პოლონეთის ქალაქებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 14:05

ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2017”-ზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას პოლონეთში საქართველოს ელჩის მრჩეველი ნატალია თოფჩიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი“, „ვაზიანი“, „ვინაგორა“, „ბრუალე“, „შატო ნეკრესი“, „კახური ღვინის მარანი“, „შილდა“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ყვარლის მარანი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „მათრობელა ვაინსი“, „ჯიველი“, „ბატონო“, „გოზაური“, KTW, „ბესინი“, „კახური“ და „შუხმან ვაინს ჯორჯია“.

„EnoExpo 2017”-ს ფარგლებში გამართულ კონკურსში ქართული კომპანია „გიუაანის“ ღვინომ „მწვანე ქვევრი 2014“ ოქროს მედალი დაიმსახურა. სულ კონკურსის ფარგლებში 5 ოქროს მედალი გაიცა და ერთ-ერთი სწორედ ქართულ ღვინოს ერგო. ამავე კომპანიის ღვინოებმა - „მწვანე ქვევრი 2016“ და „ქისი ქვევრი 2016“ ბრინჯაოს მედლები მიიღეს. კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „სატრაპეზო 10 ქვევრი 2014“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართა, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა, ხოლო ქალაქ ზაკოპანეში ასევე სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ ’’Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K.“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გამართა. ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით პოლონურმა რადიომ “ZET” ინტერვიუ ჩაწერა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან.

ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში გამართული ღონისძიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებაში და ზოგადად მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე. „პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,15 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18% შეადგინა“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

წაკითხულია 373 ჯერ

Related items

  • სასწავლო ვიზიტი პოლონეთში და სტუდენტების წარმატება

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მარკეტინგის პროგრამის კოორდინატორი კახაბერ ჯაყელი და მენეჯმენტის კოორდინატორი მაკა ბუღულაშვილის დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებთან ერთად 17,18,19,20 მაისს მონაწილეობდნენ MBA კონგრესზე, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის ორგანიზებით.

    აღსანიშნავია, რომ 20 მაისს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში გაიმართა მარკეტინგული სცენარის შექმნის ოლიმპიადა, რომელიშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. ჩვენმა სტუდენტებმა აღნიშნულ ოლიმპიადაში პირველი ადგილი მოიპოვეს.

    IBSU-ს დელეგაცია, ასევე ეწვია ხელოვნური ინტელექტის განვითარების სამეცნიერო და სასწავლო კერას, გაეცნო პოლონეთის ინდუსტრიას და დაესწრო ბიზნეს თემატიკაზე ჩატარებულ სემინარებს. პროფესორები შეხვდნენ პოლონეთის ბიზნეს სექტორისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, სტუდენტებმა კი შეიძინეს მრავალი მეგობარი კრაკოველ სტუდენტთა შორის.

  • პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

    პოლონეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და პოლონეთის სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკისს შეხვედრისას აღინიშნა.

    განხილული იყო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და პერსპექტივები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.

    შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ვაჭრობასა და სექტორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომლის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. პოზიტიურად შეფასდა პოლონეთის ინვესტიციისა და ვაჭრობის სააგენტოს დაარსება საქართველოში.

    მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებული პოლონეთის ინსტიტუტი ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სენატის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

  • საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ესტუმრა

    20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვია.

    ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

    დაგეგმილია პოლონეთის სენატის მარშალის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

    სტანისლავ კარჩევსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

    ვიზიტის ფარგლებში, სტანისლავ კარჩევსკი სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მოინახულებს.

    სენატის მარშალი ეწვევა კახეთსაც და სოფელ ნუკრიანში, განვითარების თანამშრომლობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნობა.

    დელეგაცია, ასევე, პოლონურ სკოლას ესტუმრება, სადაც მოსწავლეებთან გამიმართება შეხვედრას. დაგეგმილია სამედიცინო ცენტრ „კამილიანის“ მონახულებაც.

    სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს 23 მაისს დატოვებს.

  • საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავას დღეს საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
    სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ, სასახლეში ჩატარებულ შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა ქართველ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოსათვის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი პარტნიორია. იგი აქტიურად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეთის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.
    ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავიეცკისთან, პოლონეთის სეიმის მარშალთან, მარეკ კუხჩინსკისთან და სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან.
    ვიზიტის მიმდინარეობისას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციის ღია დისკუსიაში – „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი" და საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. დაგეგმილია შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.
    საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები: ქეთევან თათოშვილი და კონსტანტინე ნაცვლიშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კულტურის საკითხებში მიხეილ ჩხენკელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

  • საქართველოს ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

    პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მარჩინ ფშიდაჩთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

    საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგს და ამ მიმართულებით, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს.

    ყურადღება ასევე გამახვილდა მიმდინარე წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით პოლონური მხარისა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური