გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 16:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ივან ბრაიოვიჩს შეხვდა.

საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

აღინიშნა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მონაწილეობისთვის, რომელიც თბილისში იმართება.

“ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა თბილისში. მადლობას მოგახსენებთ ჩვენი პარლამენტისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში, დიდი მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ასევე მადლობას მოგახსენებთ საქართველოს პოზიციის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში, მათ შორის გაეროს პლატფორმაზე, სადაც ყოველწლიურად გამოგვაქვს რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს პოზიციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვულოცავ თქვენს ქვეყანას ნატოში წარმატებით გაწევრიანებას. ეს არის გზა, რომელიც საქართველომაც აირჩია. ეს არის დიდი მოტივაცია ჩვენთვის, რათა თანმიმდევრულად მივყვეთ ამ გზას”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემი დელეგაციის და პირადად ჩემი სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ უაღრესად თბილი მასპინძლობისთვის და საქართველოში გატარებული ყოველი შესანიშნავი წუთისთვის. საქართველოში ჩვენ ყველგან ვგრძნობთ გულწრფელობას და მეგობრობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მადლობას მოგახსენებთ ნატოში ჩვენი შესვლის მოლოცვისთვის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მონტენეგრო ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დაგიდგეთ მხარში. ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენ აირჩიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა“, - განაცხადა ივან ბრაიოვიჩმა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენებაზეც ისაუბრეს.

წაკითხულია 188 ჯერ

Related items

  • გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
    გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

    "ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

    შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

    ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

    პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

    მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

  • გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

    საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. 

    პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს, რასაც ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიც ადასტურებს.

    “სომხეთის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს, რაც ვფიქრობ, ჩვენს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის დასტურია. საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    თბილისის საკრებულოში სომხეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ახალქალაქში გაემგზავრება. ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დღეს საღამოს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

  • საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ თარიღზე მისი ვიზიტი სიმბოლურია. „ჩვენ ერთდროულად მოგვიწია დამოუკიდებლობის და პირველი რესპუბლიკის გამოცხადება. ეს თარიღი სულ ორიოდე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოში და ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა სომხეთის პრეზიდენტი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სომხეთის სტაბილურობა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდის მოვლენებს. სომეხმა ხალხმა გამოავლინა ერთობის და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რის შედეგადაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები გისურვოთ.

    დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ, ახალი სტიმული მივცეთ ორმხრივ ურთიერთობებს ქვეყანასა დ ხალხთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. გიდასტურებთ პირადად ჩემს და ჩემი მთავრობის მზადყოფნას ამისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ჩვენთვის ისტორიული და ადამიანური საფუძველი აქვს. ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებულნი და ეს კავშირი განუყოფელია. სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა.

    ეს გამოხატავს არა მხოლოდ ჩემი ხალხის, არამედ ჩემს პირად დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. გულწრფელად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ჩვენმა ქვეყანამ საიუბილეო ღონისძიებებში პრეზიდენტის დონეზე მიიღო მონაწილეობა, რაც იმის დასტურია, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამ თარიღს. დარწმუნებული ვარ, რევოლუციის შედეგად, სომხურ-ქართული ურთიერთობები განვითარების დიდ პერსპექტივას შეიძენს. ახალი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ და მეგობრული ფონი შევქმნათ. ჩვენ გვინდა, საქართველო ვიხილოთ ძლიერი და მდგრადი", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგი CNCEC საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის

    საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგის CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაი ჰეგენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
    საუბარი შეეხო გარდაბანში კომბინირებული ციკლის 230 მეგავატი სიმძლავრის მეორე თბოსადგურის მშენებლობის პროექტს, რომელსაც CNCEC-ის შვილობილი კომპანია TCC და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ერთობლივად ახორციელებენ. თბოსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება 159 მილიონი აშშ დოლარია. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკის სისტემისთვის, ენერგოსექტორის მდგრადობისა და განვითარებისთვის.
    შეხვედრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება და მთავრობა მიესალმება ჩინური კომპანიების მზარდ ეკონომიკურ ინტერესს რეგიონში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების პერსპექტივა, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.
    CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას კომპანია TCC-ის წარმომადგენლები, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური და ფინანსური დირექტორები დაესწრნენ. CNCEC პეტროქიმიური მრეწველობისა და სასუქების წარმოების სფეროში მოღვაწე 17 სახელმწიფო ჩინური კომპანიას აერთიანებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩინეთის ქიმიური ინდუსტრიის განვითარებაში.

ბიზნეს ნიუსი

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღევანდელი დღე საქართველო...

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

74 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად

ხელი მოეწერა შეთანხმებებს საქართველოსა და გერმანიი...

პოპულარული

« ოქტომბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური