შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 10:38

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ეს არის ის ღონისძიებები და საქმიანობები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ანგარიშს წარვუდგენთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის, საელჩოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ჩართულობა, მონაწილეობა და ჩვენი მხრიდან მათთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვნია საარჩევნო პროცესებისთვის. წელს ბევრი ინოვაცია დაინერგა საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათ შორის ადამიანის უფლებების უკეთ რეალიზების თვალსაზრისით. ვგულისხმობ შშმ პირებს, ასევე ამომრჩევლებს, რომლებიც სხვადასხვა  მომსახურებით სარგებლობენ. ასევე ჩვენ დავნერგეთ მნიშვნელოვანი სერვისები პოლიტიკური პარტიებისთვის - მათ წარმომადგენლების დანიშვნა უკვე ონლაინ სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით  შეუძლიათ, და ეს საპილოტე პროექტი უკვე წარმატებულად მიმდინარეობს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ემზადება არჩევნების პროფესიულ, გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამას ემსახურება, საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგვიდგენს შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას, რომელშიც აღწერილია ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული აქტივობები და საქმიანობები. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, მხოლოდ მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების ტექნიკური თვალსაზრისით ორგანიზებაში“,- განაცხადა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ.

საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

წაკითხულია 509 ჯერ

Related items

  • ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. თამარ ჟვანია ცესკოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.

    თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

    რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არცერთმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 1181 (32%) დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.

    თამარ ჟვანიას განცხადებით წინასწარი შედეგები შემდეგია:

    №5 გრიგოლ ვაშაძე - 195 305 ხმა (43%)

    №48 სალომე ზურაბიშვილი - 262 826 ხმა (57%)

    „პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ამომრჩევლებს, თითოეულ მათგანს, ვინც მივიდა და აქტიურად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს გახლდათ ძალიან მაღალი აქტივობა, თითქმის ორ მილიონამდე ამომრჩეველი იყო მზად, რომ დღეს დაეფიქსირებინა საკუთარი ნება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს იმისთვის რომ პროცესის გამჭვირვალობისთვის შეეწყოთ ხელი, მათ მთელი დღის განმავლობაში ასევე მთლიანად პროცესს გაუწიეს მხარდაჭერა. მინდა მადლიერება გამოვხატო მედიაწარმომადგენლების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ მთელი დღის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას, თითოეულ წევრს, მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ დიდი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს და რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

    როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა მედიასაშუალებას, საზოგადოებას, ლაივ რეჟიმში ექნება შესაძლებლობა მუდმივად განახლებადი წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.

    „ჯერ კიდევ საოლქო საარჩევნო კომისიებში გრძელდება ოქმების შემოსვლა. როგორც მოგეხსენებათ ოქმების ატვირთვა ხდება მხოლოდ უბნების მიერ ყველა პროცედურის დასრულების შემდგომ. საოლქო საარჩევნო კომისიაში მიტანის შემდეგ ოფიციალური ოქმების სისტემაში შემოსვლის შედეგად ხდება ოფიციალური წინასწარი შედეგების დათვლა, თუმცა არის რამდენიმე უბანი, რომელზეც ჯერ კიდევ პროცესი დასასრულებელია და კიდევ ველოდებით ოქმების შემოსვლას, შესაბამისად, სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში გვექნება განახლებადი შედეგები ლაივ რეჟიმში, და თქვენ  გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ ინფორმაცია ეტაპობრივად წინასწარი შედეგების შესახებ“, - განუცხადა მედიას ცესკოს თავმჯდომარემ.

    მან, დღესვე საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებზეც ისაუბრა. თამარ ჟვანიას თქმით, ამ ეტაპზე საჩივრების რაოდენობა 289-ს შეადგენს.

    „საჩივრების შეტანას აქვს წესი. ოქმის შედგენიდან ორი დღის განმავლობაში ისინი შეიძლება წარდგენილ იქნას საოლქო საარჩევნო კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიები მას იხილავენ ორი დღის ვადაში. საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში იყო მზად მოეხდინა რეაგირება ნებისმიერ, პროცედურული ხასიათისა და თუ სხვა ტიპის, ხარვეზზე. საჩივრები, რომლებსაც ექნება არსებითი საფუძვლები, და არა მხოლოდ ისინი - ყველა მათგანი იქნება განხილული და გვექნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული კანონით დადგენილ ვადაში“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგის ბოლოს.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.

    სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. შესაბამისად, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

    არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

    „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მეორე ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

    პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

    იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

    საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

    საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

    ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

  • საარჩევნო ადმინისტრაცია პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

    დღეს, მედიასაშუალებებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის #2-ე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე და წევრები საარჩევნო ყუთში ყრიდნენ ბიულეტენებს და თითქოს ამომრჩეველს უბანზე დახვდა გამზადებული და შემოხაზული ბიულეტენი, არის ცრუ ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს პარტიების წარმომადგენლებს შესწავლის გარეშე და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გააკეთებენ განცხადებებს, რამაც შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო პროცესი და საფუძვლის გარეშე მოახდინოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების დისკრედიტაცია.

    მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მშვიდად და დაუსაბუთებელი ბრალდებების გარეშე გააგრძელონ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება. 28 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ემსახურება ამომრჩევლებს და იცავს თითოეული მათგანის ნებას. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც დემოკრატიულად ორგანიზებული არჩევნები და მცირე ხარვეზები ვერ მოახდენს გავლენას შედეგზე, თუმცაღა ეს ინციდენტიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არის ინტერპრეტირებული სიცრუე და ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. 

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისნის #2-ე უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ვაცხადებთ, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელიც შეამოწმა ნაკადის მომწესრიგებელმა და მას არ ჰქონდა მარკირება, სიაში მისი სახელის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა - რაც წარმოადგენს პროცედურულ ხარვეზს და ასეთ შემთხვევაში რეგისტრატორი კომისიის წევრი წერს ფაქტობრივი გარემოების აღმწერ ახსნა-განმარტებას. საკანონმდებლო პროცედურა განსაზღვრავს, რომ თუ რომელიმე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში შეცდომით ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, შესაბამისი ამომრჩეველი, რომლის გვარის გასწვრივაც ფიქსირდება ხელმოწერა, იმავე გრაფაში აწერს ხელს.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც მოითხოვა, რომ ამომრჩეველს მისცემოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რათა არ დარღვეულიყო მისი კონსტიტუციური უფლება, რაზეც უბნის თავმჯდომარემაც მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება. პარტიების წარმომადგენლებს კი ჰქონდათ უხეში მცდელობა ხელი შეეშალათ ამომრჩევლისთვის, რაც ცალსახად ჩანს გავრცელებულ კადრებშიც.  

    საარჩევნო ადმინისტრაციას მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ჰქონდა და ექნება კანონისმიერი რეაგირება ნებისმიერ გადაცდომაზე, მათ შორის ამ უბნის რეგისტრატორის ქმედებასა თუ სხვა პროცედურულ ხარვეზზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, ასევე წარიმართოს გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური