ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 10 ნოემბერი 2017 11:43

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური სომხეთის პრემიერ-მინისტრ, კარენ კარაპეტიანს შეხვდა. როგორც „ნიუს დეი ჯორჯიას“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს შეხვედრა ერევანში გაიმართა.

მხარეებმა კონკურენციის კუთხით თანამშრომლობისა და მომავალში საერთო კვლევების წარმოების მნიშვნელობა განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ქართული და სომხური კომპანიებისათვის კონკურენტული გარემოსა და ჯანსაღი პირობების ხელშეწყობას; ასევე ფასწარმოქმნის ფაქტორების დადგენისათვის აუცილებელი პროცედურების და შესაბამისი სასაქონლე ბაზრების შესწავლას; საქართველოსა და სომხეთის კონკურენციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას და ა.შ.

ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ხელს შეუწყობს სომხეთისა და საქართველოს ბაზრების კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას.

კარენ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა უწყებებს შორის, სომხეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია.

წაკითხულია 150 ჯერ

Related items

  • გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე - Strategic Outlook - Eurasia. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი არიან

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვა

    ჩემო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
    გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს!
    მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით კი, მინდა, მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლაც, ამ წუთებშიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. 
    მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს საერთაშორისო მისიების მონაწილე ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს, მშვიდობას იცავენ. 
    ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, აღვადგინოთ ნდობა და ერთად ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი შვილების საერთო მომავალი. 
    ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ მათ. ჩვენ კი ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გულით ენატრება სამშობლოში დაბრუნება, ყველა პირობა შევუქმნათ ამისათვის. 

    ჩემო ძვირფასებო, 
    ახალი 2018 წელი საქართველოსთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს წელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ყველა ჩვენგანისთვის ახალი შესაძლებლობების კიდევ ერთ წელს. გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია; სადაც ყველანი ვუფრთხლდებით არსებულს და, ამავე დროს, საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვიძლია, ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ. 

    წლევანდელ ახალ წელს გილოცავთ ბაკურიანიდან - ადგილიდან, რომელიც თოვლს, ახალ წელს, ჩვენს ბავშვობას, ახლა კი უკვე ჩვენი შვილების საუკეთესო დღეებს უკავშირდება. ბაკურიანი, ამავე დროს, ჩვენი მომავლის, ჩვენი განვითარების ნაწილიც გახლავთ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ადგილი, ისევე, როგორც ჩვენი ულამაზესი სამშობლოს თითოეული ლამაზი კუთხე სულ უფრო და უფრო მეტი დადებითი ემოციით და იმედით აივსება. 
    კიდევ ერთხელ გილოცავთ 2018 წლის დადგომას! ბედნიერება, სიხარული არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. მშვიდობას, სიკეთეს, ახალ გამარჯვებებს გისურვებთ ყველას. მრავალ ახალ წელს დაესწარით!

  • გაერო-ს დღისადმი მიძღვნილი მიღება

    საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

    პრემიერმა გაერო-ს დღე მიულოცა ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილს სკოტს და საქართველოსა და გაერო-ს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

    „ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოში გაერო-ს ნაყოფიერ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბევრი მიმართულებით გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაეროს 13 უწყებასთან ისეთ მთავარ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და გარემოს დაცვა. ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება და ზუსტად ვიცით გაეროს სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. მინდა, დღეს ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს საქმიანობას ქვეყანაში, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით. ჩვენი მთავრობისთვის უდიდესი პატივია, რომ ვართ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე და შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, ეს გავლენიანი გლობალური მოძრაობა იღვწის ღიაობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით მე-16 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობას ყველა დონეზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დღევანდელ პირველ პლენარულ სხდომას, რომელიც, მისი შეფასებით, 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა.

    „ამ პროცესში გაწევრიანებულია ყველა ქვეყანა და მთავრობა იმ გზაზე, რასაც ჰქვია მსოფლიოს ტრანსფორმაციისა და ეროვნულ პრიორიტეტებთან მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებების ინტეგრაცია. საქართველოში ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ უცხადებს საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გაეროსა და მის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ ნილს სკოტს და მის კოლეგებს დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა რწმენა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.

    „1992 წელს, საქართველო გაეროს წევრი შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე გახდა. მას შემდეგ მან გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეტიც, ის გაეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძვირფასი წევრი გახდა. საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გაეროს საქმიანობაში - უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საერთაშორისო ჩართულობის ეს ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და ხალხის დიდ სურვილს, მხარი დაუჭიროს გაეროს საქმიანობას უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვის, თანაბარი შესაძლებლობისა და გენდერული თანასწორობის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და ყველასათვის სათანადო ცხოვრების პირობების მისაღწევად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერსა და საქართველოს მთავრობას ამ ღირებული თანამშრომლობისათვის, ასევე იმისათვის, რომ ის საშუალებას აძლევს გაეროს, წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში", - აღნიშნა ნილს სკოტმა.

  • საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, MSC სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს

    საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ ბენედიქტ ფრანკემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

    განიხილება შესაძლებლობა, ამ მიზნით გამოყენებული იყოს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია", ან „საქართველოს ევროპული გზა", რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ღონისძიებები კიდევ უფრო გაამდიდრებს.  

    აღნიშნული შესაძლებლობა პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაიმართა.  საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობს. გლობალურ ფორუმზე, რომელიც მიუნხენში  2018 წლის თებერვალში გაიმართება, გიორგი კვირიკაშვილი უკვე მიწვეულია.

    მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რამდენიმე ათწლეულია, უსაფრთხოების პოლიტიკაზე მსჯელობისთვის უმთავრეს გლობალურ ფორუმს წარმოადგენს. ყოველი წლის თებერვალში, კონფერენცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობისთვის,  თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ პირს - მსოფლიო ლიდერებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

    მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა. 

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

    მისივე შეფასებით, დაგეგმილი რეფორმების განხორციელება საქართველოს ეკონომიკის მაღალ და ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს, რაც კერძო ინვესტიციების, წარმოებისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

    IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი, უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდა.

    IMF-ის შეფასებით, ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას, ხელი შეუწყო გონივრულმა პოლიტიკამ, ასევე - სავაჭრო პარტნიორების სიმრავლემ, ექსპორტმა, ტურიზმმა და ინვესტიციებმა.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შთამბეჭდავად შეაფასა ფისკალური მაჩვენებლებიც და აღნიშნა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს - შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია. ფონდის შეფასებით, მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და დღგ-ს ზედმეტად გადახდილი თანხების  ასანაზღაურებლად.

    პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ფინანსურ სექტორში მიმდინარე რეფორმებს და დადებითად შეფასდა სტრუქტურულ რეფორმებში მიღწეული პროგრესი.

    პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფონდთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური