ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 16:01

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს.

ომბუდმენის მიერ გავრცელებული ინფრომაციიდან ირკვევა, რომ ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს.

 


"2017 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ ჰანოვერისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 63 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.

 

პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა.

დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერმანიის მხრიდან განხორციელდა დეპორტაციის ადგილმდებარეობის ცვლილება. კერძოდ, დიუსელდორფის ნაცვლად, დასაბრუნებელი პირების დაბრუნების ოპერაცია განხორციელდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერიდან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაბრუნებელი პირების განთავსების პირობები. კონკრეტულად, ჰანოვერში აეროპორტის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო საკმაოდ დიდი ფართი, თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საკვები და დასაბრუნებელ პირებს (ესკორტის თანხლებით) პირველად მიეცათ მოსაწევად სპეციალურ ტერიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა.

ასევე დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს მისცეს საქართველოში სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს პრობლემის სისტემურ გადაჭრას. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მოახდინონ კომუნიკაცია ფრონტექსისა და დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირი საქართველოში გამომგზავრებამდე”- აღნიშნავს ომბუდსმენი.

წაკითხულია 2278 ჯერ

Related items

  • მე და ევროპა: ევროპის დღის აღსანიშნავად 9 მაისს ოთხი ქართული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 მაისს თავის Facebook-ის გვერდზე საქართველოს ოთხი რეგიონიდან ოთხი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას მოაწყობს. 
    ფილმები — საერთო სათაურით, „მე და ევროპა“ —  ევროპის დღეს იქნება ნაჩვენები. მათი მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველოს და ევროკავშირს ისეთი საერთო ღირებულებები აქვთ, როგორიცაა მრავალფეროვნება, თავისუფლება, თანასწორობა და დემოკრატია.
    ფილმების ყურებისას თქვენ არაერთ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. მათ შორის არიან: ირაკლი, მწყემსი და მზარეული კახეთის სოფელ უდაბნოდან, რომელიც გიჩვენებთ, თუ როგორ შეუძლია მრავალფეროვან თემს, გაამდიდროს ადამიანების ცხოვრება; თენგიზი რაჭიდან, რომელიც რადიოების კოლექციონერი და თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვის მაგალითია; ფეხბურთელები გურიიდან, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა შეძლეს; და აკაკი და ლეონორი, აქტიური მოქალაქეები ქუთაისიდან, რომლებიც უფრო ჯანსაღი და ეკომეგობრული საზოგადოების შექმნას ცდილობენ.

  • “ეს მეგობრობა ომზე დიდხანს გასტანს” — საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად

    რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ორი თვეა, ყოველი დღე უკრაინის ამბებით იწყება. სამწუხარო ცნობების ფონზე, ველით სასიკეთო სიახლეებს და ვიგებთ გმირობისა და სოლიდარობის ისტორიებს, რომლებიც ყველას აღგვაფრთოვანებს. უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოში ათასობით ადამიანი გაერთიანდა — რიგითი მოქალაქეები, მოხალისეები თუ ორგანიზაციები ჰუმანიტარულ ინიციატივებში ყოველდღიურად ერთვებიან.

    18 თებერვალს ხუთი უკრაინელი მეგობარი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა. 24 თებერვალს, როცა ომი დაიწყო, გუდაურში იყვნენ და სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს. უცხო ქვეყანაში დარჩენილებს საცხოვრებლად ფინანსური რესურსის მობილიზება და ამავე დროს, უკრაინაში დარჩენილი ოჯახი, მეგობრები და ქვეყნის ბედი ექცათ სადარდებლად.

    მოგვიანებით მეგობრების ნაწილი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან წავიდა, იულიანა და კატერინა კი საქართველოში დარჩნენ.

    ამ დროს გაიცნეს რუსუდან ცხომელიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და უკრაინის მოქალაქეებს საცხოვრებლის უფასოდ დათმობა შესთავაზა. გამოუვალ სიტუაციაში ბინის ძიება უკრაინელი ახალგაზრდებისა და რუსუდანის ოჯახს შორის მეგობრობის დასაწყისად იქცა.

    “ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას” — იულიანა

    პროფესიით სოციოლოგი იულიანა კიევში დაიბადა და გაიზარდა. ჰყავს კატა, რომელიც მამამისთან, კიევში დარჩა, დედა კი ირპინთან ახლოს ცხოვრობს. იულიანა მუდმივად ნერვიულობს, თუმცა იმითაც ბედნიერია, რომ ოჯახთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

    “ომის დაწყებისთანავე ოჯახის ჩატი შევქმენი და რამდენიმე საათში ერთხელ ვამოწმებ, როგორი მდგომარეობაა”, — გვიყვება იულიანა და დარწმუნებულია, რომ ომი მალე, უკრაინის სასიკეთოდ დასრულდება.
    “ამერიკული პრესა მუდმივად წერს, რომ რუს აგრესორებს გამოელევათ ძალა, აღჭურვილობა, მათი მორალური მდგომარეობაც არაა მტკიცე და ეს ყველაფერი იმედს მაძლევს, რომ ყოველივე მალე დამთავრდება. რთულია რამე განსაზღვრო, არავინ იცის, რუსეთი რას მოიმოქმედებს. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი გავლენას იქონიებს და სასურველ შედეგს გამოიღებს”.

    იულიანას სირთულეებთან გამკლავებაში კარგი სიახლეები, რუსუდანის ოჯახთან ურთიერთობა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა ეხმარება.

    “რუსუდანის და სულხანის ოჯახთან ურთიერთობა გვიმსუბუქებს დარდს, მაქსიმალურად ცდილობენ მხარდაჭერას, გარდა იმისა, რომ ფინანსურ საკითხებზე არ გვიწევს ფიქრი, მენტალურადაც გვიდგანან გვერდში. რუსუდანის ოჯახთან დავმეგობრდით და ეს გვეხმარება. ზოგადად, ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას.

    ამ დღეებთან გამკლავებაში უკრაინასთან დაკავშირებული კარგი ამბებიც მეხმარება, ცუდი ამბებიც გამოერევა, მაგრამ ვცდილობ, კარგი სიახლეებით მცირედი შვება ვიგრძნო. ვსაუბრობ მეგობრებთან და ოჯახთან ვიდეოზარით, ვნახულობ კატებს, სოციალურ მედიას ვამოწმებ და ვხედავ, რომ უკრაინაში ცხოვრება გრძელდება, ახალ რუტინაზე გადაეწყვნენ — ეს ყველაფერი თითქოს ნერვიულობას ამცირებს”, — ამბობს იულიანა

    “ომი არცერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს” — კატერინა

    კატერინა ომამდე ბელორუსიდან, რუსეთიდან და უზბეკეთიდან ლტოლვილებს ეხმარებოდა და ცდილობდა მათთვის ქვეყნის დატოვების სტრესი შეემსუბუქებინა — უწევდა სამართლებრივ დახმარებას, სოციალურ სერვისებზე წვდომას უადვილებდა, ახლა კი თვითონ აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში დროებით ლტოლვილად.

    “ჩვენ ომის გამო არ წამოვსულვართ, მაგრამ უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობის მოსპობის გამო, ლტოლვილებად ვიქეცით. ომამდეც ლტოლვილებს ვეხმარებოდი, მოხალისე ვიყავი და ვცდილობდი, ადამიანებისთვის ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. ახლა, როცა უკრაინის მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას და ევროპამ მისცა მათ იგივე შესაძლებლობა, მახარებს.”, — ამბობს კატერინა.

  • უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესია - საგარეო უწყება
    უვიზო მიმოსვლა ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია და ძალიან გვეამაყება, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციიდან უკვე 5 სრული წელი შეუსრულდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი თქმით, უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესია და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნიშნავს მოგზაურობის, მობილობის, განათლების მიღების, ბიზნეს და პროფესიული კავშირების გამყარების, ხალხებს შორის მეგობრული, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მეტ შესაძლებლობას, რასაც თვალსაჩინო შედეგები აქვს.
    დღემდე, უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა იმოგზაურა ევროპაში. არსებული მონაცემებით, 5 წლის განმავლობაში, ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებს საქართველოს 645,639 მოქალაქე 1,398,803-ჯერ ესტუმრა.
    დღეს, 28 მარტს, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა, რაც ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია.
    სავიზო ბარიერების გაუქმებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად მიმოსვლისა და მოგზაურობის მარტივად დაგეგმვის საშუალება მიეცათ, საქართველომ კი ევროკავშირის სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი განიმტკიცა და ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.
  • რუსების მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვების რაოდენობა იზრდება

    უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა ქალაქ ჩერნიგოვში, რუსეთის მიერ დაბომბილ საერთო საცხოვრებლის ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელთა შორის 3 ბავშვია. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამავე განცხადებით, გუშინ ჩერნიგოვში პურის მაღაზიასთან მომლოდინე მოქალაქეებსაც ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

    უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით კი რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა მარიუპოლის რეგიონში ომს გაქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის კოლონას, რის შედეგად არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც, მათ შორის ბავშვებიც.

    მარიუპოლის მერიის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს თეატრის შენობა ქალაქში, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ 11 მარტს რუსეთის არმიის მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი, 9 რუს ჯარისკაცში გაცვალეს.

     

  • რაგბი ევროპა 2022 | საქართველო VS პორტუგალია - 25:25

    რაგბი ევროპა 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 6 თებერვალს,  თბილისში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლა და ეს საინტერესო მატჩი ფრედ - 25:25 დასრულდა.
    უნდა აღინიშნოს, რომ ეს "ბორჯღალოსნების" მესამე ფრეა, რომელიც ამ გუნდებს შორის გამართულ 23 შეხვედრაში დაფიქსირდა. 2006 წელს თამაში ლისაბონში 11:11, ხოლო 2009 წელს კი თბილისში 20:20 დამთავრდა.

    პორტუგალიის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მაღალი დონის თამაში აჩვენეს და თბილისიდან ქულების წაღება დაიმსახურეს. რაც შეეხება, "ბორჯღალოსნებს", ისინი თავდადებით იბრძოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

    აქვე იმის დამატება შეიძლება, რომ ტრავმებისა და კოვიდ-პანდემიის გამო, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს რამდენჯერმე მოუწია გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილების შეტანა და მზადებამაც ფორს-მაჟორულ ვითარებაში ჩაიარა.

    პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ, "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

    ლევან მაისაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ამ თამაშისთვის ვერ შესძლეს საკუთარ პოზიციებზე პირველი ნომრის მოთამაშეების ჩამოყვანა. ჯამში, საქართველოს ნაკრებს 11 ასეთი მოთამაშე გამოაკლდა და ამის ძირითადი მიზეზი კოვიდი გახდა. "რაც ყველაზე ცუდია, მთელი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად ყოველ დღე გვიხდებოდა შემადგენლობის როტაცია. კოვიდი ქონდა შერკინების მწვრთნელსაც და დერეფანსა და შერკინებაში ვერცერთხელ შევძელით სრულყოფილი ვარჯიშის ჩატარება. გამოძახებული სამი ძირითადი კვაჭიდან, სამივე ამ მიზეზით გამოგვაკლდა. ამან დიდი გავლენა იქონია და 8 თუ 9 ჩვენი დერეფანი წავაგეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი პრაქტიკულად არ გვქონია. რამდენიმე მოთამაშემ წნეხს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ასეთი სურათი მივიღეთ“, - აღნიშნა ლ. მაისაშვილმა.

    “ბორჯღალოსნები” მომდევნო თამაშს 27 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ, 20 მარტს კი – ესპანეთს დაპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიასთანა და ესპანეთთან მატჩები ავჭალის სტადიონზე დაიგეგმა, რუსებთან შერკინებას კი "დინამო არენა" მიიღებს.

    რაც შეეხება საგარეო მატჩებს, ქართველი მორაგბეები 12 თებერვალს ამსტერდამში ნიდერლანდებთან ითამაშებენ, 12 მარტს კი, ბუქარესტში, რუმინეთთან.
    შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი 2021 წლის შეჯიბრთან ერთად, პარალელურად მსოფლიოს თასის (2023) საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. საკვალიფიკაციოში საქართველოს ნაკრები ხუთიდან ხუთი მოგებით ლიდერობს (24 ქულა) და უდიდესი ალბათობით, ევროპა 1-ის სახელით მოიპოვებს მსოფლიოს თასის საგზურს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და საკვალიფიკაციოდან მოხვედრილ კიდევ ერთ გუნდთან ერთად ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ეს სამეული 2019 წლის მსოფლიო თასზეც “ბორჯღალოსნების” ჯგუფში იყო.

    გიორგი ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური