ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 31 დეკემბერი 2017 11:56

საქართველოს ნომერ პირველმა მოჭადრაკემ, ნანა ძაგნიძემ ერთპიროვნულად გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დასრულდა, ნათქვამია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველმა დიდოსტატმა 16,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო ვალენტინა გუნინას (რუსეთი), მესამე ადგილი კი 14 ქულით ჟუ ვენჟუნმა(ჩინეთი) დაიკავა.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 21 ტურად ჩატარდა (29-30 დეკემბერი) და მისი საპრიზო ფონდი 250 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ნანა ძაგნიძეს მსოფლიო ჩემპიონობამ 80 000 დოლარი მოუტანა.

ქალთა ასპარეზობის პარალელურად მიმდინარე ვაჟთა ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონის მაგნუს კარლსენის გამარჯვებით დასრულდა.

მიმდინარე წლის აპრილში ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ქალია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფიდეს განახლებულ რეიტინგში ქართველი მოჭადრაკე 2528 ქულით მეცხრე ადგილზეა.




წაკითხულია 952 ჯერ

Related items

  • ბექა ორჯონიკიძე: გპირდებით ბრძოლას, ჟინს, თავდადებას!

    გერმანია, ისლანდია, იაპონია, ჩილე და ალჟირი. ეს იმ ნაკრებთა ჩამონათვალია, რომლებთანაც საქართველოს ჭაბუკთა სახელბურთო ნაკრებს მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს ალჟირის გუნდთან ექნება და ამ შეხვედრის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

    მოკლედ, 8-20 აგვისტოს, საქართველოს დედაქალაქი დიდი სახელბურთო ზეიმის მოლოდინშია. გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ბექა ორჯონიკიძესთან.

    პირველ რიგში გკითხავთ, რამდენად კმაყოფილი ხართ წილისყრის შედეგებით?

    მსოფლიოს ჩემპიონატზე იოლი ჯგუფი და მარტივი მეტოქეები არსებობს? რა თქმა უნდა, B ჯგუფი, სადაც ჩვენ მოგვიწევს ასპარეზობა ძლიერი მეტოქეებით არის დაკომპლექტებული, თუმცა სიკვდილის ჯგუფად ვერ შევრაცხავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავით ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევდა და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.

    ჩვენი მეტოქეები თუ გყავთ შესწავლილი?

    ვცდილობთ, ყველა გუნდზე მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვოთ. ევროპული ნაკრებები, გერმანია და ისლანდია ამომწურავად შევისწავლეთ, ნანახი გვაქვს იაპონიის გუნდის სხვადასხვა თამაშებიც, რაც შეეხება ჩილეს და ალჟირს, შედარებით მწირი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ არის დრო და იმედია ამ ორ გუნდსაც ზედმიწევნით გავშიფრავთ.

    რამდენად რეალურად გესახებათ ჯგუფუდან გასვლა და რა იქნება ჩვენი ნაკრების პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი?

    ჩვენ რეალურად შეგვიძლია ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ და ეს სულაც არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. თავისთავად გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ საკუთარ კედლებში და ქომაგების აქტიური მხარადჭერით, პლუს მაქსიმალური მობილიზებით შეუძლებელი არაფერია.

    ჩვენი პროგრამა მინიმუმიც სწორედ პლეი-ოფში გასვლაა, ხოლო მაქსიმუმს რაც შეეხება, ვფიქრობ შეგვწევს ძალა სახელბურთო სამყაროს და მთლიანად ქართულ სპორტულ საზოგადოებრიობას უფრო მეტი სიურპრიზიც შევთავაზოთ.

    უშუალოდ ჩემპიონატისთვის მზადების პროცესზე რას იტყოდით?

    ახალი წლის შემდეგ, მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად შევუდექით მსოფლიოს

    ჩემპიონატისთვის მზადებას და დღემდე რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ გვქონია. ერთადერთი, ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ყველა მოთამაშე ჩვენს განკარგულებაში ვერ იყო, თუმცა ფორმას და სათამაშო ტონუსს თავიანთ გუნდებში ინარჩუნებდნენ.

    დიდად წაგვადგა ივნისის თვეში ბულგარეთის ტურნირში მონაწილეობა. ამ ასაკში ხომ მოთამაშეები უცხოურ გუნდებთან პაექრობებით იზრდებიან. ბიჭებმა გამოცდილება აიმაღლეს და ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოყალიბდნენ.

    ნაკრებში ლეგიონერი ხომ არ გვყავს?

    დიახ, ირაკლი კბილაშვილი, რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთ კლუბში ირიცხებოდა. ბერძნებს ახლაც სურთ მისი შენარჩუნება, თუმცა ირაკლი არ ჩქარობს და უკეთესი შემოთავაზების მოლოდინშია.

    დასკვნითი შეკრების გამართვას სად გეგმავთ?

    ბილისში ვემზადებით. ამჟამად ბაზაზე ვართ შეკრებილი და სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ ვცხოვრობთ, სადაც დასვენებისთვის და ძალების აღსადგენად იდეალური პირობებია შექმნილი.

    ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდებთან სპარინგ მატჩებს სისტემატიურად ვმართავთ, მაგრამ გვსურს ჩემპიონატამდე ერთი-ორი ამხანაგური მატჩი რომელიმე უცხოურ ნაკრებთანაც ვითამაშოთ. მაგალითად, ჩილეს გუნდი თბილისში ყველაზე ადრე 31 ივლისს ჩამოდის, თუმცა სამხრეთ ამერიკელები ქვეჯგუფში გვყავს და მათთან ამხანაგური რამდენად გამოგვივა და მიზანშეწონილი იქნება დასაფიქრებელია. მონაწილე გუნდების ძირითადი ნაკადი ტურნირამდე 4-5 დღით ადრე ჩამოვა და ალბათ რომელიმე ნაკრებთან სპარინგ შეხვედრის გამართვას მოვახერხებთ.

    ზემოთ ბულგარეთის ტურნირი ახსენეთ და იქნებ უფრო ვრცლად გვითხრათ, რამდენად კმაყოფილი დარჩით?

    საბოლოოდ მერვე ადგილი დავიკავეთ და შედეგით შეიძლება დიდად კმაყოფილება ვერ გამოვხატოთ, მაგრამ იმ ბრძოლისუნარიანობით, რაც ბიჭებმა გამოავლინეს, შემართებით და თამაშის ხარისხით იმედი ჩამესახა, რომ თბილისში თავს არ შევირცხვენთ.

    ჯგუფში ლუქსემბურგთან ბრძოლაში დავმარცხდით, მაგრამ შემდეგ დიდ ბრიტანეთს და მალტას ვაჯობეთ და მეოთხედფინალში გავედით, სადაც თურქეთთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ.

    რა მიგაჩნიათ ჩვენი 19 წლამდე ნაკრების სუსტ და ძლიერ მხარეებად?

    დაცვის ხაზი და სწრაფი თამაში უდავოდ ჩვენი გუნდის კოზირად მიმაჩნია,

    მეკარის პრობლემასაც არ ვუჩივით. რაც შეეხება სუსტ რგოლს, ბურთის გათამაშების დროს ხშირად მოგვდის ტექნიკური წუნი და ამ მხრივ სამუშაო გვაქვს.

    დაბოლოს. რას ჰპირდებით ქართველ გულშემატკივარს?

    -8-დან 20 აგვისტომდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში არა მხოლოდ სახელბურთო, არამედ ზოგადად სპორტული ზეიმი იქნება. ასეთი მასშტაბური გუნდური შეჯიბრი 24 ნაკრების მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში არასდროს გამართულა და დარწმუნებული ვარ მის ორგანიზებას ღირსეულად გავართმევთ თავს.

    გულშემატკივარს კი ვპირდებით ბრძოლას, ჟინს და თავდადებას. სავსე ტრიბუნები და ქომაგების აქტიური მხარდაჭერა ბიჭების კიდევ უფრო დასამუხტად აუცილებელია. თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით და დარბაზში თუ ტელეეკრანებთან მყოფი გულშემატკივრის გასახარებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.

    საქართველოს ნაკრები

    ჯერჯერობით გუნდში 19 ხელბურთელია. მათგან უშუალოდ შეჯიბრების წინ, 7 აგვისტოს, განაცხადში შევა 16. ტურნირის განმავლობაში შეიძლება 3 ცვლილება, ოღონდ მხოლოდ 2 ახალი მოთამაშის დამატება 28-კაციანი სიიდან (მაგალითად, შესაძლებელია ორის შეცვლა და ერთი გამოცვლილის უკან დაბრუნება - ჯამში, 18 მოთამაშის გამოყენება)

    GK: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი თელავი), გიორგი ვათიაშვილი (გორი)

    LW: ხაზეინ რუსტამოვი (ქუთაისი), ირაკლი კბილაშვილი (ქუთაისი), გიორგი დოლმაზაშვილი (იმედი თელავი)

    LB: ზურაბ გოგავა (პეგასი), გიგი ფერაძე (ქარიშხალა), ზეზვა იობაშვილი (იმედი თელავი)

    CB: გიგა ბაინაზიშვილი, დავით ყორიაული (იმედი თელავი)

    RB: გიორგი ცხოვრებაძე (პეგასი), გიორგი ტიელიძე (გორი)

    RW: ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა), ნიკოლოზ ბაჯალაძე (ფოთი), დავით ნიაზაშვილი (გორი)

    P: გიორგი მიქავა (იმედი თელავი), ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), გიორგი ლაპიაშვილი (პეგასი)

    მთავარი მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე, მწვრთნელი ანდრეი პორტნოი (უკრ), მეკარეების მწვრთნელი ამირან კომახიძე, ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი, გულდის უფროსი: ვახტანგ მეიფარიანი

    ხელბურთიჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი. 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე

    ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

    ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

    მთავარ დარბაზში

    8 აგვისტო: 14:00 ისლანდია-იაპონია 16:00 გერმანია-ჩილე 19:00 საქართველო-ალჟირი

    9 აგვისტო: 16:00 ჩილე-ისლანდია 18:00 იაპონია-საქართველო 20:00 ალჟირი-გერმანია

    11 აგვისტო: 10:00 გერმანია-იაპონია 12:00 ჩილე-ალჟირი 18:00 ისლანდია-საქართველო

    12 აგვისტო: 16:00 ისლანდია-ალჟირი 18:00 საქართველო-გერმანია 20:00 იაპონია-ჩილე

    14 აგვისტო: 10:00 იაპონია-ალჟირი 12:00 გერმანია-ისლანდია 18:00 საქართველო-ჩილე

    ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

    ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

    15 აგვისტო. დასვენების დღე

    16 აგვისტო. მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის

    17 აგვისტომეოთხედფინალი და მატჩები 9-24 ადგილებისთვის

    18 აგვისტო: დასვენების დღე

    19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები.

    20 აგვისტო, ფინალები.

  • დავით ხარაზიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ირბენს

    პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მარათონულ რბენაში მიიღებს მონაწილეობას. მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი ლონდონში მიმდინარეობს, მარათონული რბენა ქალაქის ქუჩებში, 6 აგვისტოს თბილისის დროით 13:55 საათზე დაიწყება. 25 წლის ქართველმა მორბენალმა მსოფლიო ჩემპიონატის ნორმატივი პრაღის საერთაშორისო მარათონზე შასრულა. შეგახსენებთ, დავით ხარაზიშვილმა შარშან რიოს ოლიმპიადაზე იასპარეზა. 

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მძლეოსნობის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატებზე მარათონულ რბენაში 2001 წელს კანადის ქ.ედმონტონში ახალციხელმა ზიგმუნდ ზილბერშტეინმა იასპარეზა.

  • ნანა ძაგნიძემ სპორტის მუზეუმს მოგებული ჯილდოები და ჩემპიონთა თასი გადასცა

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

    დიდოსტატი ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალია, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიგო! ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ასევე კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და მედლები ნანა ძაგნიძემ ქართული სპორტის მუზეუმს დროებით გადასცა.

    ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ლატვიის დედაქალაქ რიგაში 10-22 აპრილს გაიმართა. ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით - 11 ტური - ჩატარდა, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის რვა ქართველი. ნანა ძაგნიძემ ექვსი პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა, 8,5 ქულა დააგროვა და უძლიერესის ტიტული მოიპოვა.

    „ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი და ვეცდები ტიტული მომდევნო შეჯიბრებებშიც დავიცვა. წინ უფრო დიდი გამოწვევა, მსოფლიო პირველობა მელის და ახლა მთელი ჩემი ყურადღება სწორედ ამ ტურნირისკენაა მიმართული. მადლობა ბატონ მინისტრს, ჭადრაკის ფედერაციას, ჩემს მწვრთნელს ხვიჩა სუპატაშვილს მხარდაჭერისთვის, ხოლო სამინისტროსა და ქართული სპორტის მუზეუმს დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა ნანა ძაგნიძემ.

    „ქალბატონი ნანას მასპინძლობა დიდი პატივია. ამ რამდენიმე დღის წინ მან ყველანი ძალიან გაგვახარა - ის ხომ პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც ესოდენ პრესტიჟული ტიტული მოიპოვა! მისი ეს ტრიუმფი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. იმის გათვალისწინებით, რომ გაისად ჩვენი ქვეყანა უდიდეს საჭადრაკო ფორუმს - ოლიმპიადას უმასპინძლებს, ნანას ეს გამარჯვება კიდევ უფრო დასაფასებელია. საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო ევროპის ჩემპიონის ტიტულით ხვდება, რაც არა მარტო ოლიმპიადის, ზოგადად, ქვეყნის შესანიშნავი რეკლამაცაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ნანას ჩემპიონობას, მას, მის თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს კი უფრო დიდ წარმატებას და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის საქართველოში დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    „ნანამ მართლაც ყველანი ძალიან გაგვახარა, რისთვისაც მსურს საჯაროდ გადავუხადო მადლობა მას და მის მწვრთნელს, ბატონ ხვიჩა სუპატაშვილს. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაა. დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ნანას უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა ძალუძს და დარწმუნებული ვარ, ის ამ გამოწვევას კარგად გაართმევს თავს", - განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

    ქალთა ევროპის პირველობა პირველად 2000 წელს ბათუმში გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკეებმა აქამდე ოქროს მედლის მოგება ვერ შეძლეს: სალომე მელია (2013 წელი) და ნინო ბაციაშვილი (2015) ვერცხლს დაეუფლნენ, მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) კი ბრინჯაოს.

    რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს: ბელა ხოტენაშვილი 7,5 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა, დანარჩენების შედეგი კი ასეთია: ლელა ჯავახიშვილი - მე-18 (7 ქულა), მერი არაბიძე - 29-ე (6,5), სალომე მელია - მე-40 (6,5), სოფიო გვეტაძე - 43-ე (6,5), ნინო ბაციაშვილი - 49-ე (6), ნინო ხომერიკი - 73-ე (5,5).

  • ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ცნობილია

    გაირკვა ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი. ტურნირი 2017 წლის 8-20 აგვისტოს გაიმართება თბილისის ოლიმპიური სასახლეში. ამერიკის კონფედერაციიდან 5 საგზური მოიპოვეს არგენტინის, ბრაზილიის, ჩილეს, ვენესუელისა და მექსიკის გუნდებმა. 

    შეჯიბრების წილისყრა გაიმართება 11 მაისს, ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფისში. უკვე ცნობილია განთესვაც. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მესამე კალათაშია სერბეთის, ბრაზილიისა და შვედეთთან ერთად. ამ ოთხ გუნდს ბოლოს უყრიან წილს და მასპინძელ ფედერაციას ჯგუფის არჩევის საშუალება ექნება.


    სრული განთესვა ასეთია:
    1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია
    2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, არგენტინა
    3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი
    4 კალათი: პორტუგალია, რუსეთი, ბაჰრეინი, ტუნისი
    5 კალათი: ეგვიპტე, იაპონია, კორეა, ჩილე
    6 კალათი: ვენესუელა, ალჟირი, მექსიკა, ნორვეგია
     

    ამერიკის ჭაბუკთა ჩემპიონატი ამ უქმეებზე დასრულდა სანტიაგოში, ჩილე. მსოფლიო ჩემპიონატის 4 მონაწილე უკვე ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაირკვა - მას შემდეგ, რაც არგენტინა, ბრაზილია, ჩილე და ვენესუელა ნახევარფინალში გავიდნენ. მეხუთე საგზურისთვის გამართულ პლეიოფში მექსიკამ მოუგო კანადას  (28-25), ურუგვაიმ - პარაგვაის (28-25), ხოლო გადამწყვეტ მატჩში მექსიკამ დაამარცხა ურუგვაი (25-15) და მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საგზური მოიპოვა. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ კანადა, პარაგვაი, კოსტა რიკა, პუერტო  რიკო და აშშ. ამერიკის ჩემპიონი გახდა არგენტინა, ვინც ფინალში 22-21 მოუგო ბრაზილიას, მესამე ადგილისთვის ჩილემ დაამარცხა ვენესუელაა, 35-20.

    5 ამერიკული გუნდის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მიიღო 11 ქვეყანამ, აფრიკისა და აზიის სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა. ოკეანიის წარმომადგენლის ადგილი ერგო ევროპის მეთორმეტე გუნდს, ნორვეგიას, ხოლო ტურნირის 24-ე მონაწილეა მასპინძელი, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები.

    საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა 2013 წელს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) კონგრესზე, დოჰაში. შეჯიბრება ორ წელიწადში ერთხელ ეწყობა და ფორმატით ზუსტად ემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატს ქალთა და კაცთა გუნდებს შორის. მოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდულ, 21-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში, ივლისში გაიმართება ალჟირში.

    მთელი ტურნირი, 92 მატჩი გაიმართება  თბილისის ოლიმპიური სასახლის ორ დარბაზში. სავარჯიშო არენებია: სპორტკომპლექს არენას 2 დარბაზი, ფრენბურთის ოლიმპიური არენის ორი კორტი, სპორტის სამინისტროს დარბაზი და დინამოს საკალათბურთო ბაზა. მსოფლიო ჩემპონატის ოფიციალური სასტუმრო იქნება რედისონ ბლუ, სადაც იცხოვრებს ასამდე მსაჯი, დელეგატი და ყველა ოფიციალური პირი. ხუთასზე მეტ სპორტსმენსა და მწვრთნელს მიიღებენ სასტუმრო ჰუალინგი (12 გუნდი), ბომონდ გარდენი (4), გოლდენ პალასი (4) და კრუიზი (4).

    18-20 აგვისტოს, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების დროს, თბილისში გაიმართება IHF საბჭოს სხდომაც.


    მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში (19წ). 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე
    8-14 აგვისტო - ჯგუფური ტურნირი (4 ჯგუფი 6-6 გუნდით)
    15 აგვისტო - დასვენების დღე
    16, 17 აგვისტო - მერვედფინალი, მეოთხედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის
    18 აგვისტო: დასვენების დღე
    19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები
    20 აგვისტო, ფინალები 1, 3, 5, 7 ადგილებისთვის

    წილისყრა: 11 მაისს ბაზელში, შვეიცარია

  • ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

    ირანის დედაქალაქ თეირანში, მიმდინარეობს  მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორის ნოკაუტ-სისტემით. ასპარეზობა მსოფლიოს უძლიერესმა 64 ქალმა დაიწყო და მათ შორის 8 ქართველი იყო. სამი წრის შემდეგ გამოვლინდა  8 საუკეთესო მონაწილე, მათ შორისა ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე.

    დღეს გაიმართება მეოთხედფინალური მატჩის პირველი პარტია  და ნანას მეტოქე ინდოელი ხარიკა დრონოვალი იქნება. მატჩი 2 ძირითადი პარტიისგან შედგება და ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი ტაი-ბრეიქი გაიმართება.გამარჯვებული მოჭადრაკე  მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს.

    მეოთხედფინალური მატჩები:

    ცზიუ ვენზუნი - ტან ჟონგი

    ხარიკა დრონოვალი - ნანა ძაგნიძე

    ანა მუზიჩუკი - ანტოანეტა სტეფანოვა

    ალექსანდრა კოსტენიუკი - ნი შიცზიუნი

    შეხვედრათა  განრიგი:

    20-22 თებერვალი - IV წრე

    23-25 თებერვალი -V წრე (ნახევარფინალი)

    26  თებერვალი     -  დასვენების დღე

    27 თებერვალი    -   3 მარტი  - VI წრე (ფინალი)

    4 მარტი - დახურვა.

    ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 450 00$ შეადგენს. პირველ წრე - 3 750$

    მეორე წრე - 5 500$

    მესამე წრე - 8 000$

    მეოთხე წრე - 12 000$

    მეხუთე წრე (ნახევარფინალი) - 20 000$

    მეექვსე წრე (ფინალი) - დამარცხებული (ვერცხლის მედალოსანი) დაჯილდოვდება 30 000$ -ით, ხოლო გამარჯვებული - მსოფლიოს ჩემპიონი - 60 000$  დაისაკუთრებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური