გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი ეროვნულ პრიორიტეტად განისაზღვრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 11:14

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის დოკუმენტი დაამტკიცეს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის, ნილს სკოტის ხელმძღვანელობით გაიმართა.

გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 98 ამოცანა ეროვნულ პრიორიტეტად განისაზღვრა. ამასთან, დადგინდა ამოცანების შესრულების ინდიკატორები 2020, 2025 და 2030 წლებისთვის. დოკუმენტი ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს - სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება, თანასწორობის ხელშეწყობა, ქალაქების მდგრადობა, კლიმატური ცვლილებების დამარცხება, ოკეანეებისა და ტყეების დაცვა, ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა.

საბჭოს სხდომაზე დაკომპლექტდა 4 თემატური სამუშაო ჯგუფი, რომლებიც სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური კეთილდღეობის, კარგი მმართველობის, მდგრადი ენერგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებებზე იმუშავებს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ქვეყნის შიდა პოლიტიკის და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციაზე განათლების, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის, სოფლის მეურნეობის, გენდერის, გარემოს დაცვის, ღია მმართველობის და ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროებში. 

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები საქართველოს მთავრობის რეფორმების განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის და პრიორიტეტიზაცია 2015 წლიდან დაიწყო. სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციის შედეგად, განისაზღვრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შიდა პრიორიტეტები. გაეროს ქვე-მიზნებზე კი, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, შემუშავდა საბაზისო ინდიკატორები, რაც მიღწეული პროგრესის გაზომვისა და მიზნის შესრულების შეფასების შესაძლებლობას ქმნის.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს პირველ სხდომას სასტუმრო „რედისონში" სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საბჭო, რომლის მუშაობაში ჩართულნი არიან სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგის მძლავრ პლატფორმას წარმოადგენს.

წაკითხულია 714 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    დღეს, ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რომლის თანახმად,  ლიბერთი ბანკი,  მჭიდროდ  ითანამშრომლებს გაეროს მოსახლეობის ფონდთან  ხანდაზმული (60+) მოსახლეობის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებებით. თანამშრომლობის მიმართულებები მოიცავს:

    -          ხანდაზმული მოსახლეობის ინფორმირებას Covid-19 პრევენციის მიზნით. კერძოდ , მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკის ქსელის მეშვეობით,  გავრცელდება სპეციალურად 60+ ასაკის  მოსახლეობისთვის შედგენილი ბროშურები. გაეროს მოსახლეობის ფონდი ლიბერთი ბანკთან ერთად, ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში,  განახორციელებს ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას.   

    -          ლიბერთი ბანკი მხარდაჭერას გაუწევს „60+ კლუბებს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომლებიც UNFPA საქართველოს ოფისის ინიციატივით ჩამოყალიბდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, სადაც კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება და განხორცილდება ხანდაზმული მოქალაქეებისათვის COVID-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოღებული შეზღუდევების მოხსნის შემდეგ;

    -          ლიბერთი ბანკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი განიხილავენ მომავალ შესაძლებლობებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალების და გოგონების გაძლიერებისთვის საქართველოში.   

     დღეს, ჩვენ ვამაყობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით, რომელიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ლიბერთის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას ასაკოვან მოსახლეობაზე ზრუნვის მიმართულებით. განსაკუთრებით დღეს, როცა უფროსი თაობის უსაფრთხოებისთვის, ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის ამაღლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე რამდენიმე წელია, ლიბერთი უწყვეტად ახორციელებს 60+ ადამიანებისთვის სპეციალურ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს. მინდა მივესალმო ჩვენს ახალ პარტნიორს და იმედი მაქვს, ჩვენ ერთიანი ძალებით კიდევ უფრო გავზრდით ჯანსაღი დაბერებისა და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვნებას და ასევე, ვითანამშრომლებთ ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

    ვფიქრობთ, „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს,“ აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, „აქტიური და ჯანსაღი დაბერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ხელს უწყობს ქვეყანას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესშიჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიაპარტნიორად გვეგულებოდეს „ლიბერთი“ - კომპანიარომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს და მზადაახანდაზმული მოქალაქეებისქალებისა და მოზარდი გოგონების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მოახდინოს ინვესტირებაგვჯერარომ ჩვენი თანამშრომლობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზესადაც არავინ დარჩება განვითარების ტალღის მიღმა.“ 

  • გაეროს განვითარების პროგრამამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

    გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს პოლიცია მომხმარებელზე ორიენტირებული და შშმ პირებზე მორგებული სერვისების მიწოდებაში გადამზადდება

    გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლები სერვისების მიწოდების ახალ უნარ-ჩვევებს შეიძენენ

    თბილისი. 6 მაისი 2020 – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებენ ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის,ყოფილი „მე-12 ოთახის“ თანამშრომლების შესაძლებლობებისა და სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.   

    გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოაგილემ, კახა საბანძემ 5 მაისს გამართულ ონლაინ შედხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების  მემორანდუმს.

    “შინანგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მომსახურების ცენტრის რეფორმას, რომლის მიზანია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ. „მიმდინარე რეფორმის პროცესში ცენტრის თანამშრომლების ტრენინგი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“.

    „პოლიციის საქმიანობა ყოველთვის სტრესს უკავშირდება, რაც განსაკუთრებით კრიზისის დროს ვლინდება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი გადამზადების პროგრამის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიმუშავებს ახალ მიდგომებს და აღიჭურვება შესაბამისი უნარ-ჩვევებით, რათა ეფექტიანი მომსახურება გაუწიოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს“.

    საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 2018 წელს ჩამოყალიბდა და მოქალაქეებს 50-ზე მეტი სერვისით უზრუნველყოფს. მათ შორისაა ჯარიმები, მართვის მოწმობის შეჩერება, დაკარგული სანომრე ნიშნების აღდგენა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანასთან დაკავშირებული თანხმობა. UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლები  მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების ტრენინგს გაივლიან.

    გარდა ამისა, UNDP ხელს შეუწყობს მომსახურების ცენტრს, დანერგოს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმი, შეფასების ერთიანი სისტემა (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4,500-მდე საჯარო უწყება იყენებს.

    საქართველოში CAF სისტემის დანერგვა პირველად იუსტიციის სახლმა დაიწყო. UNDP-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ეს წარმატებული პრაქტიკა სხა უწყებებშიც დაინერგება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას ეხმიანება: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

  • PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“

    დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი - ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ტრენინგების ჩატარების იდეას კომპანია PSP პირველი გამოეხმაურა.

    24 თებერვალს PSP აკადემიაშიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის პროექტის პირველი ტრენინგი ჩატარდა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის ტრენინგების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.

    ტრენინგების მიზანი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაუმჯობესებაა სხვადასხვა საჭიროების მქონე თანამოქალაქეებთან. სწორედ ამიტომ ტრენინგს PSP-ს სერვისი უზრუნველყოფის, აფთიაქების მენეჯერები, მომხმარებელთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ტრენინგ-ცენტრის, იურიდიული, რეგიონალური, HR დეპარტამენტების თანამშრომლები დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას როგორ მოიქცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, რომ არ შეიქმნას უხერხული სიტუაციები, როგორც უნებლიე დისკრიმინაციით (მაგ. არასწორი ტერმინოლოგიის გამო) ან მეტისმეტი მზრუნველობის ფონზე.

    „PSP-ს მთავარი ორიენტირი 25 წელია მოხმმარებლის ინტერესები და მათზე ზრუნვაა; ამიტომ ჩვენ შემოთავაზების მიღებისთანავე გამოვხატეთ მზაობა გავცნობოდით და მომსახურების პროცესში დაგვენერგა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მითითებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორი ურთიერთობის შესახებ. მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია და შესაბამისი ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის კუთხით, რაც ხშირად იწვევს უხერხულ სიტუაციებს, განსაკუთრებით ზედმეტი ყურადღების და მზრუნველობის გამოხატვით. ტრენინგზე მიღებულ ინფრომაციას კომპანიის ყველა თანამშრომელს გავაცნობთ, რაც ჩვენს მომსახურების პროცესს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში თანასწორუფლებიანს და კომფორტულს გახდის“- აცხადებენ -PSP-ში.

  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

    2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

    გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

    აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44 მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 44 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

    რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

    ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

    აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

    რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

    სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

    მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

    საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. 

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

  • პრეზიდენტი გაერო-სთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-სთანაკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
    საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინისსამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივ წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების თაობაზე და გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს“ უკავშირდება.

    ელჩები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით დაინტერესდნენ და შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური