ცესკოს განცხადება კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 10:36

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ერთ-ერთი კანდიდატის განცხადება, თითქოსდა მისი წარმომადგენლების უფლებების განხორციელებას ექმნება საფრთხე. ამასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს და ხელს შეუწყობს კანონით დადგენილი მათი უფლებების თავისუფლად განხორციელებას.

ამასთან, დაკვირვების უფლების მქონე პირებს (დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები) ცესკო შეახსენებს, რომ მათ შეუძლიათ კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების შესაბამისი უბნის სიაში იდენტიფიცირების შესაძლებლობის კუთხით, დააკვირდენენ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას, მათ დამოწმებას და კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად განახორციელონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზემოხსენებული უფლების განხორციელება მოხდეს კენჭისყრის შენობაში აგიტაციისა ან ამომრჩეველზე რაიმე ზეგავლენის გარეშე, რათა დაცული იქნას ხმის მიცემის ფარულობისა და ნების თავისუფლად გამოხატვის ფუძემდებლური პრინციპები.

შესაბამისად, ცესკო მიმართავს დაკვირვების უფლების მქონე პირებს იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას და კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებას.

წაკითხულია 457 ჯერ

Related items

  • ცესკოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

    თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების შესახებ. მან ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა ეუთო/ოდირის იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2020 პარლამენტის არჩევნებისთვის გაითვალისწინა.

    კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი იყო. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას და ა.შ.

    დღეს გამართულ შეხვედრაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი, მოადგილე ლუსინე ბადალიანი, მისიის წევრები არჩევნების ანალიტიკოსი პიტერ მიხალიკი და სამართლებრივი ანალიტიკოსი მარლა მორი მონაწილეობდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან კი შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და პრეს-სპიკერი ესწრებოდნენ.

  • საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ

    საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.

    როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და  არჩევნებში მათ მონაწილეობას.

    „შეგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში შექმნილმა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. აღნიშნული პროექტის საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი რეგულაციები შევიდა, რაც ეტლით მოსარგებლე პირებს არჩევნებში მონაწილეობისთვის უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას უქმნის. კერძოდ, ახალი რეგულაციის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით“,-განაცხადა მიქელაძემ.

    მისივე თქმით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანება იმ უბნის სპეციალურ სიაში, ხოლო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

    „ვინაიდან წელს პირველად, პარლამენტის არჩევნებზე იქნება შესაძლებელი ამ უფლების გამოყენება, ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

  • ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდა იყოს გათვალისწინებული. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს და „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

    შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის შესაძლებლობები და რისკები, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება. ამ საკითხებზე დღეს გამართული მსჯელობა ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის   ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომ  სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან განიხილება.

    ცესკომ სწორედ ამ სამუშაო ჯგუფთან ერთად უკვე შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  • ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

    როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს.

    „შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა.

    ამასთან, გუშინ ცესკომ, საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის 3-ვე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.

  • ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.

    დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ,  ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისთვის. ამასთან, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

    ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

    კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ  და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

    აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

    რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ კენჭისყრის შენობაში შესვლის წესებს:

    ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.

    ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად.  თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.

    ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

    დადგენილება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ ყველასათვის ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

    საარჩევნო ადმინისტრაცია კი იმისათვის, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.

    ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური