NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარე თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 11:27

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ვიზიტით მყოფ უმსხვილესი საგანმანათლებლო ფონდის NIPPON-ის თავჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა. მხარეებმა ფონდსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივები განიხილეს.

იაპონური ფონდი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასთან ძირითადად საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობს და 20-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.  როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა ითანამშრომლოს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საგანმანთლებლო ორგანიზაციასთან. "ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ეს ვიზიტი. NIPPON-ის ფონდი გახლავთ საზღვაო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით, ბევრ პროგრამას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 10 ქართველს კვალიფიკაციის გადამზადების შესაძლებლობა მიეცა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დოქტორ სასაკავასთან და ნიპონის ფონდთან გავაღრმავებთ ურთიერთობას და საქართველოშიც ჩამოყალიბდება ტრენინ-გცენტრი, რომელიც  მთელ რეგიონს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოემსახურება“- აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა

იოჰეი სასაკავას ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფონდი NIPPON-ის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა ფონდის შავი და კასპიის ზღვის რეგიონის 4 სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტთა კონფერენცია. მისი მიზანია საზღვაო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პრინციპების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განხილვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარის, მამუკა ახალაძის ინფორმაციით, NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარის საქართველოთი დაინტერესება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. „იოჰეი სასაკავას ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს გლობალურ მოთამაშეს საზღვაო მიმართულებით და ჩვენ წარმოვადგენთ საინტერესო ქვეყანას ფონდისთვის და  ზოგადად იაპონიისთვის. აღნიშნული ფონდი უკვე ათეული წლების განმავლობაში აფინანსებს სტიპენდიანტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი დონის საერთაშორისო უნივერსიტეტებში. მისი კურსდამთავრებულები ძირითად მოღვაწეობენ არაერთი განითარებული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში. აქ საუბარია საზღვაო სამართალზე,  ზოგადად საზღვაო მმართველობაზე, საზღვაო ტექნოლოგიებზე, ნავსადგურებისა და  ნავიგაციების უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე და ა.შ. ეს მიმართულებები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მიზანია საქართველო ჩამოყალიბდეს საერთაშორისო დონის განვითარებულ საზღვაო ქვეყანად“ - აცხადებს მამუკა ახალაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს  რამდენიმე მოქალაქემ უკვე  ისარგებლა NIPPON-ის  ფონდის პროგრამით და მიეცა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საზღვაო სფეროს ისეთ წამყვან დაწესებულებებში, როგორიცაა: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტი (IMLI), მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU),  გაეროს ოკეანეებისა და საზღვაო სამართლის პროგრამა (UN DOALOS)  და საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალი (ITLOS).

„ჩვენ უკვე 30 წელზე მეტია აქტიური ყურადღება გადავიტანეთ ზღვებზე მთელ მსოფლიოში. შედეგად, ჩვენ გვყავს 1200-ზე მეტი ექსპერტი ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებში, 140 სხვადასხვა ქვეყნიდან. როდესაც მე ვამბობ ზღვას,  ვგულისხმობ როგორც შავ, ასევე კასპიის ზღვებს, რომლებზეც ერთნაირი სიტუაციაა. ქართული მხარის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელზეც მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შეძლებს ერთად შეკრებას და ოკეანის თემაზე საუბარს. სწორედ ეს არის ჩემი ვიზიტის მიზანი. მინდა, გაწეული შრომისთვის და ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღებისთვის ყველას მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა იოჰეი სასაკავამ.

წაკითხულია 648 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმებას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა" და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების" დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

    ევროკომისარმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.
    შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა ევროპული სტანდარტების შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებზე, რომლითაც ქვეყანა რეგიონული ლიდერია. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
    პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, არამედ მისი განვითარებისა და შესაძლებლობების 20%-ია ოკუპირებული. გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
    შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე მეტი კონცენტრაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა.
    პრემიერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო დონეზეც, რაც კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

    ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • გიორგი გახარია ნატოს შტაბ-ბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

    საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა. 

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს. 
    გიორგი გახარიამ და იენს სტოლტენბერგმა განიხილეს გლობალური პანდემიის პირობებში, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის და ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნების გზები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახალისებას.

    საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით. 

    შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და განხორციელებულ დემოკრატიულ  რეფორმებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით გაესვა ხაზი საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მეტად პროპორციული სისტემით. აღინიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
    კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. 
    მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

    გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიხსნა

    საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

    UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

    UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება. გარდა იმისა, რომ ღონისძიება აღნიშნული ცენტრისა და ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ, 4 ეპიდემიოლოგი ჩამოყვა.

    ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებსაც საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული ჰქონდათ 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგინეს ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციას.

    ღონისძიების მონაწილე სხვა პირებს, რომლებმაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას სასაზღვრო - გამშვებ პუნქტში ვერ შეძლეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდათ და ტესტის პასუხების მიღებამდე ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

    UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

    საქართველოში UNWTO-ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. თავდაპირველად, ღონისძიება 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები ინსპექტირების მიზნით, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მზაობას, ემასპინძლა მაღალი რანგის წარმომადგენლობითი შეხვედრისთვის. ინსპექტირებისას შეფასდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა პანდემიის გამო, აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღი გადაიდო. 

    მასპინძელი ქვეყნის ხელახალი შერჩევისას საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტორმა, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

    ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. ამ მხრივ, მაღალი დონის შეხვედრის მასპინძლობა კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას ისეთ ქვეყნად, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, შეუძლია, ნებისმიერი მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლოს.

    გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა.

  • მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

    შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

    შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

    განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • თბილისიდან ჩამოსული სტუმრები მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან-აცხადებს გოჩა ენუქიძე

    რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან ონის რაიონის ხელმძღვანელი პირები, და  სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. მისივე თქმით, სტუმრები მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.

    „ყველა ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლები განსაკუთრებით საშიშ არეალში მდებარეობს, მუდმივად კონტროლდება. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სპეციალისტები, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. ასევე, ადგილზე მობილიზებულია ჰიდროლოგთა ჯგუფი და მალე დაიწყებენ მუშაობას გეოლოგებიც", - დაამატა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

    რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაგიორგი გახარიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ზედამხედველობა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ჩიკვაიძეს დაავალა.

    საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილიდან, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ინტენსიურად ეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს და ხვდებიან სპეციალისტებს, როგორც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, ისე ჰიდროლოგებს და ელოდებიან გეოლოგებსაც.

    გოჩა ენუქიძის განცხადებით, სამუშაოები ეფექტიანად ხორციელდება და მუდმივ კონტაქტში არიან ყველა იმ ოჯახთან, რომელთა საცხოვრებელი სახლები რისკ ზონაში მდებარეობს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური