საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 10 ნოემბერი 2017 15:30

16-17 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ასევე, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება. 

ამ თემასთან დაკავშირებით, 10 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - მიხეილ მიატლიკოვი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური უძღვებოდნენ. 

კულტურის დღეების საზეიმო გახსნის ცერემონია და გალა-კონცერტი, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (რუსთაველის 17) გაიმართება.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “Xорошки”, სახელმწიფო ანსამბლი „Песняры”, დამსახურებული არტისტი ალენა ლანსკი, ოპერისა და ბალეტის დიდი ნაციონალურ-აკადემიური თეატრის დამსახურებული არტისტი ვლადიმერ გრომოვი და სიმღერების საერთაშორისო საბავშვო კონკურსის - „ევროვიზია 2017“ ნაციონალური შესარჩევი ტურის ფინალის გამარჯვებული ჰელენა მერააი.

რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყობა ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის გამოფენა «Беларусь и белорусы». 

ამავე დღეს, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (ივ. მაჩაბლის ქ. N13) გაიმართება ბელარუსი პოეტის, იანკა კუპალას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით, «Грузия, дружная с солнцем страна». ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბელარუსი ლიტერატორის შემოქმედება, რომელიც მის საქართველოში სტუმრობის პერიოდს უკავშირდება. 

კულტურის დღეების ფარგლებში,16-17 ნოემბერს, კინო სახლში (რუსთაველის 52), 14:00 საათიდან 20:30 საათამდე, ნაჩვენები იქნება ბელარუსი რეჟისორების ფილმები. ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მხატვრული დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებას. 

ბელარუსის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 

წაკითხულია 96 ჯერ

Related items

  • ბელარუსის დელეგაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემასა და არასააღსრულებო სერვისებს ეცნობა

    იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ბელარუსის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იოსებ ბაღათურია და ბელარუსის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამმართველოს წარმომადგენლები.

    ალექსანდრე ბარამიძემ ანდრეი ავდეევს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების სფეროს მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად განახორციელა. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის ორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვ.

    საქართველოს აღსრულების სისტემით ბელარუსი 2016 წლის მაისში დაინტერესდა.  საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის იუსტიციის მინისტრს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც უმასპინძლა და უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით ბელარუსმა კოლეგებმა ქართველი აღმასრულებლები მინსკში მიიწვიეს. გაიმართა სამუშაო შეხვედრები  ბელარუსის იუსტიციის სამინისტროსა და სააღსრულებო ინსტიტუტების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.

    ბელარუსის დელეგაციის განმეორებითი ვიზიტი საქართველოში 28 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. ვიზიტის მიზანი საქართველოს სააღსრულებო სისტემის მუშაობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, მათ შორის, აღსრულებაში IT გადაწყვეტებისა და კერძო აღმასრულებლის მუშაობის შესახებ.
     

  • საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში ძირითად პრიორიტეტად ეკონომიკური მიმართულება განისაზღვრა
    საქართველო და ბელარუსი ადასტურებენ, რომ დაინტერესებულნი არიან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. აღნიშნული საკითხები განიხილა დღეს ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრემიერმინისტრ ანდრეი კობიაკოვთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე. შეხვედრისას ეკონომიკური თანამშრომლობის კომპლექსური გეგმა და ის დადებითი ტენდენციები განიხილეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესის მიმართულებებით გამოიკვეთა. აღინიშნა, რომ ბელარუსი საქართველოსათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან და მდგრად განვითარებაზე. საქართველოს მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრზე. საქართველო მზადაა საერთაშორისო ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხროციელების მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკას საკუთარი სატრანზიტო-ლოგისტიკური შესაძლებლობები შესთავაზოს. თავის მხრივ, ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებითა (DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის პარტნიორებისათვის. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ბელარუსულ კომპანიებთან თანამშრომლობისათვის და თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით მზადაა ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას საქართველოში. მხარეებმა დადებითათ შეაფასეს ტურიზმის მიმართულებით ბოლო ორი წლის მანძილზე გაუმჯობესებული მაჩვენებლები. ანდრეი კობიაკოვის განცხადებით, ორმხრივი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს სახელმწიფო მეთაურს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზეც უმასპინძლა.
  • პრემიერ-მინისტრი ბელარუსის სამამულო ომის მუზეუმში იმყოფებოდა

    ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს,საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, , მეორე მსოფლიო ომის მუზეუმს სტუმრობდა.

    პრემიერმა მუზეუმში დაცული მეორე მსოფლიო ომის ექსპონატები - შეიარაღება, მოიერიშე თვითმფრინავები, ბომბდამშენები, ტყვიამფრქვევები დაათვალიერა.

    პრემიერი გაეცნო მუზეუმში დაცული ექსპონატების ისტორიას, რომელთა შორის არაერთი ორიგინალია. მთავრობის მეთაურს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ქართველების შესახებ, რომლებიც ბელარუსის დასაცავად იბრძოდნენ. მათ შორის არის მინსკის პარტიზანული გაერთიანების წევრი თენგიზ შავგულიძე, რომლის მიერ შექმნილი პარტიზანული ხელყუმბარა ომის დროს გამოიყენებოდა.

    ბელარუსის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში 9 ქართველმა უმაღლესი ჯილდო, გმირის წოდება მიიღო. ბელარუსში მათ ხსოვნას დღესაც პატივს მიაგებენ.

  • პრემიერმა ბელარუსში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში გრძელდება.
    გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი მონუმენტი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

  • პრემიერ-მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრით დაიწყო.

    შეხვედრის დასაწყისში, ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

    „მე ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში. ჩვენ ბევრ რამეზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ მთავარია, რომ ჩავხედეთ ერთმანეთს თვალებში და მივხვდით, რომ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. მაშინ მივიღეთ თანამშრომლობის გადაწყვეტილება და პირობას გაძლევთ, რომ უკან არ დავიხევთ. თქვენ ჩვენთვის უცხოები არ ხართ და მიხარია, რომ თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში, ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს და ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადავდგათ. კარგია, რომ ჩამოხვედით, იცოდეთ, რომ ბელარუსი თქვენთვის უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას", - განაცხადა ლუკაშენკომ.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობებში კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.

    გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის დროს დაწყებული პროექტები სულ მალე კონკრეტული შედეგებით დასრულდება.

    „პოტენციალი კიდევ დიდია. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა გვაქვს ინვესტიციების კუთხით. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყანაში ყოფნა, რომელიც მუდმივად გვერდით ედგა საქართველოს, ქართველები ამას აფასებენ. თქვენი პირადი წვლილი ამ ურთიერთობებში დიდია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენს მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს.

    მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას ვაჭრობის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ ტენდენციას და გამოითქვა კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გამყარების იმედი.

    საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და იმ შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას გაფორმდა.

    მხარეებმა, ორმხრივ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, ყურადღება რეგიონში არსებულ ვითარებასაც დაუთმეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური