დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 14 ოქტომბერი 2017 15:10

21 ოქტომბრის არჩევნებისთვის დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება. ამასთან დაკავშირებით ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

ანა მიქელაძის განცხადებით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, დააკვირდება 2 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20 დამკვირვებელი.

„საერთო ჯამში, თბილისის 9 სტამბაში დაიბეჭდება 9 546 450 ბიულეტენი. საარჩევნო ადმინისტრაციამ სტამბების შერჩევის პროცესში სხვა კრიტერიუმებთან ერთად ასევე გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, როგორიცაა ერთეულის კონკურენტუნარიანი ღირებულება, საბეჭდი დანადგარის ხარისხი და სტამბების დაცულობა. აღსანიშნავია, რომ ყველა შერჩეული სტამბა აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის  ბიულეტენი:

•           ერთი - ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად

•           მეორე - ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად 

•           მესამე - ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით, თითოეული სახის საარჩევნო  ბიულეტენი თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად 1088 მაჟორიტარული  განსხვავებული სახის ბიულეტენი დაიბეჭდება. ასევე, 64 სახის სხვადასხვა პროპორციული სიის და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერის არჩევნებისათვის 64 განსხვავებული სახის ბიულეტენი.

„აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე  ბიულეტენები მიეწოდება  208 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე)“,-განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდება როგორც ამომრჩეველთა  სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო  (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები.

საბოლოო მონაცემებით, ამ არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი.

წაკითხულია 416 ჯერ

Related items

  • ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. თამარ ჟვანია ცესკოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.

    თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

    რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არცერთმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.

    „ამ დროისათვის, თითქმის ყველა, 3702 საარჩევნო უბნის მონაცემი დათვლილია და შემაჯამებელი ოქმები ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე. ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილ 3 საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგები შემდეგია:

    №5 გრიგოლ ვაშაძე -    40.46%, (779 614 ხმა)

    №48 სალომე ზურაბიშვილი      59.54%, (1 147 106  ხმა)

    რაც შეეხება საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნების წინასწარ შედეგებს, 57 უბნიდან დათვლილია 54 უბანი და საზღვარგარეთ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

    №5 გრიგოლ ვაშაძე - 64. 27 %,  (5 216 ხმა)

    №48 სალომე ზურაბიშვილი  35.73%, (2 900 ხმა)

    „აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად.  საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ, უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ შემაჯამებელ ოქმებს სპეციალურ პროგრამაში. საღამოს, 22:00 საათისთვის უკვე დაწყებული იყო ცესკოს მიერ მიღებული ოქმების ვებ გვერდზე გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან  რამდენიმე საათში, კერძოდ კი 24:00 საათამდე გააცნო საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა  ცესკოს ვებგვერდზე და როგორც ოქმები, ისე განახლებული წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

    ანა მიქელაძემ მედიას ასევე  გააცნო ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით  307 საჩივარია შესული. „საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. საჩივრების  უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარზე საარჩევნო კომისიებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა მიქელაძემ.

    ბრიფინგის ბოლოს, ცესკოს პრეს-სპიკერმა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 1181 (32%) დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.

    თამარ ჟვანიას განცხადებით წინასწარი შედეგები შემდეგია:

    №5 გრიგოლ ვაშაძე - 195 305 ხმა (43%)

    №48 სალომე ზურაბიშვილი - 262 826 ხმა (57%)

    „პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ამომრჩევლებს, თითოეულ მათგანს, ვინც მივიდა და აქტიურად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს გახლდათ ძალიან მაღალი აქტივობა, თითქმის ორ მილიონამდე ამომრჩეველი იყო მზად, რომ დღეს დაეფიქსირებინა საკუთარი ნება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს იმისთვის რომ პროცესის გამჭვირვალობისთვის შეეწყოთ ხელი, მათ მთელი დღის განმავლობაში ასევე მთლიანად პროცესს გაუწიეს მხარდაჭერა. მინდა მადლიერება გამოვხატო მედიაწარმომადგენლების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ მთელი დღის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას, თითოეულ წევრს, მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ დიდი შრომისთვის, რომელიც მათ გასწიეს და რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

    როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა მედიასაშუალებას, საზოგადოებას, ლაივ რეჟიმში ექნება შესაძლებლობა მუდმივად განახლებადი წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.

    „ჯერ კიდევ საოლქო საარჩევნო კომისიებში გრძელდება ოქმების შემოსვლა. როგორც მოგეხსენებათ ოქმების ატვირთვა ხდება მხოლოდ უბნების მიერ ყველა პროცედურის დასრულების შემდგომ. საოლქო საარჩევნო კომისიაში მიტანის შემდეგ ოფიციალური ოქმების სისტემაში შემოსვლის შედეგად ხდება ოფიციალური წინასწარი შედეგების დათვლა, თუმცა არის რამდენიმე უბანი, რომელზეც ჯერ კიდევ პროცესი დასასრულებელია და კიდევ ველოდებით ოქმების შემოსვლას, შესაბამისად, სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში გვექნება განახლებადი შედეგები ლაივ რეჟიმში, და თქვენ  გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ ინფორმაცია ეტაპობრივად წინასწარი შედეგების შესახებ“, - განუცხადა მედიას ცესკოს თავმჯდომარემ.

    მან, დღესვე საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებზეც ისაუბრა. თამარ ჟვანიას თქმით, ამ ეტაპზე საჩივრების რაოდენობა 289-ს შეადგენს.

    „საჩივრების შეტანას აქვს წესი. ოქმის შედგენიდან ორი დღის განმავლობაში ისინი შეიძლება წარდგენილ იქნას საოლქო საარჩევნო კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიები მას იხილავენ ორი დღის ვადაში. საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში იყო მზად მოეხდინა რეაგირება ნებისმიერ, პროცედურული ხასიათისა და თუ სხვა ტიპის, ხარვეზზე. საჩივრები, რომლებსაც ექნება არსებითი საფუძვლები, და არა მხოლოდ ისინი - ყველა მათგანი იქნება განხილული და გვექნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული კანონით დადგენილ ვადაში“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგის ბოლოს.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.

    სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. შესაბამისად, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

    არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

    „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მეორე ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

    პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

    იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

    საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

    საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

    ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური