სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 16:41

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) საქართველო პირველად მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა და ყურადღება მინისტერიალის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი გეოპოლიტიკური რყევებით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლინდა კონვენციური და არა-კონვენციური გამოწვევების სახით. ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენზე - შავი ზღვისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის შემდეგ მონაწილეებს SEDM-ის თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ელეფტერიოს ანგელოპულოსმა მიმართა.

მინისტერიალის მიზანი რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაციაა.

საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. ოფიციალურმა თბილისმა მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს რეგიონის მინისტრების შეხვედრისას ტირანაში (ალბანეთი) ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით. მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა (2005წ), აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა (2007წ), სერბეთი (2010წ) და მონტენეგრო (2010წ). დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. SEDM-ის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა მოქმედებს, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლების სატელიტური ურთიერთკავშირის (IMIHO) პროგრამა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციური ქსელი (SEESIM) და ქალი ლიდერები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში (FLSD).

წაკითხულია 784 ჯერ

Related items

  • თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გენერალ-მაიორ ლორან მარბეფს ვიზიტისთვის, საფრანგეთს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

    შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. საუბარი შეეხო საჰაერო თავდაცვის, სამთო მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ კონტრიბუციას.

    შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს და რეგიონში არსებული საფრთხეები და უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.

  • სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა

    საწვრთნელ ბაზა მანავში, სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მე-19 ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა ჯვარედინი და სპეციალისტების მომზადება გაიარეს, ასევე შეისწავლეს მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკა და დაგეგმვის პროცესი. პროგრამა შემაჯამებელ სწავლებასაც მოიცავდა. მსმენელებმა ასევე გაიარეს კავშირგაბმულობის, საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება. საკვალიფიკაციო პროგრამისთვის შერჩეულ რეინჯერთა მხოლოდ 30%-მა შეძლო და დააკმაყოფილა კურსის ურთულესი გზა.

    კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და წარმატება უსურვა.

  • აშშ-ის ელჩი ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

    დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესტუმრნენ. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    ამერიკელ დიპლომატებს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. სტუმრები სასწავლო დაწესებულების შესახებ პრეზენტაციას გაეცნენ და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ვიზიტის დასასრულს აკადემიის რექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

     

  • ბაქომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს მკაცრი პასუხი გასცა

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ “აზერბაიჯანის არმიამ თავისი ჯარები ყარაბაღის სოფელ ფარუჰიდან გაიყვანა,“ კომენტარი გაუკეთა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ეს განცხადება სიმართლეს არ ასახავს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი ცნობით, ბაქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „სოფელ ფერუჰსა და მის ირგვლივ მდებარე გორებზე რაიმე პოზიციური ცვლილება არ მომხდარა, აზერბაიჯანის არმიას ამ ადგილებიდან უკან არ დაუხევია და რომ ეს ადგილები აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენს“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უსაფუძვლოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცება, თითქოს აზერბაიჯანის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და მის სამხედროებს შორის დაჭრილებიც იმყოფებოდნენ.

    “რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა ტერმინი “მთიანი ყარაბაღი, მაგრამ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციული რეგიონი სახელწოდებით “მთიანი ყარაბაღი“. აქედან გამომდინარე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ გამოთქმის გამოყენება, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობაა“, ხაზგასმულია ბაქოს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ შაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმია  ყარაბაღში შევიდა რუსული ჯარების მიერ კონტროლირებად და მათი პასუხისმგებლობის ზონაში რა, იქ შექმნა სადამკვირვებლო პუნქტები, ხოლო ამის პარალელურად კი ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღში სომხურ სამხედრო ფორმირებებს. გუშინდელ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმია რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ გავიდა ხსენებული ზონიდან.

     

  • დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს

    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსადა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში ესტუმრნენ და დედის დღესთან დაკავშირებით, ყვავილების თაიგული გადასცეს. დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა, მათ სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური