საქართველოს პარლამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 03 ნოემბერი 2017 17:54

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარს დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ. გარდა ამისა, შეთანხმება მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

დოკუმენტში, რომელიც მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობებია განსაზღვრული. ამასთან, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების ზრდას. გარდა ამისა, დოკუმენტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას.

შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში, ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

წაკითხულია 557 ჯერ

Related items

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლი იანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა თანამშროლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მხარეებმა იმსჯელეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში (Belt and Road Initiative) საქართველოს ჩართულობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქმიანობის კოორდინაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 1 ივლისს გამართული ვიზიტი ჩინეთის ქალაქ დალიანში, სადაც, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) ფარგლებში, შედგა მისი ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ბატონ ლი კეციანთან.

    მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მაისში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის მნიშვნელობას.

    ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მან ასევე დაადასტურა ჩინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“ (One China Principle) ჩვენი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ელჩს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

  • პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა განიხილა

    ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის პერსპექტივა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ქალაქ დალიანში, სახელმწიფო რეზიდენციაში გაიმართა. 

    მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    საუბრისას ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი გამოყენების აუცილებლობას და საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაღალია. 

    საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევის კონტექსტში, ხაზი გაესვა უმსხვილესი კომპანიების დაინტერესების აუცილებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და გახსნან რეგიონული ოფისები საქართველოში.

    აღინიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ხელშეწყობაში. 

    ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება დაადასტურა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა, კომერციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრები, ასევე სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტ სი ძინპინს ექვემდებარება. უმაღლესი დონის შეხვედრა მსგავსი ფორმატით პირველად გაიმართა, რაც, მხარეების შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლის დასტურია. 

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ ლი კეციანს ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევისთვის, რომელზეც სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერია დაპატიჟებული. 

    მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ სესიაზე - Talent Transforming Technology. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი დალიანში 2 ივლისს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  • საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის სპიკერის გადადგომას ითხოვენ

    ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

    ფრაქციის წევრების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.

    „ეს რაც მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცდება რაციონალური პოლიტიკის, პარტიული დაპირისპირების, ფეხქვეშ გათელვას საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ინსტიტუტებისა და ეროვნული თავმოყვარეობის. დღეს ვიხილეთ ოკუპანტი სახელმწიფოს დუმის წევრი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და აქ ჩამოსვლამდე, სამი დღით ადრე ჭკუას არიგებდა მთელს საქართველოს, რომ ყველა ერთად შევეგუოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას. დღეს ვნახეთ ეს ადამიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას, ქვეყნის კონსტიტუციით მეორე მნიშვნელობის ადგილას, რომელსაც რუსულ ენაზე მიჰყავდა სხდომა. ეს ფაქტი სცდება პარტიული განსხავებების ფარგლებს და არის შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე. მიგვაჩნია და საპარლამენტო უმცირესობის სახელით ვთვლით, რომ ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მოჰყვეს უმაღლეს დონეზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ ოფიციალური იმპიჩმენტის პროცედურას და ამას მივიყვანთ ბოლომდე. მაგას ამას სჭირდება დრო, ამიტომ მოვუწოდებთ, თავად გადადგას ეს ნაბიჯი და ამით მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც დღეს ყველამ ერთად ვნახეთ პარლამენტში“, – აცხადებენ ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“.

    თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

    სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.

    წყარო: https://1tv.ge/news/evropuli-saqartvelo-irakli-kobakhidzis-gadadgomas-moitkhovs/

  • თბილისში ფესტივალი Arbor Day 2019 გაიმართა

    10 ივნისს, თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართა. გამწვანების აქცია 10:00 საათზე, გლდანში (გლდანის პატარა ტბა) დაიწყო .ფესტივალი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 4U მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ თბილისის მერია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

    გამწვანების აქციის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობა, მათ შორის, ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი.

    ხეების დარგვის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თავისუფალმა სკოლის მოსწავლეებმა და კონფუცის კლასის ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლებმა.

    გამწვანების აქციაში ჩართულმა ყველა მოხალისემ, წამახალისებელი სერთიფიკატები მიიღეს.

    „მოხარული ვარ, რომ ყველასთან ერთად ვმონაწილეობ ნერგების ფესტივალში. ჩინეთის საელჩო ზედიზედ მესამედ ატარებს ყოველწლიურ ნერგების დარგვის ღონისძიებას. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მერიას მხარდაჭერისათვის, მადლობას ვუხდი ჩინეთის სავაჭრო პალატასა და 4U მულტიმედია ჯგუფს სრულყოფილად მომზადებისა და ორგანიზებისათვის, მადლობას ვუხდი საქართველოში არსებულ ჩინურ კომპანიებს აქტიური მონაწილეობისათვის.

    წელს 70 წელი სრულდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან. 70 წლის განმავლობაში ჩინელმა ხალხმა საკუთარი შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით მიაღწია რთულად მოსაპოვებელ აღმშენებლობის წარმატებას, საკუთარი თავისათვის შექმნა მწვანე, ულამაზესი, ბედნიერი მხარე.წელს ასევე სრულდება 40 წელის მას შემდეგ, რაც ჩინეთმა სამართლებრივად დააწესა ნერგების დარგვის დღე. 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერისა და ჩინელი ხალხის მონდომების წყალობით, ჩინეთის ტყით დაფარული ტერიტორია გაორმაგდა, მსოფლიო მცენარეული საფარის გაზრდის მხრივ, ჩინეთი გაღებული წვლილის მიხედვით პირველ ადგილზე დგას. ხელოვნურად შექმნილი ტყის ფართობით ჩინეთი მსოფლიოში პირველია, რითაც მუდმივად ხორცს ასხამს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ წამოყენებულ თეორიას იმის შესახებ, რომ „კამკამა წყლები და მწვანე მთები არის ოქროსა და ვერცხლის მთები“- განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ.

    „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ჩინურ ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის გამწვანებას, გარემოს გაუმჯობესებას. ყოველწლიური ფესტივალი უკვე მესამედ აღინიშნება საქრთველოში, რაც მისასლმებელია. გარდა ხეების დარგვისა ჩატარდა კონცერტი, რომელმაც უფრო მეტად გაახალისა დღევანდელი დღე“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

     

  • თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

    მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

    მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

    ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

    შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური