თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიტაუტას უმბრასას შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017 14:43

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვიტაუტას უმბრასას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ლიტვისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლიტველ კოლეგას საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სამაგალითო პარტნიორია და მომავალი წლიდან გარკვეული მიმართულებებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ლიტვის მხარემ თავდაცვის უწყებას რეფორმების განხორციელების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.

წაკითხულია 21 ჯერ

Related items

  • სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო

    სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) საქართველო პირველად მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა და ყურადღება მინისტერიალის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

    „21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი გეოპოლიტიკური რყევებით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლინდა კონვენციური და არა-კონვენციური გამოწვევების სახით. ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენზე - შავი ზღვისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

    მინისტრის შემდეგ მონაწილეებს SEDM-ის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ელეფტერიოს ანგელოპულოსმა მიმართა.

    მინისტერიალის მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაციაა.

    საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. ოფიციალურმა თბილისმა მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა.

    სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს რეგიონის მინისტრების შეხვედრისას ტირანაში (ალბანეთი) ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით. მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა (2005წ), აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა (2007წ), სერბეთი (2010წ) და მონტენეგრო (2010წ). დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. SEDM-ის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა მოქმედებს, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლების სატელიტური ურთიერთკავშირის (IMIHO) პროგრამა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციური ქსელი (SEESIM) და ქალი ლიდერები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში (FLSD).

  • გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

    საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. გმირთა მოედანზე გერმანელ კოლეგასთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.

    გვირგვინით შემკობის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ სამგლოვიარო მარშის და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების აკომპანირებით გაიმართა.

  • გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება

    საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

    საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნების ფონზე დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ვიზიტი მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კოლეგას გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების საკითხები განიხილეს. მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელ კოლეგას ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც მიაწოდა, რომლის განხორციელებასაც ქართული მხარე აშშ-სთან ერთად 2018 წლიდან იწყებს. საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით გერმანული მხარის მიერ გაწეულ დახმარებასაც შეეხო.

    საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ურსულა ფონ დერ ლაიენის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB), რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

  • თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს სემინარს მასპინძლობს

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარს მასპინძლობს.

    სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უწევს. კურსი თემაზე „ენობრივი მომზადებისა და ტესტირების სტანდარტიზაციის პროგრესის წინაპირობები: მიღებული გამოცდილება“ დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და BILC-ის ხელმძღვანელმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ტრეიკო სტოიკოვმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ინგლისური ენის სათანადოდ ფლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

    სემინარში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 54 დელეგატი მონაწილეობს. კურსი 5 ოქტომბერს დასრულდება.

    საქართველო პირველი ქვეყანა იყო, „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის “ (PFP) ქვეყნებს შორის, რომელმაც 2013 წელს აღნიშნულ ფორუმს უმასპინძლა. წელს კი, მას მეორედ პროფესიული სემინარის ფორმატში მასპინძლობს.

    ენის სერთაშორისო საკოორდინაციო ბიურო (BILC) ენობრივი მომზადებისა და ტესტირების საკითხებში ნატოს მრჩეველი ორგანიზაციაა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული თანამშრომლობის განმტკიცებასა და ნატოს მხარდაჭერის გაფართოებას ენობრივი კომპეტენციის, ენობრივი მომზადებისა და განათლების, ასევე, ენის ტესტირების სფეროში. BILC-ის ექსპერტები ქართულ მხარესთან 2005 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათი რეკომენდაციით დამოუკიდებელი ტესტირების ჯგუფი და ენობრივი მომზადების სკოლა ჩამოყალიბდა.

  • თავდაცვის მინისტრი ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. დღეს, ლევან იზორიასა და ქართული დელეგაციის წევრებს ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვიტალიუს ვაიკშნორასმა უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე თავდაცვის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესში. ლიტვის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებს.

    ლიტვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვაიკშნორასი საქართველოში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავს.

    ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ლევან იზორიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში".

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური