ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და რეკორდსმენია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017 16:25

ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მძიმე წონოსანმა ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. 
ტალახაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა, ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 220 კგ. იყო, რაც ასევე ახალი მსოფლიო რეკორდია ამ დისციპლინაში, აკვრაში კი ტალახაძემ 257 კგ. დაიმორჩილა, რაც მსოფლიო ჩემპიონობისთვის და ასევე ორჭიდის ახალი რეკორდის დასამყარებლად საკმარისი გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ლაშა ტალახაძესთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) მოიპოვა, შოთა მიშველძე (62 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მცირე მედლების (ატაცი, აკვრა) ჩათვლით, საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა.

ქართველი ძალოსნები მწვრთნელებთან და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში 9 დეკემბერს 01:20 წუთზე ჩამოფრინდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში
ანაჰაიმი (აშშ) 6 დეკემბერი

კაცები

+105 კგ

1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) 477 კგ (220+257)
2. საიდ ალიჰოსეინი (ირანი) 454 კგ (203+251)
3. ბეჰდად სალიმი კორდასიაბი (ირანი) 453 კგ (211+242)

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 941 ჯერ

Related items

  • ლაშა ტალახაძე ევროპის ექვსგზის ჩემპიონია!

    ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეს ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ხუთ-ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ კონტინენტის საუკეთესო ძალოსანი გახდა.

    ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა წარმატებით გამოიყენა - 208, 212 და 217 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

    წარმატებით შეუდგა  გამოსვლას აკვრაშიც. პირველ მისვლაზე 245 კილოგრამი დაიმორჩილა და ფაქტობრივად, ჩემპიონობა დაიბევა. მეორე მისვლაზე 253 კილოგრამი შეუკვეთა და... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წონა ვერ დაიმორჩილა, შემდეგ კი უარი თქვა მესამე მისვლაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მოეპოვებინა ოქროს მედალი.

    რა თქმა უნდა, ოქროს მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 462 კილოგრამით.

    გასათვალისწინებელია, რომ მომავალმა ტრიუმფატორმა ოქროს მედლები ტრავმირებულმა მოიპოვა.

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2  ბრინჯაოს მედლით დაასრულა, აქედან ერთი ბრინჯაო ქალთა ნაკრებზე მოდის.

  • ლაშა ტალახაძე კონტინენტის უძლიერესი ძალოსანია!

    ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა კონტინენტის მოსახლეობამ საუკეთესოდ ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე ცნო!
    ხმათა უმრავლესობით მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესი ძალოსანი ევროპაშიც საუკეთესოდ დასახელდა.
    აღსანიშნავია, რომ ევროპის ფედერაციამ საუკეთესოთა გამოსავლენად გამოკითხვა პირველად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.
    ლაშა ტალახაძეს ჯილდო ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა!
    შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და რეკორდებიც დაამყარა, სწორედ ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ის 2021 წლის საუკეთესოდ ძალოსნად აღიარეს!
    გოგონათა შორის საუკეთესოდ რუმინელი ტომა ლორედანა აღიარეს.

    წყარო: https://ewf.sport/2022/05/22/ewf-2021-best-weightlifter-of-the-year-voting-is-now-closed/?fbclid=IwAR0oGj0XjyFba-5-Z2C8CPdcgVpoHlOiFEo7fQnm0iyc0LeczClUktIHVXY

  • ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ

    გუშინ სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" გაიმართა სეოკ-ის საანგარიშო სესია და 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი.

    საანგარიშო სესიის დამთავრებისთანავე გაიმართა სეოკ-ის ვერსიით 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც უძღვებოდა ოთარ ტატიშვილი.

    დაჯილდოების ცერემონიალი გაიხსნა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ამსახველი სპეციალური ვიდეო რგოლით.

    სეოკ-ის ვერსიით საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ტოკიო-2020-ის ჩემპიონები - ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომლებმაც სეოკ-ის გან მიიღეს საგანგებო პრიზი, ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის სკულპტურა - ,,ოლიმპიური ალი".

    სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებად გამოცხადნენ:

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო).

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელი-ლაშა გუჯეჯიანი(ძიუდო).

    2021 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი-ლალი დოლიძე-ჯანტეზი (მხატვრული ტანვარჯიში).

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფედერაცია-საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

    2021 წლის აღმოჩენა, ,,ოლიმპიური იმედი\"-ლერი აბულაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

    2021 წლის აღმოჩენა ,,,ოლიმპიური იმედი\"-მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე).

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის ზამთრის სახეობებში -მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა).

    საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობაში-გიორგი მაგრაქველიძე (წყალბურთი).

    საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია.

    2021 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის- სეოკ-ის გენერალური სპონსორი ს/ს ,,საქართველოს ბანკი.\"

    ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდაჭერისთვის-საქართველოს პირველი არხი

    ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პროფესიონალურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

    2021 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია

    ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს.

    ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სს,, საქართველოს ბანკის\" გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძეს.

    საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორობისთვის - კომპანია ,,თელიანი ველი"

    ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა კომპანია ,, ავერსის\" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს.

    სეოკ-ის გენერალური სპონსორის სს,, საქართველოს ბანკის\" გადაწყვეტილებით, ,,ტოკიო 2020\" ოლიმპიური თამაშების მედალოსნებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნებათ ყოველთვიური ხელფასი, ხოლო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორების პირად მწვრთნელებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორები , მწვრთნელები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

    წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი იყო სეოკ-ისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება. 

  • SOCAR Racing Team Georgian Drift Series 2021-ის გამარჯვებულია!
    SOCAR Racing Team Georgian Drift Series 2021-ის გამარჯვებულია! ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ნავთობკომპანია "სოკარის" ადმინისტრაციში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ნოდო კოდუა საქართველოს ჩემპიონი უკვე მესამედ გახდა!
    ასევე ვულოცავთ Drive • Energy Drink-ის მრბოლელს - ალექსანდრე ხეროდინაშვილს, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში ღირსეული მეტოქეობა გაუწია ნოდოს და საბოლოო ჯამში ვერცხლის მედალს დაეუფლა; და ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს, ქართული ავტორბოლის ლეგენდას - მევლუდ მელაძეს, რომელიც ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა. 
    დიდი მადლობა ყველა მეტოქეს. შევხვდებით მომავალ წელს, აცხადებენ "სოკარის" ადმინისტრაციში.
    შეგახსენებთ, რომ სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა.  სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოკარის ავტოგასამართ სადგურთა ქსელში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე და გამორჩეული ობიექტები, როგორიცაა ურბნისის მრავალფუნქციური კომპლექსი, თბილისის შემოვლით გზაზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი პროექტი ბათუმში. 
  • 23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები
    23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იტყობინება, ქართველი ოლიმპიელების ძირითადი ნაწილი უკვე ტოკიოშია და შეჯიბრებების დაწყებამდე ოლიმპიადისთვის მოწყობილ არენებზე ვარჯიშობს.
    ️დღეს ტოკიოში „Asaka shooting” არენაზე მორიგი ვარჯიში გამართა ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეცხრე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ნინო სალუქვაძე 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე, კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონთან ძალოსან ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იქნება. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება.
    საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 25 ივლისს, ამავე არენაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში წარდგება. 29 ივლისს კი 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს. ოლიმპიურმა რეკორდსმენმა, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოში გამართული ვარჯიშის შემდეგ სამინისტროს პრესსამსახურთან მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა.
    ნინო სალუქვაძე (ოლიმპიური ჩემპიონი): „დამღლელი გზის და საზღვარზე არსებული მკაცრი რეგულაციების გავლის შემდეგ იაპონიაში შემოვედით და აკლიმატიზაციის პროცესს გავდივართ. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ რომ ეს რთული ეტაპი წარმატებით დავძლიოთ და შეჯიბრებებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა რჩება. ეს ოლიმპიადა რიგით მეცხრეა ჩემთვის და ალბათ ყველაზე რთული. პანდემია სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს, თუმცა ამ თვალსაზრისით ყველა ერთნაირ პირობებში ვართ.
    ოლიმპიური გუნდის მედროშეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე პირველად 2012 წელს ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავი. მეორედ ეს პატივი ტოკიოში ურთულეს ოლიმპიურ თამაშებზე მერგო. საქართველო იაპონიაში გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდით არის წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.
    გუნდში ყველა ჯანმრთელადაა. სავარჯიშო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და დანარჩენი უკვე უშუალოდ თამაშებზე გამოჩნდება. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს წარმატებას ვუსურვებ“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური