვლილი შევიტანეთ საზოგადოების განვითარებაში.  ჩვენი ორგანიზაცია მზად იქნება მომავალშიც ითანამშრომლოს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ორგანიზაციის სახელით ვიმყოფებოდი დღეს აქ გახსნაზე.

    ვიცით, რომ საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახური პატრონაჟს ახორციელებს 70 ათასამდე ვეტერანზე, ღმერთმა ქნას, რომ ეს რიცხვი არ გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ქალბატონი ელჩის სახელით  სოციალური და იურიდიული გარანტიებით, რომელიც ამ მიზნობრივი ჯგუფისთვის გაქვთ დაგეგმილი, ვეცდებით მუდამ თქვენს გვერდით ვიყოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში.”- განცხადა ჰუსეინ სანლიმ.

  • თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰამი აქსოის განცხადება

    თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰამი აქსოის განცხადება, სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე

    საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას.

    ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის საელჩო საქართველოში. 

  • გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

    საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. 

    პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს, რასაც ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიც ადასტურებს.

    “სომხეთის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს, რაც ვფიქრობ, ჩვენს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის დასტურია. საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    თბილისის საკრებულოში სომხეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ახალქალაქში გაემგზავრება. ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დღეს საღამოს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური