განათლების მინისტრი - შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017 15:27

შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას. 

მისი თქმით, შესაბამისი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიმართლის დადგენა. 

მიხეილ ჩხენკელმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

„ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ინტერესია. დღეს სამინისტროს უმთავრესი საზრუნავია, გავაძლიეროთ მუშაობა იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ გამეორდეს. შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას. ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას. ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის, მთლიანად საზოგადოების ყოველდღიურ შრომას, ასევე საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

წაკითხულია 486 ჯერ

Related items

  • „ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.

    საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკომისარ კარლოს მოედიშთან. ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის თაობაზე. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეფასება მიიღო იმ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯებია, რაც გულისხმობს განათლების კუთხით ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციასა და მათგან მეტი ბენეფიტის მიღებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და მათ შორის სამეცნიერო პროექტების განხორციელებით. ევროკავშირისგან დიდი მხარდაჭერა საქართველოს „ევრაქსესში“ გაწევრიანების დოკუმენტზე ხელის მოწერით კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მოღვაწე ყველა მეცნიერსა და სამეცნიერო ინსტიტუციას ისარგებლონ იმავე შეღავათებით, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სარგებლობენ. ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა - ხვალიდან უკვე ოფიციალურად ქართველი მეცნიერებისთვის თითქმის ყველა ევროპული სამეცნიერო ფონდი და რესურსი ხელმისაწვდომი გახდება. ფაქტობრივად, ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

  • „საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება“

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნეს და იმ შედეგებზე ისაუბრეს, თუ რა მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება.

    „საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც ქვია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია ევროკავშირში. უკვე მესამე ორგანიზაციისგან მივიღეთ დასტური, რომ ჩვენ მიერ აკრედიტირებული ქართული პროგრამები ავტომატურად მოხდება ევროკავშირის ბაზებში. ყველა ის დიპლომი, რომელიც გაცემულია აკრედიტირებული პროგრამების ფარგლებში, უკვე ნიშნავს რომ აღიარებულია ევროპაში. როგორც იყალთოში განვაცხადეთ, ჩვენი უმთავრესი სტრატეგიაა უმაღლესი და მეცნიერების მიმართულებით ევროპულ სივრცეებში ინტეგრაცია, რაც ფაქტობრივად დასრულებულია. შემოდგომიდან ქართველი მეცნიერებისთვის და ორგანიზაციებისთვის ყველა კარი იქნება გახსნილი და მათ შეეძლებათ ისარგებლონ იმ სეკეთეებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციის წარდგენისას.

    2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა (https://www.eqar.eu/register/agencies/agency/?id=59). EQAR-ში რეგისტრაციას წინ უსწრებდა ENQA-ს დადებითი შეფასება და სრული წევრის სტატუსის მოპოვება, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის აპრილში მიაღწია.

    EQAR-ი ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.

    ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასებების ანგარიშები გამოქვეყნდება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის და ცნობადობის ამაღლებას. შესაბამისად, გაიზრდება უცხოელი სტუდენტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ისწავლონ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რათა მიიღონ ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება.

    ცენტრის ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ეს ერთი მხრივ წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორს, მეორე მხრივ კი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის "უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგსა" (Modernisation Agenda for Higher Education) და ბოლონიის პროცესთან. ამასთან, ცენტრის ENQA-სა და EQAR-ის წევრობა კიდევ უფრო ზრდის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სანდოობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

    მომდევნო წლებში ცენტრი აქტიურად იმუშავებს ENQA-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც ENQA-სა და EQAR-ის წევრობასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებას.

  • "ნიუს დეი საქართველოს" განცხადება

    საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი საქართველო" უერთდება და სრულად უჭერს მხარს „პალიტრა მედიის“ განცხადებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია აღმაშფოთებელი და საგანგაშოა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სამართალდამცავი უწყებები კი, პირველ რიგში, თავად უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს.

    აქვე უცვლელად გთავაზობთ მედია-ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. 

    "თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაშავდა 250-მდე ადამიანი, მათ შორის 33 ჟურნალისტი,რომელთაც დაზიანებები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს. სხვადასხვა მედიასაშუალებების რეპორტიორებთან ერთად, დაშავებულები არიან „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალი „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტებიც. ჟურნალისტებს ძირითადად, რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ, რომელსაც შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი იყენებდა საპროტესტო აქციის დაშლისას.

    დაზიანებების ხასიათი და ხარისხი მეტყველებს იმაზე, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ჟურნალისტების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და შესაძლოა, დამდგარიყო უფრო მძიმე შედეგიც.

    არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჟურნალისტები ნებისმიერი მწვავე და სახიფათო სიტუაციის გაშუქებისას იმყოფებიან მოვლენების ეპიცენტრში, რათა ზუსტად და შეუფერხებლად ასახონ და საზოგადოებას მიაწოდონ მათ წინაშე განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, მათ მუშაობა უწევთ ყველაზე ექსტრემალურ პირობებში.

    მიგვაჩნია, რომ ზოგადად ძალადობა და განსაკუთრებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია აღმაშფოთებელი და საგანგაშოა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სამართალდამცავი უწყებები კი, პირველ რიგში, თავად უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს.

    მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ყველა ფაქტი და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი დანაშაულის ჩამდენი პირები. გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა არ გაჩნდეს კითხვები მის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

    წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება კანონის ნორმების დაცვა თავად სამართალდამცავი უწყებების მხრიდან და ხელისუფლების დეკლარირებული დამოკიდებულება დემოკრატიის ნორმებისადმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

     

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ძებნილი პირი თბილისში დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის საელჩოსთან ურთიერთთანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აშშ-ის ტეხასის შტატის მიერ 2018 წლიდან ძებნილი, აშშ-ის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ჯ.ს., თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

    ჯ.ს.-ს ბრალი 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება.

    კერძოდ: 21.01 მუხლით, რაც არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს;

    21.021 (ა) (1) (ბ) მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს გულისხმობს და 99 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;

    21.11 (ა) (1) მუხლით, რაც არასრულწლოვანთან უხამსი სახის კონტაქტს გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

  • სასამართლომ ბაღის აღსაზრდელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ ცნო

    თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე ე.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ორი ეპიზოდი). 

    პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ ე.ჯ.-მ ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე ძალადობა განახორციელა, რა დროსაც იგი იატაკზე დააგდო. ასევე დადგინდა, რომ ე.ჯ-მ 2018 წლის იანვარში, ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. ე.ჯ-ს ქმედებით ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. 

    „ე.ჯ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ორი ეპიზოდი) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ჯ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური