საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 12 ნოემბერი 2017 13:33

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის მიმდინარეობისა და 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, 12:00 საათის მდგომარეობით 6-ვე საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში ამომრჩეველთა აქტივობა 11.55 %-ს შეადგენს (37 917 ამომრჩეველი).

ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია:

  • ყაზბეგი - 17.4%
  • ხაშური - 11.5%
  • ბორჯომი -18.2%
  • ქუთაისი - 6.2%
  • ოზურგეთი - 21.5%
  • მარტვილი - 11.5%

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებთან დაკავშირებით შესულია 7 საჩივარი. საჩივრები დაწერილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, 2-2 საჩივარია შესული ბორჯომის, ქუთაისისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში, ხოლო ერთი საჩივარი - ხაშურში.

„#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა და კენჭისყრის წინა პროცედურებში მიიღო მონაწილეობა პარტია „ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა წევრმა, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მიერვე ჰქონდა შეწყვეტილი. კომისიის თავმჯდომარემ, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისთანავე მას საარჩევნო უბანი დაუყოვნებლივ დაატოვებინა. ასევე #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეცდომით იყო შეყვანილი ამომრჩეველი, რომელიც იყო საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი. გადასატანი ყუთის სიის შედგენისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ამომრჩევლისა შეყვანილი იყო განმცხადებელი”, - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ბრიფინგის ბოლოს.

წაკითხულია 286 ჯერ

Related items

  • ცესკოში ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს  ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ლამბერტო ზანიერთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების საარჩევნო უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.  ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ეუთოს უმაღლეს კომისარსა და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს საარჩევნო ადმინისტრაცია ეროვნული უმცირესობებისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

    როგორ ხორციელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლების ინფორმირების კამპანია, რომელი საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, როგორ ხდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის საარჩევნო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რა კეთდება კენჭისყრის დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლისთვის საარჩევნო უბანზე - ამ და საარჩევნო ადმინისტრაციის სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ცესკოს მუშაობა პოზიტიურად შეაფასა.

    აღსანიშნავია, რომ ლამბერტო ზანიერი უმაღლესი კომისრის რანგში პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი საქართველოს 21 სექტემბერს დატოვებს.

  • ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე

    მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო  ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

    ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშე მისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს ვითარების გარკვევას. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესს ესწრებოდნენ როგორც შესაბამისი პოლიტიკური  პარტიის წარმომადგენელი, ისე ცესკოს თანამშრომლები და წევრები.

    ამასთან, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა შეტყობინებები და ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის  მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს.  

    აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკოს მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში - პროკურატურაში რეაგირებისთვის.

    რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცესკოს მხრიდან  ჟურნალისტებისთვის არანაირი ინფორმაცია და მონაცემები არ გადაცემულა.

  • თამარ გუდავა: ამ ურთიერთშეთანხმების დოკუმენტებით ცესკო, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ სადაო კითხვას პასუხობს

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობოო რგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების გაფორმდა.

    ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესახებ ,,საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი თამარ გუდავა საუბრობს.

     როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ ამგვარი შეთანხმებებისგან წინასაარჩევნო პერიოდში?

     - უპირველესად, მსგავსი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება ბევრ კითხვას, რომელიც არსებობდა ცესკოს მიმართ, ამ დოკუმეტის არსებობით უპასუხებს. ნიშანდობლივია ის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, რომელმაც ხელი მოაწერა მემორანდუმს, ოპოზიციურია და თითქმის მუდმივად კრიტიკის რეჟიმშია ცესკოს საქმიანობის მიმართ. თუმცა, ამ ინიციატივით, ფაქტია რომ ცესკო მზადაა მათთან თანამშროლობისთვის. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებსაც თავიანთ დასკვნებში შენიშვნები აქვთ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასთან დაკავშირებით, ნაკლებად ექნებათ შემდგომში კრიტიკის საფუძველი, რადგან უკვე თავად იქნებიან ცესკოსთან ერთად ამ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გარანტი. კერძოდ, მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. ანუ, მანიპულაციებისთვის ადგილი აღარ რჩება არცერთ დაინტერესებულ მხარეს.

    - ანუ, ეს ნიშნავს რომ უფრო ზუსტად განისაზღვარა შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არა?

     - ამ დოკუმენტით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები, რომელიც ადრე დავის საგანი იყო, არის ერთგვაროვნად აღქმული. მემორანდუმში საუბარია იმ ტექნიკურ მხარეზეც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში ახლავს საარჩევნო პროცესს. ამაში იგულისხმება სოციალური ქსელებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების გამოვლენა და ასახვაც. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ სმიტი. USAID -ის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი თანამშრომლობა ცესკოსთან, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის გარანტია. USAID-ის და IFES -ის უშუალო მხარდაჭერით, ცესკომ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გააფრომა, რაც არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს ცესკოს და შსს-ს შორის გამოფორმებული უკვე რიგით მესამე მემორანდუმია. მანამდე 2016 და 2017 წლებში გაფორმდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო წლებში საარჩევნო გარემოს უსაფრთხოებისთვის და მისი გაუმჯობესების მიზნით მეტი პასუხისმგებლობაა აღებული, რომელსაც სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ.

  • ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის

     

     

     

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

     დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

     როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსენსუსი ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს. „მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შემოუერთდა იმ სულისკვეთებას, რაც ამ მემორანდუმში არის გაწერილი. მთავარი გახლავთ ის, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები არის ერთგვაროვნად აღქმული. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ის მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზი, რაც არის სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, იყოს ცალსახად ასახული ამ მემორანდუმში. ეს მემორანდუმი დღეს უკვე პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, იმ სირთულეებს, რომლებიც თანამედროვე პერიოდში ტექნოლოგიების თვალსაზრისით შეიძლება ახლდეს კამპანიის პროცესს. ეს გახლავთ სოციალური ქსელებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების ასახვა, რაც უკვე ამ მემორანდუმით არის გათვალისწინებული და ვფიქრობ, ეს ერთიანი თანხმობა ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს და ცხადია ყველა ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ პროცესი მთლიანობაში, მათ შორის კამპანიის წარმოების წესები, იყოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

    მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმაც. ქეთევან ჩაჩავას განცხადებით „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც 2010 წლიდან სამოქალაქო სექტორი და ძირითადი ჩართული მხარეები ხელს აწერენ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს ერთობლივ კონსენსუსს იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აგიტაციის განმარტება. მოგეხსენებათ კანონი ყველაფერს ვერ განმარტავს და აქედან გამომდინარე სწორედ ამ ტიპის პოლიტიკური ერთობა და პოლიტიკური მზაობა, რომ  პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას სახეზეა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ჩართული მხარე თავის მხრივ აღებულ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და  იმედი გვაქვს, ის წინ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით შემცირებული საჩივრების სახით გაგრძელდება.“

     მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი; როგორც ადამ სმიტმა განაცხადა, USAID-თვის დიდი პატივია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა ხელმომწერ მხარეებთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პერიოდში თანაბარი გარემოს შექმნას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხის დარეგულირებას, ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და წინსვლას, -  „ჩვენ მხოლოდ მოხარული ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ცესკოს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ახალი რეალობის შექმნას უწყობს ხელს, მინდა მივულოცო საქართველოს და ცესკოს და ჩვენ მზად ვართ თვალი მივადევნოთ და დავაკვირდეთ სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“. 

     მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და პარტიებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.

     ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES)  თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

     

     

     

     

  • "ქუთათურებმა" შაშიაშვილი ხელმეორედ მოითხოვეს

    1 სექტემბერს ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა სიების შეგროვების პროცესი. პრეზიდენტობის კანდიდატი თავად ესწრებოდა ამ პროცესს და პარალელურად, არაოფიციალურ ფორმატში, მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავდა. შეხვედრებმა ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მოქალაქეთა თხოვნით, თემურ შაშიაშვილი აპირებს 6 სექტემბერს ისევ დაბრუნდეს ქუთაისში და კვლავ ჩაერთოს პროცესში, რომელიც მის გარეშე უნდა გაგრძელებულიყო. 6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი 32-ე , მე-17,  38-ე სკოლების და  საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე გამართავს შეხვედრებს.

    შეგახსენებთ, რომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.  შესაბამისად, მათ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მიმართეს და რეგისტრაციაც გაიარეს.

    წინსაარჩევნო პერიოდში თემურ შაშიაშვილი საქართველოს ყველა ქალაქისა და რეგიონის მონახულებას აპირებს. „შევხვდები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა გავიგო რა უჭირთ მათ და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება. მე ქართველი ხალხის პრეზიდენტი ვიქნები“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური