21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 15:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური  ანგარიში წარუდგინა. ანგარიში  საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ წელს. გვინდა ეს ყველაფერი გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენს ანგარიშში მოცემულია ის ღონისძიებები და ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას საარჩევნო პროცედურებში და რომლებმაც ძალიან წარმატებით  იმუშავა  საპილოტე რეჟიმში.  საბოლოო ჯამში დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენს მზაობას არჩევნების ჩასატარებლად და  ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს, არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანიამ ისაუბრა ქცევის კოდექსზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად 31 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი და შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება უსაფრთხო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ცესკოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე; დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ცესკოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც ერთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.

2017 წელს ცესკომ და სწავლების ცენტრმა, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის განახორციელეს 6 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 000-ზე მეტმა პირმა. აღსანიშნავია, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ სასწავლო პროექტების „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ კურსდამთავრებულები; ისინი, ასევე, მოხალისეებად ჩაერთნენ ცესკოს ახალი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განხორციელებაში.

მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემებისა და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადამოწმების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა პროექტის მეორე ეტაპი „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 166 აქცია გაიმართა, მათ შორის 20 – თბილისში. ინფორმირების შედეგად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმებისთვის ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით 27 სექტემბრის მდგომარეობით ისარგებლა – 319 079-მა ამომრჩეველმა.

საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგი არ აქვს. პარტიების ნაწილმა წარმომადგენელი ყველა დონის კომისიაში ელექტრონული წესით უკვე დანიშნა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

 

 

 

წაკითხულია 495 ჯერ

Related items

  • ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები

    ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
    პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
    „ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან  შედეგებს.
    ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
    ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.“

    შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა და ალხაზ კვიწინია გავიდნენ.

    აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 56% მივიდა, რაც ნიშნავს, რომ „არჩევნები“ ჩატარებულად მიიჩნევა. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გამოქვეყნება 12 საათისთვის არის დაგეგმილი.

    „საპრეზიდენტო კანდიდატების“ შტაბების მიერ დათვლილი ხმების საფუძველზე ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელი ალხას კვიწინია.

    კვიწინიას 100-დე ხმით ჩამორჩა ოლეგ არშბა, რომელმაც უკვე აღიარა დამარცხება და ალხას კვიწინიას წარმატება უსურვა.

    „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. ამ ინფორმაციას „სპუტნიკ-აბხაზია“ ავრცელებს.

  • ლიბერთისა და ფარმადეპოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

    დღეს, ლიბერთისა და სააფთიაქო ქსელ ფარმადეპო’-ს შორის  ხელი მოეწერა სოციალური პასუხისმგებლობის მასშტაბურ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, 6 აგვისტოდან ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები მთელი საქართველოს მასშტაბით, ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენას  საუკეთესო ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები  გავრცელდება ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად - გულსისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.  აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება ვრცელდება ფარმადეპოს ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების და/ან ფასდაკლებების და დაზღვევის გამოყენების შემთხევაშიც.

    ,,ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა 2018 წლიდან არაერთ ისეთ პროექტს მოიცავს, რომელიც სწორედ ჩვენს მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზრუნვას ითვალისწინებს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს, ჩვენს პარტნიორთან - სააფთიაქო ქსელ  ,,ფარმადეპო“-სთან ერთად შევძელით ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება და  დღეიდან პენსიონერები და სოციალური სარგოს მიმღები პირები საუკეთესო ფასად შეიძენენ საჭირო მედიკამენტებს. ჩვენ ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით ’’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ლევან თხელიძემ.

    ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გვერდში დაუდგეთ ჩვენს მომხმარებელს. ამ პროექტის ფარგლებშიც,  გავითვალისწინეთ სოციალური ბარათის მფლობელების საჭიროებები და ვეცადეთ  სწორედ მათ მოთხოვნებზე მორგებული საუკეთესო შეთავაზება შეგვექმნაიმედი გვაქვს, შევძელითმაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მედიკამენტებზე გაწეული ყოველთვიური ხარჯები’- განაცხადა კომპანია “გეფა”-ს საოპერაციო დირექტორმა, მიხეილ აბრამიძემ.

  • ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია RPM W.L.L. ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და შეიხმა მოჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ მოაწერეს.  

    მემორანდუმის თანახმად, კომპანია RPM W.L.L. დაინტერესებულია საქართველოში განახორციელოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკაში, მრეწველობაში, ნავთობისა და გაზის გადამუშავებასა და სხვ. კომპანიამ ასევე გამოხატა  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ოპერირების ინტერესი.  

    მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად.

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას 2018 წ. ანგარიში და 2019 წ. პრიორიტეტები წარუდგინა

    ოთხშაბათს, 1 მაისს,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამართა შეხვედრა 2016-2020 წწ. სტრატეგიის ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელებისას   2018 წელს მიღწეული შედეგებისა  და  2019 წლის პრიორიტეტების განსახილველად.  ეს სტრატეგიული დოკუმენტი ასახავს გაეროს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

     „საქართველო დღესაც ერთგულია გაეროსა და მისი საქმიანობისადმი. გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა და ეს სტრატეგია სრულ თანხმობაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებებსა და ღირებულებებთან. გარდა ამისა, ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბებული 2019-2020 წლების პრიორიტეტები ეხმიანება ჩემი მთავრობის სექტორული პოლიტიკის და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მიზნებს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაპირებების პირნათლად შესრულებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარების” სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების გზაზე 2018 წელს მიღწეული ედეგები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ გაეროს 16 სააგენტომ სტრატეგიული დოკუმენტის განსახორციელებლად 2018 წელს   41.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ხოლო 2019- 2020 წწ. იგეგმება 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.  მან მადლობა გადაუხადა დონორებს დახმარებისთვის.

    შეხვედრაზე განიხილეს გასულ წელს მიღწეული  შედეგები ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებაში:  დემოკრატიული მმართველობა; დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა; განათლება; ჯანდაცვა;  საზოგადოების უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება. თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად  დასახელდა:  

    • პარლამენტის საკანონმდებლო ღიაობის გაზრდის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მხარდაჭერა; 
    • შრომის უსაფრთხოების კანონის მიღება;
    • იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური და ტექნიკური  მხარდაჭერა, რომელიც  ყოველწლიურად   50 ათასზე მეტ ადამიანს ეხმარება იურიდიული დახმარების მიღებაში, ასევე კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობა;
    • საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედება;
    • 70 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება  მრავალმხრივი საფრთხეების ადრეულიშეტყობინების სისტემის განვითარებისათვის, და სხვ.

    შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში გაეროს სააგენტოების მიერ,   ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  • PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

    23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპანია PSP და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა.
    მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაჯილდოვდა 3 გამარჯვებული, რომელთაც PSP-ს მიერ 14 აპრილს გამოცხადებულ კონკურსში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. ქართული ენის დღეს PSP-ს მიერ გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს მარტივად შეეძლო. საკმარისი იყო მხოლოდ ქართული ანბანის ლამაზი კალიგრაფიით დაწერა და JLIB_HTML_CLOAKING ზე გამოგზავნა. კომპეტენტურმა ჟურიმ, რომელშიც PSP-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ხელნაწერთა წეროვნული ცენტრის და გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლები შედიოდნენ, სამი გამარჯვებული გამოავლინა ორშაბათს, 22 აპრილს.

    გამარჯვებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან: „საუკეთესო კალიგრაფიის“ სერტიფიკატის მფლობელი წალენჯიხელი ნონა მიქავა და „ყველაზე შემოქმედებითი“ ნამუშევრის ავტორი ქუთაისელი მაკა ბარდაველიძე პედაგოგები არიან, „ყველაზე ორიგინალური“ ნამუშევრის ავტორი ზუგდიდელი ჯესიკა ჩხაპელიაა. გამარჯვებულებს სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად გადაეცემათ პალიტრა L-სგან წიგნი „33 ემოცია“, ეროვნული ბიბლიოთეკისგან სასაჩუქრე ალბომი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან ალბომები “ქართული კალიგრაფია“ და „ქართული ხელნაწერი“, პოსტერი „ქართული ანბანი“ და კოსმეტიკური პროდუქციის ნაკრები კომპანია PSP-სგან.

    PSP-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი მრავალმხრივ ურთიერთობას ითვლისწინებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კამპანია „აჩუქე წიგნები“-ს ფარგლებში PSP-ს თანამშრომლების მიერ მუდმივად მოხდება სასწავლო წიგნების და მხატვრული ლიტერატურის შეგროვება, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ დიასპორებსა და მიზნობრივ ჯგუფებს გადასცემს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით PSP-ს აფთიაქებში მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი წიგნების შეგროვება- გადაცემის ორგანიზებას ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, ასევე რეგიონებში ბიბლიოთეკებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი მოსახლეობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

    „PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ბევრი სასიკეთო და ეროვნული საქმის გაკეთების საფუძველი გახდება და PSP წიგნიერებისა და განათლების გავრცელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“ - აცხადებენ PSP-ში.

    „ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების ჩართულობა წიგნიერების და განათლების ხელშემწყობ პროგრამებში, განსაკუთრებით ისეთი სერიოზული და ლიდერი კომპანია როგორიც PSP-ეა. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობის“ - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური