კონფლიქტების პრევენციის გზების ძიებაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 11:16

28-29 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ქართული და სომხური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის მორიგი დიალოგი შედგა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების პრევენციის საკითხებს მიეძღვნა. მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის ასპექტები კონფლიქტების თავიდან აცილების კუთხით იმ პირობებში, როდესაც კავკასიის რეგიონში ორი ურთიერთსაპირისპირო და კონკურენტი ეკონომიკური კავშირები ამოქმედდა – ერთის მხრივ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ხოლო მეორეს მხრივ კი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით. პირველი კავშირის წევრი სომხეთია, ხოლო მეორე ხელშეკრულების – საქართველო.
2014 წლიდან, ისედაც არასტაბილურ და გაყინული კონფლიქტებით გაჯერებულ რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და ეკონომიკური გავლენების ახალმა გადანაწილებამ, ორი კონკურენტი ეკონომიკური სისტემების წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემების წყება შეიძლება წარმოქმნას, რომლებიც შემდგომში შესაძლოა კონფლიქტებად ტრანსფორმირდეს. სწორედ ამ სცენარის პრევენციაში სამოქალაქო სექტორის როლზე მსჯელობდნენ პროექტის მონაწილეები. ამ პროცესში ქართული და სომხური სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ უკვე შემუშავდა პოლიტიკის 5 დოკუმენტი, რომელიც ეხება ორი კონკურენტი ეკონომიკური გაერთიანების პირობებში კონფლიქტების თავიდან აცილების ინსტრუმენტებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ქართული და სომხური მხარეების მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები იქნა განხილული და 2 ქვეყნის მთავრობების მიმართ რეკომენდაციები იქნა შემუშავებული.
რეკომენდაციებს შორის არის საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და უთანხმოებების პრევენციის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა; სამოქალაქო სექტორისა და მედიის ერთობლივი მუშაობა ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებისა და ადვოკატირების ეფექტური არხის შესაქმნელად; სამოქალაქო დიალოგში აზერბაიჯანული მხარის ჩართვა; საერთაშორისო დონორთა მეტი ძალისხმევა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ძალაუფლებების და გავლენების გადანაწილეობის ახალ გარემოში კონფლიქტების პრევენციის მიზნით; სამოქალაქო სექტორის და სამშვიდობო ჟურნალისტიკის მეტი ხელშეწყობა, მათ შორის დიალოგის გაფართოების, მათი უნარ–ჩვევების და ცოდნის გაზრდის კუთხით.

აღინიშნა, რომ კავკასიაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის თანაარსებობა და კონკურენცია შეიცავს როგორც გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებსაც, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ ორივე მხარის ეკონომიკურ და ბიზნეს სტრუქტურებს.
პროექტი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში უკვე მოეწყო სამოქალაქო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების შეხვედრა
პროექტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს საერთაშორისო ქსელი - გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისათვის (Global Partnership for Prevention of Armed Conflicts www.gppac.net) და GPPAC -ს წევრი საქართველოში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი. სომხეთში პროექტის პარტნიორია ჰელსინკის სომხეთის კომიტეტი. მომავალ წელს იგეგემება პროექტის გეოგრაფიული არეალის გაფართოება.

წაკითხულია 538 ჯერ

Related items

  • ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი „პეის ტერმინალის“ პროექტს ფოთში

    ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი „პეის ტერმინალის“ პროექტს ფოთში, რომელიც თანადაფინანსებულია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ (OPIC)

    10 ოქტომბერი, 2019. ფოთი. ქართული სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ (Prime Concrete) ფოთის პორტში ახალ „პეის ტერმინალს“ (Pace Terminal) აშენებს, რომლის სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 20 მლნ აშშ დოლარს. პროექტის თანადამფინანსებელია აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC). სამშენებლო სამუშაოების დაწყების საზეიმო ცერემონია 2019 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა ქალაქ ფოთში, რომელსაც ესწრებოდნენ შემდეგი ოფიციალური პირები: საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, OPIC-ის მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, შპს „პეის ტერმინალის“ დირექტორი დავით ნადირაშვილი და „პრაიმ ბეტონის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე სოკოლოვსკი. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის სხვა წარმომადგენლებიც, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და უცხოელი სტუმრები.

    ქართული კომპანიის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ტერმინალის აშენება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას. „პრაიმ ბეტონმა“ შეძლო და წარმატებით გაიარა სატენდერო შერჩევის პროცესი მაღალი კონკურენციის პირობებში, რომელშიც ათობით საერთაშორისო კონტრაქტორი მონაწილეობდა. „პრაიმ ბეტონის“ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მისი გამორჩეული შესაძლებლობები და კომპეტენცია, ექსპერტული ცოდნა და „ნოუ-ჰაუ“, და მისი ადგილობრივი გამოცდილება. „პრაიმ ბეტონს“ ასევე პარტნიორობას უწევენ ჰოლანდიური კომპანიები Royal HaskoningDHV და Vanthek, რომელთაგან პირველმა შექმნა ყველაზე ეფექტური დიზაინი ნავმისადგომისა და პირსის მშენებლობისათვის, ხოლო მეორე წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო კომპანიას ბურღვისა და ლითონის ნარანდის (შპუნტი) მოწყობის სფეროში.

    „პრაიმ ბეტონი“ მყარი რეპუტაციის მქონე ქართული სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მრავალი ფართომასშტაბიანი პროექტი, რამაც თავის მხრივ კომპანიას შესძინა განსაკუთრებული კომპეტენცია და ფასდაუდებელი გამოცდილება პორტის, წყალგაყვანილობის, გზებისა და სხვა საზოგადოებრივი თუ ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მოწყობის სფეროებში. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ისეთ საზღვაო პროექტებს, როგორიცაა მეშვიდე ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ფოთის სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა; ასევე, საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოებს, როგორიცაა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ანაკლიაში, ურეკში, ზუგდიდსა და გარდაბანში; თბილისის მეტროს ახალი და მეორე ხაზის გაგრძელება (უნივერსიტეტის სადგურამდე); და დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, სამეგრელოში რამოდენიმე გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

    ტერმინალის პროექტზე საუბრისას ”პრაიმ ბეტონის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ ხაზი გაუსვა ქართული კომპანიის მიერ ტენდერის მოგების მნიშვნელობას: „ჩვენ ძალზე მოხარულები ვართ, რომ ვერთვებით ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მშენებლობაში. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია, EPC-ის კონტრაქტის ფარგლებში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას ასეთი კომპლექსური და ფართომასშტაბიანი პროექტის მშენებლობისა. ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივ შესაძლებლობებს, პროექტში ვდებთ ჩვენს მიერ ათეული წლობით დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას, ვქირაობთ მუშახელს და ვიყენებთ არსებულ სამშენებლო მასალას, რაც წარმოადგენს სარგებელს, როგორც ადგილობრივი საზოგადოებისათვის, ისე მთელი ქვეყნისათვის. ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორების Royal HaskoningDHV-ისა and Vanthek-ის დახმარებით „პეის ჯგუფიდან“, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ახალი ტერმინალი აშენდეს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და გარემოს დამზოგავი მასალითა და ტექნოლოგიით და რომ საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობები გადავიდეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე.“

    ახალი ტერმინალი განთავსდება ფოთის ახალი პორტის ზონაში გამოყოფილ 25 ჰექტარზე, რომელიც წარმოადგენს ყოფილ გემთსაშენს. ნავმისადგომის ინფრასტრუქტურის სრული სიგრძე შეადგენს 650 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 12 მეტრს. ეს იქნება პირველი პორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს ღრმაწყლოვანი გემების მიღებას 2020 წლისათვის. ტერმინალის ტვირთბრუნვის საერთო მოცულობა განისაზღვრება 5 მილიონი ტონით. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს OPIC, ხოლო დარჩენილ 43 მლნ დოლარს „პეის ჯგუფი“, წილობრივი მონაწილეობის სახით. ეს პროექტი წარმოადგენს OPIC-ის ყველაზე მსხვილ ჩართულობას საქართველოში. ტერმინალი გაზრდის ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჰაბისა და როგორც  Belt and Road ინიციატივის განუყოფელი ნაწილისა. OPIC-ის გადაწყვეტილება დააფინანსოს ეს პროექტი ასევე წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების, მიერ ამ ტერმინალის მნიშვნელობის მხარდაჭერის გამოხატვას, როგორც საქართველოსათვის, ისე მთელი რეგიონისათვის.

  • ბუქარესტში გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია - თემაზე „კულტურული დიპლომატიის როლი "გაყინულ" კონფლიქტებთან მიმართებაში“

    2019წლის 1-2 აპრილს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია - თემაზე „კულტურული დიპლომატიის როლი გაყინულ კონფლიქტებთან მიმართებაში“. კონფერენციაზე განიხილეს მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისათვის საჭირო და აუცილებელი საკითხები. იმსჯელეს იმ აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, ომების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამხრეთ და ჩრდიოლოეთ კორეის გაერთიანებას.

    კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კორეული საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ და ლევანტეს კულტურისა და ცივილიზაციის კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი.

    კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კულტურულმა დიპლომატიამ შესაძლებელია აღადგინოს ნდობა და შექმნას პლატფორმა საერთაშორისო დიალოგის წარმოებისათვის.  „ასეთი კულტურული დიალოგი საჭიროებს ურთიერთობების ცვალებადობას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სრულიად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და იგი უნდა გახდეს პროფესიული, თანასწორუფლებიანი და მეგობრული“, - აღნიშნა მან. 

    რაღა თქმა უნდა განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებო იყო ერთ-ერთი ორგანიზატორის, კორეული საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL-ის პრეზიდენტის მან ჰი ლი-ს გამოსვლა, რომელიც საყოველთაო აღტკინების, ოვაციების და აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა. „ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად და მჯერავს, რომ ჩვენი თაობა აუცილებლად მოესწრება ამას“, - განაცხადა მან ჰი ლიმ. მისივე თქმით, არავის არ უნდა ომი, ყველა მომხრეა მშვიდობის და ჩვენი ვალია ყველა მათგანის ეს ნება გავაერთიანოთ და მსოფლიოს ლიდერების ყურამდე მივიტანოთ, რათა მათ ყური დაუგდონ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ურყევ ნებას. „რატომ არ უნდა გაერთიანდეს კორეა. რატომ არ უნდა აღასრულონ ხელოვნურად ორად გაყოფილი მოსახლეობის სურვილი და მისცენ ხალხს ერთად მშვიდობიანად ცხოვრების საშუალება. ეს ქვეყანა მათი საკუთრება არ არის. იგი ხალხს ეკუთვნის, რომლებსაც მშვიდობიანად ცხოვრება უნდა“, - დაამატა კორეული საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL-ის პრეზიდენტმა.

    როგორც მან ასევე აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო აქცია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს მოსახლეობამ საკუთარ პრეზიდენტებს გაუგზავნეს ბარათები, სადაც ისინი წერენ, რომ მათი ვალია ჩაერთონ სამშვიდობო პროცესში და ერთიანი ძალისხმევით მიაღწიონ ყველასთვის სანუკვარ მიზანს - დამყარდეს დედამიწაზე მშვიდობა. „ჩვენ ყველას გვსურს გაერთიანება ერთი სლოგანის გარშემო - შეწყდეს ომები და დაისადგუროს მშვიდობამ ყველგან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა დავდგეთ“. თუკი თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ დაიშურებს, თუკი გავერთიანდებით სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო, რომელიც ამბობს - „ჩვენ ვართ ერთი ოჯახი მშვიდობისათვის - ჩვენ ვართ HWPL“, აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და შევძლებთ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არასოდეს ეცოდინება თუ რა არის ის საშინელება, რომელის სახელწოდებაა - ომი. ჩვენ ერთნი ვართ - ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია“, - დასძინა მან ჰი ლიმ.

    კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელმაც ფართოდ ისაუბრა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებულ „გაყინულ“ კონფლიქტებზე. „სამწუხაროდ გვიწევს იმის თქმა, რომ თავის დროზე „ნატო“-ს საქართველოსთვის „მაპი“ რომ მიეცა არ იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი და არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება განხორციელდებოდა“, - განაცხადა ვ. იუშჩენკომ. მისივე თქმით, ზუსტად იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ არ დაეხმარა საქართველოს, რუსეთმა თავი გამარჯვებულად იგრძნო და მომდევნო უგუნური ნაბიჯი გადადგა, რასაც ყირიმის ოკუპაცია მოჰყვა. „საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა შეაჩერონ რუსეთის გამოხტომები, რომელსაც ომი, ნგრევა და არარსებული რესპუბლიკების აღიარება მოსდევს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ და ერთიანი ძალებით ვიმოქმედოთ ომების თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა. 

    კონფერენციის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის 4 მარტს, HWPL-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოამზადებულ დეკლარაციას „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW). დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, მთელს მსოფლიოში დაიწყო კამპანია „ დავაკანონოთ მშვიდობა“. 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე აღნიშნულ დეკლარაციას, მსოფლიოს 167 ქვეყნის 535 493 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

    კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ  მედია-პლატფორმა „სამშვიდობო ინიციატივა“ (PI) მონაწილე ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. „სამშვიდობო ინიციატივა“ განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის შესახებ ახალი ამბების გავრცელება და პრესის თავისუფლების დაცვის მიზნით, მშვიდობიანი ჟურნალისტიკის გავრცელების ხელშეწყობა. PI- თან თანამშრომლობის შექმნის მიზნით, 13 ქვეყნის 13 მედია-საშუალების წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL- თან ერთად გაეროს ECOSOC- ის ფარგლებში.

    კონფერენციის მონაწილეების აზრით აღნიშნულმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და აღნიშნეს, რომ თუკი ანალოგიური კონფერენციები გაგრძელდება, გაიზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა და ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი მიაღწევენ სანუკვარ მიზანს - მშვიდობის დამარება მთელს მსოფლიოში.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

    იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. გამოფენის ოფიციალური გახსნისთვის ანსამბლი ,,ბასიანი" რამდენიმე ქართულ ტრადიციულ სიმღერას შეასრულებს.

    ,, ქართული მრავალხმიანობა, ღვინო, ვაზი განუყოფელია ერთმანეთისაგან. ღვინის უნიკალური გამოფენა იაპონიაში - ,,საქართველო ღვინის სამშობლო" უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ანსამბლი ,,ბასიანი" იმღერებს: ,,კახურ მრავალჟამიერს",გურულ კრიმანჭულს - “ხასანბეგურა”, ,,შენ ხარ ვენახსა" და ,,ჩაკრულოს" - აცხადებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

    იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში„Terrada Warehouse“ იხილავს.

    ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა.

    ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 15 მარტიდან 7 მაისამდე გაგრძელდება.

     

  • ქართული პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ჩინეთის ბაზარზე პირველად შევა

    გასულ კვირას, სასტუმრო "რედისონში" პრეს-კონფერენცია და "სარტყლისა და გზის" საქართველოს ბიზნეს-სახლის ქართული პროდუქციის გამოფენა ჩატარდა.

    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ქ-ნი ნინო ჩიქოვანი და და ამავე პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში ბ-ნი ბექარ მიქაბერიძე შეხვდნენ ქართული კომპანიის წარმომადგენლებს, რომელთა პროდუქციაც ჩინეთში, იანვარში გახსნილ სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლში გაიყიდება. იანვრის თვეში, თხუთმეტი კომპანიის პროდუქცია კონტეინერით გავა ბათუმის პორტიდან ჩინეთის მიმართულებით. ეს კომპანიები არიან: ქართული ნაციონალური პროდუქტი, კახური ტრადიციული მეღვინეობა "ნენა", ნუგბარი, ქარელის ხილი, მინერალური წყალი, ქართული ზეთისხილის ზეთი, თაფლის ჭაჭა, შპს დეზი, ზეარისი, ქართული ლეგენდა "რირავო", ქართული ლიმონათი და სხვა.

    აღნიშნულ პრესკონფერენციაზე განიხილა სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის როლი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. განიხილეს ქართული თაფლის, ყველისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო რთული რეგულაციების პრობლემა.

    აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით პირველად წარდგება.

    წყარო: https://4u.ge/ka/qartuli-produqtsiis-mravalferovani-asortimenti-chinetis-bazarze-pirvelad-sheva?fbclid=IwAR1SdBsMwzXYpU2UR0ODJ6OACEpbjwvOSUjDWVKtAq09eex0MBsLiHxwZZQ 

     
     
  • PSP 2018 წლის ლიდერ ბრენდად დასახელდა

    2018 წლის „ქართული ბრენდის დღეზე“ „PSP ჯგუფი“ ნომინაციაში „ლიდერი ბრენდი“ გამარჯვებული გახდა. ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

    „ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

    „PSP ყველა პარამეტრით ლიდერია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. 1994 წლიდან ჩვენ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და მოხარული ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ დავსახელდით წლის ბრენდად. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ წელსაც ლიდერ ბრენდად გვაქცია, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში. 

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 16 წელია ატარებს. ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი. წლევანდელი ბრენდ პერსონა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ოქროს კამერით დაჯილდოვდა. PSP ლიდერ ბრენდად უკვე მეთოთხმეტედ დასახელდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური