პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017 15:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო, მოგესალმებით. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ვიზიტით ჩამოსვლა. პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა და თქვენს ქვეყანას - სტაბილური განვითარება. მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი აგვირგვინებს წელს, როდესაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები მრავალსაუკუნოვანია და ყოველთვის იყო ისეთი თბილი და კეთილმეზობლური, როგორიც დღეს არის. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტმა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების რწმენა გამოთქვა.

„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში, რომლებიც მუდმივად აღმასვლის მიმართულებით ვითარდება. გასული ათასწლეულების გზა გვავალდებულებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხების წინაშე, კარგად გავიაროთ ჩვენთვის მონდობილი პერიოდი. ვსარგებლობ შემთხვევით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ მოთმინებას, ოპტიმიზმს, ვინაიდან ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ მოვალენი ვართ, კიდევ უფრო განვვითარდეთ", - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

წაკითხულია 351 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

  • სომეხთა ჯგუფების საპროტესტო აქციისა და თურქეთის საელჩოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში გასული ინფორმაციების შესახებ

    2019 წლის 24 აპრილს სომეხთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა საელჩოსთან ისევე, როგორც ამას წინა წლებშიც აკეთებენ ყოველ 24 აპრილს. გასული წლების მსგავსად, ისინი წელსაც მოითხოვდნენ თურქეთის მთავრობისაგან, რომ აღიაროს 1915 წლის მოვლენები, როგორც „გენოციდი“. უფრო მეტიც, სხვა ქვეყნების სომხური დიასპორების რიტორიკის მსგავსად, თავიანთ სიმღერებში, სიტყვით გამოსვლებსა და სლოგანებში, მათ გაახმოვანეს მუქარა თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეურაცხყოფა მიაყენეს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელს მუსტაფა ქემალ ათათურქს.

    იმავე დღეს, 23 აპრილთან დაკავშირებით, რომელიც თურქეთში ზეიმით აღინიშნება, როგორც ბავშვთა საერთაშორისო დღე, თურქეთის საელჩომ, თურქი ბავშვების მონაწილეობით, მოაწყო კონცერტი და მათ მიერ შესრულებული ნახატების მცირე გამოფენა მსოფლიო მშვიდობისა და მეგობრობის თემაზე.

    საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ისმოდა მსოფლიოს ბავშვთა სიმღერები. მათ შორის იყო ორი სომხური სიმღერაც, ისევე როგორც თურქული, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული საბავშვო სიმღერები.

    საელჩოს ღონისძიების წინ ქართულ-სომხური მედიის ჟურნალისტმა მთხოვა, რომ ჩემტან ინტერვიუ ჩაეწერა. ამ ინტერვიუს ბმული ქვემოთაა მოცემული:

    https://www.youtube.com/watch?time_continue=198&v=LdwgXjdVcHE

    ინტერვიუში მე შევეხე იმ გზავნილს, რომელიც სოციალურ მედიაში გამოვაქვეყნე 2017 წელს მოკლული თურქი-სომეხი ჟურნალისტის ჰრანთ დინქის მემკვიდრეობაზე დაყრდნობით.

    Aliq media-სთვის მიცემული ინტერვიუდანაც ჩანს, რომ მე ხაზი გავუსვი ბავშვების ზეიმის გზავნილს, რომელიც იყო მშვიდობა და მოწოდება, რომ რეგიონის ყველა ბავშვს ჰქონდეს მშვიდობის პერსპექტივა.

    საინტერესოა, რომ ჩემი სიტყვები Aliq media-სთვის მიცემული ინტერვიუდან არ აისახა ქართულ მედიაში.

    ამგვარად, ქვემოთ წარმოგიდგენთ სოციალური მედიაში ჩემი ზემოთ ნახსენები გზავნილის ბმულსა და ტექტს.

    მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ თქვენი გამოცემების მეშვეობით ქართულ საზოგადოებას მიეცემა ამ გზავნილის წაკითხვის შესაძლებლობა.

    გზავნილი სოცილაურ მედიაში:

    „მინდა გაგიზიაროთ ჰრანთ დინქის შეხედულებები მისი სიტყვით ორი გამოსვლის დროს. ისინი თურქულ ენაზეა. აი შინაარსიც:

    ის ამბობს, რომ თურქები და სომხები ერთამნეთის მედიკამენტები არიან.

    ის ამბობს, რომ ორივე მხარისათვის საჭიროა, რომ გაიგონ ერთმანეთის სიამაყე და ტკივილი.

    ის მოუწოდებს სომხურ დიასპორას, არ მიეჯაჭვოს სიტყვას „გენოციდი“, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ, როგორც სომეხმა, კარგად იგრძნო ხალხის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ის ეუბნევა თურქებს, რომ შეეცადონ გაიგონ სომეხთა ტრავმა.

    ის იხსენებს საშინელ სიკვდილს ორივე მხარიდან, რომელიც დიდი ძალების იმპერიალისტური პოლიტიკით იყო გამოწვეული.

    მის ძლიერ, ბრძნულ და ძვირფას გზავნილსა და მემკვიდრეობას პატივი უნდა მიეგოს.

    ის მოკლეს.

    ისევე, როგორც 1973-1984 წლებში ASALA & JCAG -ის მიერ მოკლულ იქნა 32 თურქი დიპლომატი და მათი ოჯახების წევრები ლოს ანჟელესში, პარიზში, ბეირუთში, ვატიკანში, ბელგრადში, ოტავაში, ჰააგაში, ათენში, სიდნეიში, ბოსტონში, ლისაბონში, ბრიუსელში, თეირანში, ეგრეთ წოდებული შურისძიების მოტივით ეგრეთ წოდებული გენოციდისათვის.

    მე ვიცავ იმ მოსაზრებას, რომ ეს არ იყო გენოციდი. ეს ოყო ძმათამკვლელობა, ეს იყო დეპორტაცია პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელმაც ათასობით სიკვდილი გამოიწვია, მსხვერპლთა მოგონება დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

    მ. ფილიპ პრაისი, ავტორი, „ომი და რევოლუცია აზიურ რუსეთში“, გამოცემული 1918 წელს. იგი, როგორც „მანჩესტერის გარდიანის“ კორესპონდენტი, თავის მოგონენბებში იმ დროინდელ კავკასიაზე იხსენებს:

    „ახლა ნათლად ვხედავ, რომ ბრალეულობა ომის მიერ გამოწვეული დანაშაულისა არ შეიძლება მხოლოდ ერთ მებრძოლ მხარეს დააწვეს... რაც უფრო საღად ვუყურებთ ფაქტებს და ვეცნობით ყველა მხარის დაზარალებულთა ისტორიებს, რასაც მე 18 თვის განმავლობაში ვაკეთებდი, მით უფრო ნათელი ხდება, რომ შეუძლებელია რომელიმე ერთ მთავრობას დასდო ბრალი.“

    მე ვგლოვობ თვითოეულ გარდაცვლილს, სომხებს, თურქებს, ქურთებს, რომლებიც იმ ომის შუაგულში აღმოჩნდნენ, რომელიც არ იყო მათი წამოწყებული.

    მე ვიზიარებ ყველა იმ ოჯახის განცდებს, რომლებსაც მოუწიათ დაეტოვებინათ თავინთი წინაპრების მიწა-წყალი. ესენი არიან მილიონობით მუსლიმები: ქართველები, თურქები, ალბანელები, ყირიმელი თათრები, რომლებიც დეპორტირებულნი იყვნენ თავიანთი წინაპრების მიწებიდან ანატოლიაში IXX-XX საუკუნეში.

    მე ვგლოვობ 32 თურქ დიპლომატს.

    მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ თურქი და სომეხი ბავშვები ერთ დღეს ერთად იზეიმებენ მშვიდობას და ისწავლიან ერთმანეთის ტკივილისა და სიამაყის პატივისცემას, როგორც ჰრანთ დინქმა მოგვიწოდა. მე სრულიად ვიზიარებ მის შეხედულებას, რომ არ უნდა დავუშვათ, რათა ამ მტკივნეულ მოგონებას სხვებმა გაუწიონ ექსპლუატაცია.

    ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს დაიცვან თავიანთი, და ამავდროულად პატივი სცენ სხვისას. ჩვენ უნდა ვასწავლოთ თანაგრძნობა და არა სიძულვილი. ჩვენ უნდა დავუტოვოთ მათ მომავლის ხედვა და არა შფოთი თავიანთ წარსულზე. მათ არ უნდა დაივიწყონ, მაგრამ უწინარესად უნდა შეისწავლონ სრული სურათი, პროპაგანდის გარეშე. ალბათ ეს ჯერ არც ჩვენი თაობისათვისაა ძალიან გვიანი.

    აი, ამიტომ გავხდი დიპლომატი.

    მშვიდობას გისურვებთ.


    https://youtu.be/O7vFJkLrmmw

    https://youtu.be/lY3PXk6i2OU”

  • გიორგი გახარია ევროკომისიის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ევროკომისიის საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს, სიმონ მორდიუს შეხვდა.

     შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

     მინისტრმა ევროკომისიის წარმომადგენელს უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. გენერალური დირექტორის მოადგილემ დადებითად შეაფასა Frontex-სა და Europol-თან არსებული თანამშრომლობა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოვება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელება.

     ეფექტიანი უვიზო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, მხარეები ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით, სიმონ მორდიუმ შინაგან საქმეთა მინისტრს ევროკავშირის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისთვის.

     შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის.

  • შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა.

    შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ავიარეისების მნიშვნელობას.

    მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერეულ ავიარეისებს განაახლებს.

    ავიაკომპანია Korean Air მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 127 ქალაქში ასრულებს რეისებს.

    სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ კორეიდან საქართველოში +15.3%-იათ მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

  • მამუკა ბახტაძე ბულგარეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. 

    მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, შავი ზღვის აუზის პერსპექტივები, სატრანსპორტო კავშირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი განიხილეს. 

    დადებითად შეფასდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დადებითი დინამიკა და ის ფაქტი, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში მოექცა. 
    პრემიერ-მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის ქმედით მუშაობას, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით. 

    პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს შავი ზღვის უნიკალური შესაძლებლობები და ის უპირატესობები, რომელსაც საქართველოსა და ბულგარეთს გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით საბორნე მიმოსვლის მიმართულებით. 

    საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას. ქართულმა მხარემ ბულგარელ კოლეგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის დინამიკა, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. 

    შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის საგარეო  ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზახარიევა და ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მოადგილეები მონაწილეობდნენ. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური